Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცხინვალში ცეცხლის გახსნამ სამშვიდობო პროცესს საფრთხე შეუქმნა
/ 21 სექ.'05 / 15:42
"სივილ ჯორჯია"

ცხინვალში 20 სექტემბერს სამი ნაღმის აფეთქების შედეგად ათამდე ადამიანი, მათ შორის ორი წლის ბავშვი, დაშავდა. ეუთომ უკვე დაგმო ინციდენტი და მას "ცივილიზებული ქცევის ყველა ნორმების წინააღმდეგ“ მიმართული ქმედება უწოდა.

ინციდენტი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო "დამოუკიდებლობის“ 15 წლის იუბილეს და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებში ვიზიტს დაემთხვა.

ცხინვალის დაცხრილვის ფაქტი ორივე მხარემ დაადასტურა, თუმცა ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდება იმაზე, თუ ვინ გახსნა ცეცხლი.

"ერთი ნაღმი სახლს მოხვდა [ცხინვალში]. ახლა იმ ადგილს ვადგენთ, საიდანაც გასროლა მოხდა“, – განაცხადა კონფლიქტის ზონაში განლაგებული შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურმა მარატ კულახმეტოვმა 21 სექტემბერს.

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, ნაღმტყორცნებიდან ცხინვალის დაცხრილვა საღამოს 7 საათზე ქართული სოფლებიდან ერგნეთიდან და ნიქოზიდან განხორციელდა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ უარყო სამხრეთ ოსეთის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და მას "დეზინფორმაცია“ და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ დადგმული "პროვოკაცია“ უწოდა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავამ უფრო ფრთხილი განცხადება გააკეთა. მან თავი აარიდა პირდაპირ სამხრეთ ოსეთის მხარის დადანაშაულებას. "მე არ ვიცი ვინ გააკეთა ეს. მაგრამ ისინი, ვინც ეს გააკეთეს საქართველოს მტრები და დეგენერატები არიან“, – განაცხადა ხაინდრავამ 21 სექტემბერს.

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი რუპელმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ "მძიმე ტექნიკიდან სროლების განხორციელება დასახლებულ პუქტებში არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სერიოზული დარღვევაა, არამედ ცივილიზებული ქცევის და წესიერების ყველა ნორმის წინააღმდეგაა მიმართული. ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ვგმობ ამ ქმედებას“.

სამხრეთ ოსეთის მხარემ 21 სექტემბერს განაცხადა, რომ ცხინვალი აღარ მიიღებს მონაწილეობას ქართულ–ოსური კონფლიქტის დარეგულირებაზე მომუშავე შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) მუშაობაში.

"სანამ ოფიციალური თბილისი ბოდიშს არ მოიხდის, ჩვენ შსკ–ს ფარგლებში მუშაობას შევწყვეტთ. ამ სიტუაციაში რთულია საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან შეხვედრაზე საუბარიც“,– იტყობინება სამხრეთ ოსეთის პრესისა და ინფორმაციის კომიტეტი დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის სიტყვებზე დაყრდნობით.

ნოღაიდელი–კოკოითის შეხვედრა სექტემბრის ბოლოს იგეგმებოდა. ასევე სექტემბრის ბოლოს იგეგმებოდა შსკ–ს სხდომის გამართვა ვლადიკავკაზში, სადაც კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება და დემილიტარიზაციის საკითხები უნდა განეხილათ.

მოულოდნელი ვიზიტი

ცხინვალის დაცხრილვას 20 სექტემბერს წინ უძღოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის და სხვა ოფიციალური პირების ჩასვლა კონფლიქტის ზონაში.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაურის ლევან ნიკოლეიშვილის და "ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე გავლენიანი დეპუტატის თანხლებით 20 სექტემბერს დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებს ეწვია.

ხეობაში ყოფნის დროს საქართველოს დელეგაციამ კონფლიქტის ზონაში გამავალი ცენტრალური გზა გადაკეტა და ცხინვალიდან როკის გვირაბისკენ მიმავალი რუსი მოქალაქეები არ გაუშვა. რუსი მოქალაქეების ჯგუფი ცხინვალიდან, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის "დამოუკიდებლობის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის შემდეგ, ჩრდილოეთ ოსეთისკენ მიემართებოდა.

ქართულმა ტელეკომპანიებმა გადასცეს კადრები, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ესაუბრება საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაური ლევან ნიკოლეიშვილი რუსეთის მოქალაქეებს და სთხოვს მათ საქართველოს ვიზების წარმოდგენას. "თქვენ არ გაქვთ საქართველოს ვიზები. აქ ჩამოსვლისას მიმართეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიზებისთვის?..რატომ არ მიმართეთ?“, - ეკითხებოდა ნიკოლეიშვილი რუსეთის მოქალაქეებს.

შერეული სამშვიდობო ძალების მეთაური გენერალ-მაიორ მარატ კულახმეტოვი, რომელიც ადგილზე რუსეთის მოქალაქეების დაკავებიდან რამდენიმე წუთში გაჩნდა, ცდილობდა დაერწმუნებინა საქართველოს ოფიციალური პირები, რომ გზის გადაკეტვა კონფლიქტის ზონაში მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებების დარღვევას ნიშნავდა.

"საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჩამოსვლამ კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა გაზარდა“,– განუცხადა მან ჟურნალისტებს.

რუსეთის მოქალაქეების ჯგუფმა ჩრდილოეთ ოსეთისკენ გადაადგილება მხოლოდ ორსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ შეძლო.

"ამჯერად, ჩვენ ისინი გავუშვით. ეს ჩვენი კეთილი ნების გამოხატულება იყო. ისინი იყვნენ რუსი პარლამენტარების თანაშემწეები... ვეცდებით უფრო საინტერესო ადამიანები ვიპოვოთ, [ალექსეი] მიტროფანოვი [რუსეთის სათათბიროს წევრი], [სერგეი] ბაღაფში [აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი] და ა.შ.“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილმა.

"ეს ბოლოჯერ გამოვხატეთ ჩვენი კეთილი ნება. ჩვენ აღმოვფხვრით ამგვარ უკანონო გადაადგილებებს ჩვენს ტერიტორიაზე. ეს ადამიანები აქ ქურდებივით იპარებიან“,– დასძინა ოქრუაშვილმა.

"დამოუკიდებლობის“ აღნიშვნა

ეს ორივე ინციდენტი კონფლიქტის ზონაში დაემთხვა ცხინვალში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებს. სამხედრო აღლუმმა ცხინვალში და რუსეთის ოფიციალური პირების მონაწილეობამ საზეიმო ღონისძიებებში თბილისის პროტესტი გამოიწვია.

სამხედრო აღლუმს ასევე დაესწრო აფხაზეთის დელეგაცია დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის ხელმძღვანელობით, დნესტრისპირეთის და მთიანი ყარაბაღის დელეგაციები. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე იყვნენ რუსი პარლამენტარები კონსტანტინე ზატულინი და მიხეილ მარგელოვი, ასევე ყარაჩაი-ჩერქეზეთის პრეზიდენტი მუსტაფა ბატდიევი.

ორი დღით ადრე, 18 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ლიდერმა თეიმურაზ მამსუროვმა ცხინვალში ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა ისწრაფვის შეინარჩუნოს ოსეთის ერთიანობა.

ამან უბიძგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის თავმჯდომარეს და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ცალ-ცალკე განცხადებები გაეკეთებინათ რუსეთის ნეგატიური როლის თაობაზე.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეაფასა ეს ქმედება, როგორც რუსეთის მხარის არამეგობრული და რეგიონში სეპარატიზმის ხელშემწყობი ნაბიჯი“, – ნათქვამია 21 სექტემბერს საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ და პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ძირითადად სამხედრო აღლუმზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც ცხინვალში ტანკებისა და ჯავშანტექნიკის მონაწილეობით ჩატარდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება კრძალავს მძიმე ტექნიკის არსებობას კონფლიქტის ზონაში.

"ცხინვალში გამართული სამხედრო აღლუმი 1992 წლიდან ხელმოწერილი ყველა შეთანხმების დარღვევას ნიშნავს, ეს იყო უკანონობის, მსოფლიო საზოგადოების დამცირების ზეიმი და სამშვიდობო ძალების იგნორირება“,– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 20 სექტემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ აღნიშნა, რომ ცხინვალში მძიმე ტექნიკის შეყვანა იმ ფაქტზე მიანიშნებს, რომ რუს სამშვიდობოებს არ შესწევთ უნარი თავიდან აიცილონ შეთანხმებების დარღვევა. "ჩვენ უნდა დავაყენოთ სამშვიდობო მისიის არსებული მანდატის შეცვლის საკითხი“, - განაცხადა ხაინდრავამ 20 სექტემბერს პრეს-კონფერენციაზე.

ამავდროულად, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ 21 სექტემბერს განაცხადა, რომ ქართული მხარე სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციის მოწვევას გეგმავს, სადაც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იქნება განხილული. ანალოგიური კონფერენცია საქართველოს ხელისუფლებამ უკვე ჩაატარა ივნისში, თუმცა მას შემდეგ რაიმე პროგრესი მხარეებს შორის ნდობის აღდგენის კუთხით არ შეინიშნება.     

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20