Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ზურაბიშვილი პოლიტიკური კარიერისთვის ემზადება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 ოქტ.'05 / 18:35

ზურაბიშვილმა მხარდამჭერებს განუცხადა: "არ
შეგეშინდეთ...არჩევნები მოვა". 

საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა 20 ოქტომბერს თბილისში "ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ყველაზე მასშტაბური აქციის გამართვა შეძლო, სადაც საზოგადოებას საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყება ამცნო.

სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 19 ოქტომბერს "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების უკომპრომისო მოთხოვნის შედეგად თანამდებობიდან გაათავისუფლა. გავლენიანმა დეპუტატებმა სალომე ზურაბიშვილი სამინისტროს არასწორად მართვაში, ელჩებთან კოორდინაციის ნაკლებობაში და სამინისტროში არსებულ ფავორიტიზმში დაადანაშაულეს. თუმცა ზურაბიშვილმა, რომელმაც კატეგორიულად უარყო ეს ბრალდებები, მის წინააღმდეგ "კარგად დაგეგმილ კამპანიას ნეო-კომუნისტული სისტემის წარმომადგენლების მიერ“ მასზე განხორციელებული თავდასხმა უწოდა.

19 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე სალომე ზურაბიშვილის სატელევიზიო მოწოდებას 20 ოქტომბერს ხანმოკლე აქციის გამართვის შესახებ, დღეს ათასობით საქართველოს მოქალაქე გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ თავისი მომავალი გეგმები ჯერ განსაზღვრული არ აქვს, თუმცა აქციაზე გაკეთებულმა განცხადებებმა ნათლად მიანიშნა პოლიტიკაში ზურაბიშვილის სავარუდო ოპოზიციურ მიმართულებაზე. 

"ეს არ არის პოლიტიკური შეკრება... ჩვენ არ გვინდა კიდევ ერთი რევოლუცია. ჰქონდა საქართველოს თავისი რევოლუცია და ეს იყო სწორი გზა, მაგრამ ამ გზას გადაუხვიეს. რატომ, მე ვერ გეტყვით, თუმცა მაქვს გარკვეული მოსაზრებები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე თავის ხანმოკლე სიტყვაში. 

"არ შეგეშინდეთ, არ დაიზაროთ, დაიწყეთ მუშაობა და არჩევნები მოვა“, - განაცხადა მან.

“ხალხი, რომელსაც უნდა დემოკრატია, რომელსაც უნდა ევროპული ცივილიზებული წყობა, არის აქ. საქართველოსთვის და თქვენი შვილებისათვის მე ეხლა დავიწყებ ახალ ცხოვრებას თქვენთან ერთად წყნარად, როგორც ცივილიზებულ ქვეყანაში... ეს არის ნიშანი, რომ ძალიან ძლიერი ძალა მოვა“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა იპოდრომზე შეკრებილ მრავალრიცხოვან მოსახლეობას.  

"დღეს მე მინდოდა შეხვედრა თქვენთან, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველოში ქაჯები კი არ მოდიან, ქაჯები მიდიან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

19 ოქტომბერს გათავისუფლებიდან ცოტა ხანში გაკეთებულ განცხადებაში სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს "ქაჯები“ უწოდა, რომლებიც მის წინააღმდეგ "კარგად დაგეგმილი“ კამპანიის უკან იდგნენ.

გამოხმაურებები

20 ოქტომბერს იპოდრომზე შეკრებილმა
ათასობით ადამიანმა ზურაბიშვილის მიმართ
თანადგომა გამოხატა. 
ყველა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ დაგმო მთავრობის გადაწყვეტილება ზურაბიშვილის გადაყენების თაობაზე. ზოგიერთმა მათგანმა ეს გათავისუფლება საქართველოს ხელისუფლების დასავლეთისკენ ორიენტირებული საგარეო კურსის ცვლილებადაც შეაფასა.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლების ერთადერთი პოზიტივი იყო მისი საგარეო პოლიტიკა, კონკრეტულად კი მისი მკაფიოდ დასავლური ორიენტაცია და პრინციპული პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. თუმცა სალომე ზურაბიშვილის გათავისუფლებით ამას ბოლო მოეღო. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ზურაბიშვილი მსხვერპლად შესწირა კრემლს“, - განაცხადა "ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ 20 ოქტომბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე. 

თუმცა, დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ამ განცხადებებს "არასერიოზული“ უწოდა.

ოპოზიციური "რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ასევე გააკრიტიკა ხელისუფლების ნაბიჯი და განაცხადა, რომ მოხარული იქნება თუ სალომე ზურაბიშვილი პარტიას შეუერთდება.

"რესპუბლიკურ პარტიას ბევრი ლიდერი ჰყავს, ამ წრის გაფართოება სასურველია, მაგრამ ქალბატონი სალომე ჯერ თავად უნდა ჩამოყალიბდეს, მკაფიოდ გააცნოს [საზოგადოებას] თავის სამომავლო გეგმები. წელიწადნახევარი იგი [სალომე ზურაბიშვილი] იმ მთავრობის წარმომადგენელი იყო, რომლის წინააღმდეგაც ჩვენ გამოვდიოდით, ახლა მთავარი ქმედება უკვე მასზეა დამოკიდებული. ჩვენი მხრიდან წამოსული ინიციტივა პარტიის რიგებში გაწევრიანების თაობაზე არ იქნება სწორი“, - განუცხადა "სივილ ჯორჯიას“ დავით უსუფაშვილმა.

მისი მოსაზრებით, პარლამენტის მიერ სალომე ზურაბიშვილის გადაყენების მოთხოვნა ცალკეული დეპუტატების მხრიდან უფრო "პიროვნული გაღიზიანების გამოვლინებაა“.

"კონსერვატორების“ ლიდერმა, დეპუტატმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ თუმცა მისი პარტია ზურაბიშვილის დანიშვნის წინააღმდეგ იყო, იგი მის მიმართ სიმპათიით მას შემდეგ განიმსჭვალა, რაც "რუსეთთან დაკავშირებით პრინციპული პოზიცია დაიკავა“. დავითაშვილის განცხადებით, "სერიოზული საფუძველი არსებობს, რომ ზურაბიშვილმა მყარი ადგილი დაიმკვიდროს პოლიტიკაში".

"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ზურაბიშვილის გათავისუფლებას "ძალიან უსამართლო“ უწოდა. "მაღალის რანგის დიპლომატის გათავისუფლება არის საფრანგეთისა და ევროკავშირის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა მან.

თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ზურაბიშვილის ოპონენტებს შორის ერთ–ერთი ძირითადი იყო, 20 ოქტომბერსაც განაგრძო ყოფილი მინისტრის გაკრიტიკება და იგი ევროკავშირთან დაკავშირებით აქტიური საგარეო პოლიტიკის წარუმატებელ განხორციელებაში დაადანაშაულა.

"თუ ქალბატონი მინისტრი თვლიდა, რომ [ქვეყანაში] ასეთი კატასტროფული მდგომარეობაა, ასეთი საშინელი პარლამენტია, რომელიც ანგრევს ქვეყანას  და დასაშლელია, ამის თაობაზე განცხადება მას [ზურაბიშვილს] ან  მანამ უნდა გაეკეთებინა, სანამ გადადგებოდა ან ადრე უნდა წასულიყო ამ გუნდიდან... მაგრამ მე ნაკელბად მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც კრიტიკას მას შემდეგ იწყებენ, რაც მათ სავარძელი გამოეცლებათ“, - განუცხადა ჟურნალისტებს 20 ოქტომბერს ნინო ბურჯანაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის მხრიდან კრიტიკის და თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი "ლამის ოპოზიციურ მოძრაობას იწყებს... მაინტერესებს, ხალხი პოზიციაში ან ოპოზიციაში იმის მიხედვით არიან თანამდებობა ექნებათ თუ არა?“.

ბურჯანაძე ქვეყნისათვის იმ შესაძლებლობების ხელიდან გაშვებაზე საუბრობს, რისი იმედებიც ხელისუფლებას ზურაბიშვილის საგარეო უწყების ხელმძღვანელად დანიშვნის დროს ჰქონდა. თუმცა, მან არ დააკონკრეტა ექსმინისტრით იმედგაცრუების მიზეზები.

მანამდე, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველოს "წარმატებული საგარეო პოლიტიკა“ სალომე ზურაბიშვილის დამსახურება არ არის, არამედ პრეზიდენტის და პარლამენტის მიერ განხორციელებული პოლიტიკური კურსის შედეგია.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8