თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, გადამდგარი პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეში დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2011 წლის სექტემბერში, თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროს, ბაჩო ახალაიამ, რუსეთის ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, რამდენიმე პირის წამების და ასევე დაკავებულის სექსუალური ძალადობის ორგანიზება მოახდინა. პროკურატურისვე განცხადებით, ერთ–ერთი მსხვერპლი, გადამდგარი პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც წამება და მასზე განხორციელებული სექსუალური ძალადობა უძღოდა.
საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, „უშუალოდ ბაჩანა ახალაიას ორგანიზებითა და მონაწილეობით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომლის მიმართ ჩადენილია ცემის, წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტები“.
დღესვე, მთავარ პროკურატურაში ამ საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ ბაჩო ახალაიას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა ამნისტიის აქტით სასჯელი შეუმცირდა და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ამავე საქმეში სასამართლომ ასევე დამნაშავედ სცნო ბაჩო ახალაიას მინისტრობის პერიოდში მისი მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი, რომელსაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და მსჯავრდებულები არიან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე, №8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი და რეჟიმის განყოფილების უფროსი. თითოეულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ბაჩო ახალაიამ, რომელიც სასამართლო პროცესს დღეს არ დასწრებია, სოციალური ქსელით მოკლე განცხადება გაავრცელა და სასმართლოს განაჩენი მისთვის „შეურაცხმყოფელად“ შეაფასა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ასევე გასამართლებულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე.