მულკოევი (მარცხნივ) და ალხანოვი სასამართლომ 6 თებერვალს გაანთავისუფლა, თუმცა ათი დღის შემდეგ ისინი გაუჩინარდნენ. |
რუსეთის მედია 25 თებერვალს იუწყებოდა, რომ 19 თებერვალს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა ორი ჩეჩენი – ბექჰამ მულკოევი და ჰუსეინ ალხანოვი – დააკავა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ. რუსეთის განცხადებით, მულკოევი და ალხანოვი ჩეჩენი მებრძოლები არიან და ჩეჩნეთში ფედერალური ჯარების წინააღმდეგ იბრძოდნენ.
ბეკჰან მულკოევი და ჰუსეინ ალხანოვი ის ორი ჩეჩენია, რომლებიც საქართველოში მას შემდეგ გაუჩინარდნენ, რაც 6 თებერვალს თბილისის სასამართლომ მათი უდანაშაულობა ცნო და გაათავისუფლა.
ორი ჩეჩენი იმ 13 ჩეჩენს შორის იყვნენ, რომლებიც საქართველოს მესაზღვრეებმა 2002 წლის ზაფხულში საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის დააკავეს. ხუთი მათგანი რუსეთში იქნა ექტრადირებული. თუმცა, მულკოევი და ალხანოვი ექსტრადირებას გადაურჩნენ საქართველოში წარმატებული სასამართლო პროცესის შედეგად.
შვიდთვიანი სასამართლო პროცედურების შემდეგ უზენაეემა სასამართლომ გასულ მაისს გამოიტანა დადგენილება მულკოევისა და ალხანოვის რუსეთში ექსტრადიციის წინააღმდეგ.
თუმცა, დაკავებულები არ გამოუშვეს, რადგანაც ქართველი სამართალდამცავები მათ საზღვის უკანონო გადმოკეთასა და იარაღის ტარებაში ადანაშაულებდნენ. სასამართლომ ისინი 2004 წლის 6 თებერვალს, წელიწადნახევარის განმავლობაში პატრიმრობაში ყოფნის შემდეგ გაათავისუფლა.
საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილების ჯგუფმა 18 თებერვალს პანკისის ხეობაში აქცია გამართა და ბეკჰამ მულკოევისა და ჰუსეინ ალხანოვის გაუჩინარება გააპროტესტა.
ორი ჩეჩნის ნათესავები შიშობდნენ, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაიტაცეს და ფარულად გადასცეს რუსეთს.
თუმცა, საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები უარყოფენ ამ ვარაუდებს, სხვები კი დუმილს ამჯობინებენ.
“ამის შესახებ არაფერი არ ვიცი. ამიტომ, კომენტარის გაკეთება არ შემიძლია”, - განუცხადა უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა “სივილ ჯორჯიას”.
საქართველოს გენერალური პროკურატურა ანალოგიურ კომენტარს აკეთებს. “ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ორი ჩეჩენი რუსებმა საზღვარზე დააკავეს. ეს რუსეთის საინფორმაციო წყაროებიდან გავიგეთ”, - განუცხადა “სივილ ჯორჯიას” პაატა მსხილაძემ, გენერალური პროკურატორის წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და ექსტრადიციის საკითხებში.
ორი ჩეჩენის ადვოკატმა მალხაზ პატარაიამ ასევე განუცხადა “სივილ ჯორჯიას”, რომ იგი “ამ საკითზე კომენტარს ვერ გააკეთებს”, რადგანაც მას არ აქვს ინფორმაცია ბოლოდროინდელ მოვლენებზე ჩეჩნებთან დაკავშირებით. მეორე ადვოკატი ლია მუხაშავრია ასევე დუმილს ამჯობინებს.
საქართველოში ჩეჩნური დიასპორის ერთ-ერთი ლიდერი და თბილისში ჩეჩნეთის დე ფაქტო წარმომადგენლობის ყოფილი ხელმძღვანელი ხიზრი ალდამოვი ერთადერთი პიროვნება იყო, რომელიც საუბარზე დათანხმდა. იგი დარწმუნებულია, რომ საქართველომ ორი ჩეჩენი რუსეთს გადასცა.
“ის რომ თითქოს ისინი საზღვარზე დააკავეს აბსურდია. არავინ დაიჯერებს, რომ ისინი [მულკოევი და ალხანოვი] თვითონ წავიდნენ რუსეთის საზღვარზე. ისინი საერთოდ არ აპირებდნენ საქართველო დატოვებას”, - განუცხადა ხიზრი ალდამოვმა “სივილ ჯორჯიას”.
საქართველოს ჩეჩნურმა დიასპორამ უკვე გაუგზავნა წერილი საქართველოს პრეზიდენტს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს და სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებს, რომელშიც საქმის გამოძიებას მოითხოვენ. თუმცა, ჩეჩნებს მცირე იმედები აქვთ, რომ მათ შეშფოთებას ხელისუფლება გაიზიარებს.
პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები შიშობენ, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ბოლო დროს დამთბარი ურთიერთობები, რაც მოსკოვში პრეზიდენტ სააკაშვილის შემდეგ შეინიშნება, ჩეჩნების უსაფრთხოებზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს.
ორი ჩეჩენის გაუჩინარების უცნაური ისტორია ადამიანთა უფლებების ევროპის სასამართლოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტს დაემთხვა, რომელიც თბილისში 13 ჩეჩნის საქმის შესასწავლად ჩამოვიდა.
2003 წლის 16 სექტემბრის მოსმენის შემდეგ ევროპის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 13 ჩეჩნის მიერ შეტანილი სარჩელი განეხილა. ჩეჩნები ირწმუნებიან, რომ მათი ხუთი თანამემამულის გადაცემა რუსეთისთვის უკანონოდ მოხდა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოსა და რუსეთს უჩივიან..
ხიზრი ალდამოვის განცხადებით, მიუხედავად მრავალი მცდელობისა საქართველოს ჩეჩნურმა დიასპორამ ვერ გაარკვია ექსტრადირებული ჩეჩნების ბედი. “ვფიქრობ, ისინი მკვდრები არიან”, - განაცხადა ალდამოვმა.
ევროპის სასამართლოს დელეგაციას, რომელიც საქართველოდან რუსეთში გაემგზავრა შემდგომი გამოძიებისთვის, ეცნობა მულკოევისა და ალხანოვის გაუჩინარების თაობაზე.
ეს ჩეჩნების გაუჩინარება პირველი შემთხვევა არ ყოფილა საქართველოში. 2003 წლის 12 თებერვალს პანკისში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილი ადამ თალალოვი სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.
ასევე უცნობია ჩეჩენი ლტოლვილის ჰუსეინ იუსუფოვის ადგილსამყოფელი, რომელიც 2002 წელს გაუჩანარდა, მას შემდეგ რაც უშიშროების სამინისტროს დაკავების საკნიდან გამოუშვეს.