შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო დააპატიმრეს, განაცხადა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.
“გია ალანია კონსტიტუციული უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი და ამავე დეპარტამენტის ოფიცრები: ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ყაჭავა და მიხეილ ბიბილური – ამჟამად მიმდინარეობს მათი ამოცნობა და დაკითხვა. ჩვენ მოვიპოვეთ ნივთმტკიცებები, რომ სწორედ ამ ადამიანებმა ჩაიდინეს ეს დანაშაული“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა, თუმცა მკვლელობის მოტივი არ დააზუსტა.
"გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის, 28 წლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობა ყველაზე გახმაურებული საქმე გახდა, მას შემდეგ რაც სატელევიზიო სიუჟეტმა მიანიშნა, რომ საქმესთან კავშირში შესაძლოა იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი და ასევე მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლე. თუმცა მათი გვარები, რომლებიც 6 მარტს დააკავეს, ტელეკომპანია "იმედის“ 12 თებერვლის სიუჟეტში არ ფიგურირებდა.
"ეს საქმე იყო პირადად ჩემი პრესტიჟის საქმე, ამიტომ ჩემი დაჟინებული მოთხოვნით დანაშაულის გახსნამდე გამოძიებას აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, "დღეიდან საქმე გადაეცა გენერალურ პროკურატურას“, რომელიც დაასრულება გამოძიებას.
“ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილები იყვნენ [შსს–ს] გამოცდილი თანამშრომლები და ამიტომ წინასწარ გამოძიების დეტალებს არ ვახმოვანებდით“, – დასძინა მინისტრმა.