Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი და სოხუმი მოლაპარაკებებით კმაყოფილები არიან
/ 15 მაი.'06 / 17:32
სივილ ჯორჯია

15 მაისს თბილისში გამართულ განახლებულ საკოორდინაციო საბჭოს პირველ სხდომას თბილისი და სოხუმი კმაყოფილებით შეხვდნენ და განაცხადეს, რომ მოლაპარაკებების ეს ფორმატი მხარეებს შორის რეგულარული შეხვედრების გამართვის საშუალებას იძლევა.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა მონაწილეობდნენ თბილისში გამართულ შეხვედრაში, რომელიც გაეროს ეგიდით გაიმართა და რომელსაც გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ელჩებიც დაესწრნენ.

"ეს [ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭო] არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც ორივე მხარემ დაუჭირა მხარი და დღეს ჩვენ ვხედავთ [ამ ინიციატივის] შედეგს, ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ურთიერთობების და ჩვენი კონტაქტების ინტენსიფიკაცია ორმხრივ ფორმატში და ამ ურთიერთობების რეგულარული ხასიათი არის სამშვიდობო პროცესში პროგრესის მიღწევის საფუძველი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს [აფხაზ] კოლეგებს მათი სწრაფი გამოხმაურების და თბილისში ჩამოსვლისთვის“, - განაცხადა ხაინდრავამ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ბოლოს 2001 წელს შეიკრიბა, 1997 წელს შეიქმნა. მისი მიზანი უსაფრთხოების საკითხების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების და ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე მუშაობა იყო. საბჭოს ფარგლებში ასევე შეიქმნა სამი სამუშაო ჯგუფი რათა ამ სამივე მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას.

15 მაისს თბილისში გამართულ შეხვედრაზე მხარეები ამ სამუშაო ჯგუფების რეგულარულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. პირველი შეხვედრა მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში გაიმართება. სამუშაო ჯგუფების შეხვედრის ადგილებად სოხუმი, ზუგდიდი და გალი დასახელდა.

"ჩვენ საკითხების ფართო სპექტრი განვიხილეთ და შევთანხმდით კონკრეტულ დღის წესრიგზე იმ სამუშაო ჯგუფებისთვის, რომლებიც საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებობენ. ეს ფორმატი საშუალებას გვაძლევს უფრო ხშირად და რეგულარულად შევხვდეთ და მოვაგვაროთ მიმდინარე საკითხები, რადგანაც პროცესი მიდის, წარმოიშვება ყოველდღიური საკითხები, რომელთაც სწრაფი რეაგირება და გადაწყვეტა სჭირდებათ“, - განაცხადა ხაინდრავამ.

სერგეი შამბამ განაცხადა, რომ შეხვედრა პროდუქტიული და კონსტრუქციული იყო.

"ის საკითხები, რომლებიც დღეს განვიხილეთ, წინასწარ კარგად იყო მომზადებული ამგვარი კონსტრუქციული დიალოგისთვის და მათი მოგვარებისთვის. ამრიგად, რაიმე სერიოზული წინააღმდეგობა დღის წესრიგში მყოფ საკითხებზე არ გვქონია. საჭიროა მხოლოდ მათი [საკითხების] გაუმჯობესება და ჩვენ დავავალეთ სამუშაო ჯგუფებს იმუშავონ მათზე“, - განაცხადა სერგეი შამბამ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

თუმცა, ხაინდრავამ და შამბამ აღნიშნეს, რომ დევნილთა დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები ძალიან რთული მოსაგვარებელია.

"1994 წლის შეთანხმება ითვალისწინებს პრობლემის თანდათან მოგვარებას და იგი აღნიშნავს [დევნილთა დაბრუნებას] პირველ რიგში გალის რაიონში. ახლა, ჩვენ ამ პირველად ამოცანაზე ვმუშაობთ, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და რაც, ჩვენი აზრით, ჩვენი ბრალი არ არის. ჩვენ შესაძლოა გარკვეული შეუთანხმებლობა გვქონდეს ამ საკითხზე, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გარკვეულ პროგრესსაც მივაღწიეთ. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დახმარებით, ჩვენ შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა და მზად ვართ ეს გეგმა განვახორციელოთ. სამუშაო ჯგუფი, რომელიც ივნისში შეიკრიბება, ამ გეგმის განხორციელებაზე იმუშავებს“, - განაცხადა შამბამ.

მისი თქმით, "გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმა“ დევნილთა გალის რაიონში დაბრუნების შესახებ "ორწლიანი პროგრამაა“.

შეხვედრის დროს აფხაზურმა მხარემ ქართულ მხარეს სამშვიდობო გეგმა გადასცა, რომელიც მაისის დასაწყისში აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა წარადგინა.  

შამბას თქმით, აფხაზეთის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმა არის სოხუმის ხედვა "ჩვენს [ქართულ-აფხაზურ] მშვიდობიან თანაარსებობაზე“.

"ვფიქრობთ, არსებობს საკითხები, რომელთა განხილვაც დღესვე შეიძლება დავიწყოთ და რომლებზეც შესაძლებელია ურთიერთგაგების მიღწევა. ჩვენ ასევე გვესმის, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა და საზოგადოება გაგებით ვერ მოეკიდება გეგმაში გახმოვანებულ ყველა საკითხს, მაგრამ მზად ვართ მათზე ვიმუშაოთ, ჩვენ გვესმის, რომ ეს გრძელვადიანი პროცესია. ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ კონფრონტაციაში. ჩვენ უნდა გავკვალოთ გზა ურთიერთნდობისკენ. და ვფიქრობთ, რომ სამშვიდობო გეგმის ძირითადი ასპექტები ამგვარი მოძრაობის შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა შამბამ.

გიორგი ხაინდრავამ განაცხადა, რომ ორივე მხარის მიერ სამშვიდობო გეგმებზე მუშაობა დადებით ნაბიჯად უნდა იქნას მიჩნეული.

"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არსებობს განწყობა და სურვილი შეიქმნას, შემუშავდეს გეგმები, რომელიც კონფლიქტის ერთობლივად მოგვარების საშუალებას მოგვცემს. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე რაიმე სენსაციას არ ველით, მაგრამ ფაქტია, რომ ბატონმა შამბამ ჩამოგვიტანა დოკუმენტი თბილისში. ჩვენ ზედმიწევნით შევისწავლით ამ დოკუმენტს. თქვენ იცით, რომ ქართული მხარეც ამზადებს [აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების] საგზაო რუკას... მე არ მქონია შესაძლებლობა შემესწავლა ეს დოკუმენტი [აფხაზური მხარის მიერ მომზადებული სამშვიდობო გეგმა], მაგრამ მხოლოდ გადავხედე მას და შემიძლია ვთქვა, რომ არის საკითხები, რომლებიც შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც ურთიერთგაგების საფუძველი“, - განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, თბილისის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა იქნება "ნუსხა იმ ღონისძიებებისა, რომლებიც კონფლიქტის მოგვარებას დაეხმარება“.

"იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ჩვენი პოზიციების დაახლოებას, რაც მოგვცემს შესაძლებლობას განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვიპოვეთ პრობლემების მოგვარების ერთობლივი გზა“, - დასძინა ხაინდრავამ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
6