Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოქრუაშვილი რუსეთზე, ღვინოსა და კონფლიქტებზე საუბრობს
/ 2 მაი.'06 / 16:43
სივილ ჯორჯია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა კიდევ უფრო გაამწვავა რიტორიკა რუსეთის წინააღმდეგ და პირობა დადო, რომ თუ საქართველო 2007 წლის 1 იანვრამდე ვერ აღადგენს კონტროლს თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთზე, იგი თანამდებობას დატოვებს.

1 მაისს ტელეკომპანია "იმედის“ პოლიტიკურ თოქშოუში საუბრისას ოქრუაშვილმა რუსეთთან ურთიერთობებზე ისაუბრა და კითხვაზე, თუ რატომ რჩება საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, მან განაცხადა, რომ ამ კითხვაზე პასუხს "ზუსტად ერთ კვირაში“ გასცემდა. ამ საკითზე მეტი კომენტარის გაკეთებაზე მან უარი განაცხადა.

დამკვირვებელთა განცხადებით, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური წონა მას შემდეგ გაიზარდა, რაც პრეზიდენტმა მას ქართული ღვინისთვის ახალი ბაზრების მოძიება დაავალა.

ამ ახალმა დავალებამ ვარაუდები გამოიწვია იმის თაობაზე, რომ ოქრუაშვილმა შესაძლოა პრემიერ-მინისტრის პოსტი დაიკავოს. თუმცა, ოქრუაშვილმა ეს ვარაუდები კატეგორიულად უარყო.

"ჩემი მთავარი მიზანი, ჩემი მიზანი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნისა, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამაზე ღირებული მიზანი არ გამაჩნია და როგორც კი ეს ორი პრობლემა [აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები] მოგვარდება, მე პოლიტიკაში აღარ დავრჩები“, - განაცხადა ოქრუაშვილმა ტელეკომპანია "იმედის“ პოლიტიკურ თოქ შოუში "პირველები“.

ოქრუაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ადრე ერთხელ უკვე გაკეთებული განცხადება და აღნიშნა, რომ საქართველო ცხინვალის რეგიონზე კონტროლს 2007 წლის 1 იანვრისთვის აღადგენს.

"თუ ჩვენ 2007 წლის 1 იანვარს ახალ წელს ცხინვალში ვერ ვიზეიმებთ, მე აღარ ვიქნები საქართველოს თავდაცვის მინისტრი“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისი თქმით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტი მშვიდობიანი გზით მოგვარდება საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით. 

"მიმდინარე წელს რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იგეგმება; ესენია: დიდი რვიანის შეხვედრა და ნატოს სამიტი ნოემბერში და ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ ჩვენი მეგობრების დახმარებით და განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით“, - დასძინა ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილის მიერ რუსეთის მისამართით გაკეთებული უხეში განცხადებების გამო, როგორიც იყო "რუსულ ბაზარზე ფეკალური მასაც კი იყიდება“, ოპონენტებმა მას "პროვოკატორი“ შეარქვეს.   

ამ განცხადებამ ზოგიერთ ქართველ ღვინის მწარმოებელს შორისაც გამოიწვია უკმაყოფილება, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ დაიბრუნონ რუსული ბაზარი, რომელიც 27 მარტს დაიხურა, მას შემდეგ, რაც რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა განაცხადა, რომ ქართული ღვინო პესტიციდებს შეიცავს.  

თუმცა, ოქრუაშვილი, რომელიც სულ ახლახანს იმყოფებოდა უკრაინაში ღვინისთვის ახალი ბაზრის მოძიების მიზნით, აცხადებს, რომ ქართველმა ღვინის მეწარმეებმა უნდა დაივიწყონ რუსული ბაზარი და თავიანთი ვაჭრობის დივერსიფიკაცია დასავლურ ბაზრებზე მოახდინონ. 

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი არის "დაბალი დონის სამომხმარებლო ბაზარი“ და ბევრმა ქართულმა ღვინის კომპანიამ თავიანთი პროდუქციის ხარისხი უნდა გააუმჯობესოს.

ოქრუაშვილმა აღიარა, რომ მისი განცხადებები რუსეთის მისამართით ძალიან მკაცრია, "მაგრამ ერთადერთი ენაა, რომელიც რუსეთს ესმის“.

"რა თქმა უნდა, ასე არ უნდა ველაპარაკოთ არა მარტო რუსეთს, არამედ არავის. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის ერთადერთი ენა, რომელიც რუსეთს ესმის, ეს არის ერთადერთი ეფექტური ენა, რომლითაც შეიძლება რუსეთთან საუბარი. ეს მე მათთან ორი, თუ სამი წლის ურთიერთობის გამოცდილებით გავიგე“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ოქრუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი განცხადებების ერთ-ერთი მიზანი იყო მეტი საერთაშორისო ინტერესის მოზიდვა ქართული ღვინის პრობლემის გადასაჭრელად.  

"ჩემი განცხადებები რუსეთის შესახებ და ამ საკითხის წამოწევა იყო მცდელობა გარკვეული საერთაშორისო ეფექტისთვის მიმეღწია. ახლა, საერთაშორისო საზოგადოებამ იცის, რომ ეს არის კონფრონტაცია საქართველოსა და რუსეთს შორის, რადგანაც ზოგიერთებს რუსეთის ხელისუფლებაში არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ საქართველომ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას მიაღწია... და მათ არ მოსწონთ, რომ მათ ვერ შეძლეს ამ მაჩვენებლის შემცირება ენერგობლოკადის მოწყობით და გაზის ფასის გაზრდით“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ამავდროულად, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რუსეთის სპეცსამსახურები ახალქალაქში პროვოკაციების დაგეგმვაში დაადანაშაულა, რათა იქიდან რუსეთის სამხედრო ბაზის გაყვანის პროცესი შეფერხდეს.

"3 მაისს ახალქალაქში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია იგეგმება, რაც მიზნად ისახავს რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის პირველი ეტაპის შეფერხებას. ამ აქციის ორგანიზატორები არიან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

25 აპრილს ახალქალაქში უკვე გაიმართა მცირე აქცია რუსული სამხედრო ბაზის გაყვანის წინააღმდეგ. რუსეთის საგარეო უწყებამ 26 აპრილს განაცხადა, რომ ბაზიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანა ამ საპროტესტო აქციამ შეაფერხა. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
63