Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჟვანია და კოკოითი დემილიტარიზაციაზე შეთანხმდნენ
/ 6 ნოე.'04 / 15:41
"სივილ ჯორჯია"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა 5 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც 20 ნოემბრამდე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას, მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას, ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხოციელებას და ეუთოს დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს. როგორც მოსალოდნელი იყო, სამხრეთ ოსეთის მხარემ კიდევ ერთხელ უარყო თბილისის მოთხოვნა როკის გვირაბის ერთოვლივი გაკონტროლების თაობაზე.

“სრულ დემილიტარიზაციაში ვგულისხმობთ ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალების გამოყვანას კონფლიქტის ზონიდან. მხოლოდ შერეული სამშვიდობო ძალები უნდა დარჩნენ იქ“, განუცხადა ზურაბ ჟვანიამ ჟურნალისტებს კოკოითთან შეხვედრის შემდეგ.
 
“ჩვენ ნათლად დავანახეთ მათ, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, თუმცა ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ ჩვენი არჩევანი ამ მიზნის მშვიდობიანი გზით მიღწევაა“, დასძინა მან.    
 
შეთანხმების ძირითადი დებულებებია:
• 20 ნოემბრამდე არასამშვიდობო ძალების
კონფლიქტის ზონიდან გაყვანა;
• მოსახლეობისა და ტვირთების თავისუფალი
გადაადგილება;
• ძალოვან უწყებებს შორის თანამშრომლობა;
• ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხილვა.
მოლაპარაკებების დროს ჟვანიამ განაცხადა, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას დიდი მხარდაჭერა აქვს ქვეყნის შიგნით და ასევე მზადაა კონფლიქტის მოგვარების მიზნით  უდიდეს დათმობებზე წავიდეს. თუმცა, აქვე დასძინა, რომ საქართველო კომპრომისებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე არ დაუშვებს.
 
ედუარდ კოკოითის განცხადებით, სამხრეთ ოსური მხარე მზად არის პოლიტიკური დიალოგისთვის. “ჩვენ აბსოლუტურად საწინააღმდეგო პოზიციები გვაქვს სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით. თუმცა, ამ საკითხს საერთოდ არ შევხებივართ შეხვედრის დროს“, განუცხადა კოკოითმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.
 
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მცდელობა ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლის სცენარი სამხრეთ ოსეთშიც გამოიყენოს წარუმატებლობისთვისაა განწირული. “აჭარის სცენარმა უკვე ვერ გაამართლა სამხრეთ ოსეთში“, დასძინა კოკოითმა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 5 ნოემბრის სოჭის მოლაპარაკებებს დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა. “მე არც მქონია ილუზიები ზურაბს [ჟვანიას] და იმ კაცს [ედუარდ კოკოითს] შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ერთ ნაბიჯსაც არ დგამს მოსკოვთან კონსულტაციების გარეშე“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
მოლაპარაკებები 5 ნოემბერს სოჭში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. მასში მონაწილეობა საქართველოს, სამხრეთ ოსეთის, ჩრდილოეთ ოსეთისა და რუსეთის მხარეებმა მიიღეს. რუსულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ლოშჩინინი წარმოადგენდა. საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი როი რივი ასევე დაესწრო შეხვედრას. ჟვანიასა და კოკოითს შორის ორმხრივი დიალოგიც გაიმართა.
 
6 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც სოჭის მოლაპარაკებებს “ძალიან კონსტრუქციულს“ უწოდებს. განცხადებაში ასევე საუბარია იმ ძირითად დებულებებზე, რომლებზეც შეთანხმება იქნა მიღწეული:
 
 20 ნოემბრამდე ყველა სამხედრო ნაწილის გამოყვანა, გარდა შერეული სამშვიდობო ძალებისა;

 20 ნოემბრამდე მხარეებმა უნდა წარადგინონ დეტალური ინფორმაცია პოლიციის ძალების შემადგენლობის შესახებ, მათი ადგილმდებარეობის ჩათვლით;

 მოსახლეობისა და ტვირთების თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა;

 იკრძალება რაიმე დამატებითი ძალების ან საგუშაგოების განთავსება კონფლიქტის ზონაში შერეული საკონტროლო კომისიისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე;

 კონფლიქტის მხარეების სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;

 შერეული საკონტროლო კომისიის უახლოეს სხდომაზე ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განხილვის დაწყება;

 ათი დღის ვადაში შერეული საკონტროლო კომისიის საგანგებო სხდომის გამართვა, რათა შეთანხმებების მიმდინარეობა შემოწმდეს.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მხარეები მიესალმდნენ რუსეთის და ეუთოს პოზიტიურ როლს კონფლიქტის მოგვარების საქმეში.
 
საქართველოს უშიშროების მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ, რომელიც ასევე იყო საქართველოს დელეგაციის წევრი, 6 ნოემბერს “სივილ ჯორჯიას“ განუცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ კონფლიქტის ზონაში ეუთოს დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდაზე.
 
მისი თქმით, ქართულმა მხარემ დააყენა როკის გვირაბის ერთობლივი გაკონტროლების საკითხი, რომელიც კატეგორიულად უარყო სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ.
 
“მომავალი მაღალი დონის მოლაპარაკებები 20 ნოემბრის შემდეგ გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი ან ადგილი ჯერ-ჯერობით უცნობია“, განუცხადა ბათუ ქუთელიამ “სივილ ჯორჯიას“. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17