(თბილისი, 1 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) - აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განყოფილების უფროსმა მაქსიმ გინჯიამ დღეს განაცხადა, რომ აფხაზური მხარე მზად არის საქართველოს ახალ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები განაგრძოს.
"თავდაპირველად აფხაზეთის ხელისუფლებამ თბილისში ხელისუფლების შეცვლა სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა, თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველოს დროებითი მთავრობა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა, აფზახურმა მხარემ გადაწყვიტა არ გაწყვიტოს ურთიერთობა თბილისთან და მასთან მოლაპარაკებები განაგრძოს", - განუცხადა მაქსიმ გინჯიამ "სივილ ჯორჯიას" 1 დეკემბერს.
"აფზახური მხარე იმედოვნებს, რომ მომავალში საქართველო და აფზახეთი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, განავითარებენ ურთიერთობებს თანასწორუფლებიანობის საფუძველზე", - განაცხადა გინჯიამ და დასძინა, რომ აფზახური მხარე არ აპირებს აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხი განიხილოს.
მომავალი მოლაპარაკებების საკითხის კომენტირებისას მაქსიმ გინჯიამ აღნიშნა, რომ აფხაზურ და ქართულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები ზაფხულში იყო დაგეგმილი, თუმცა უსაფრთხოების გარანტიების უქონლობის გამო გადაიდო.
მისი თქმით, თუ ქართული მხარე უზრუნველყოფს აფხაზური დელეგაციის უსაფრთხოებას, აფხაზური მხარე მზად არის თბილისში ჩამოვიდეს. "თუმცა ეს შეხვედრა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არის შესაძლებელი", - დასძინა მან.