Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სამხრეთ ოსეთის რესტიტუციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტშია წარდგენილი
/ 19 მაი.'06 / 15:22
სივილ ჯორჯია

საქართველოს მთავრობამ გასულ კვირას პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მსხვერპლთა ქონების რესტიტუციის შესახებ. იმისათვის, რომ ძალაში შევიდეს დოკუმენტი, რომელსაც თბილისი კონფლიქტის მოგვარების პროცესის მთავარ ნაწილად მიიჩნევს, სამხრეთ ოსეთის მხარის თანხმობაა საჭირო.    

"ჩვენი ვალდებულება და მორალური პასუხისმგებლობაა მივიღოთ ეს კანონპროექტი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 15 მაისს.

რესტიტუციის შესახებ კანონის მიღების ვალდებულება საქართველომ 1999 წელს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, მარტში გამართული განხილვების დროს ვენეციის კომისია მიესალმა კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

კანონპროექტი აღიარებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებას სურვილის შემთხვევაში თავიანთ სახლებში დაბრუნებაზე  და ამტკიცებს მათ უფლებას საკუთრებაზე.

ოფიციალური თბილისის ინფორმაციით, კონფლიქტის შედეგად დაახლოებით 60 ათასი ეთნიკური ოსი იძულებული გახდა დაეტოვებინა ცხინვალის რეგიონი და საქართველოს სხვა ნაწილები. მათი უმეტესობა ჩრდილოეთ ოსეთში გადასახლდა. ე.წ სამხრეთ ოსეთი ასევე დატოვა დაახლოებით 10 ათასმა ეთნიკურმა ქართველმა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ზოგიერთი კვლევების მიხედვით, 90%-ზე მეტი ეთნიკური ოსი უარს აცხადებს საქართველოში დაბრუნებაზე იმ მოტივით, რომ მათი ქონება სხვების მიერაა დაკავებული.

ვენეციის კომისიის დელეგაცია 18 მაისს ცხინვალს ესტუმრა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ქონების რესტიტუციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა, იტყობინება ე.წ სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.

ცხინვალი მცირე ენთუზიაზმს იჩენს ქართული მხარის მიერ შეთავაზებული კანონპროექტის მიმართ. დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ბორის ჩოჩიევმა აპრილში დოკუმენტს საქართველოს ხელისუფლების "კიდევ ერთი PR კამპანია“ უწოდა, რომელიც რეალურად ვერ დაეხმარება ლტოლვილებს და იძულებით გადაადგილებულ პირებს. თუმცა, ჩოჩიევმა არ დააკონკრეტა, კერძოდ რომელი პუნქტები იყო მიუღებელი ცხინვალისთვის.

მარტში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა სამხრეთ ოსეთის მხარეს აქტიურად ჩაერთოს ქართულ მხარესთან რესტიტუციის შესახებ კანონპროექტზე მუშაობაში.

"მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას გაამხნევოს სამხრეთ ოსეთის მხარე გადადგას ეს ნაბიჯები ახლა“, - განაცხადა ეუთოში აშშ-ს ელჩმა ჯული ფინლიმ 27 მარტს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.

ქონების რესტიტუციის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს 18 წევრიანი სამმხრივი კომისიის შექმნას, რომელიც კონფლიქტის მსხვერპლთა მიერ წარდგენილ განაცხადებს განიხილავს.

ექვს ადგილს კომისიაში, რომელიც თბილისში განთავსდება, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაიკავებენ, თუმცა ეს საერთაშორისო ორგანიზაციები არ კონკრეტდება. შემდეგ ეს წევრები აირჩევენ ექვს-ექვს წევრს ქართული და სამხრეთ ოსური მხრიდან ღია კონკურსის საფუძველზე.

თავად საერთაშორისო ორგანიზაციებს და ასევე პოლიტიკურ პარტიებს, არა-კომერციულ ორგანიზაციებს და სულ ცოტა 50 მოქალაქისგან შემდგარ ჯგუფს შეუძლიათ დაასახელონ კანდიდატები კომისიაში ქართული და სამხრეთ ოსური კვოტების შესავსებად.

ის პირი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო 1990-1992 წლების კონფლიქტში, კომისიის წევრი ვერ გახდება. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს არ აქვთ კომისიის წევრობის უფლება, გარდა იმ პირებისა, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებს წარმოადგენენ კომისიაში.

კანონპროექტის თანახმად, კომისია, რომელიც ცხრა წლის ვადით შეიქმნება, იქნება დამოუკიდებელი ორგანო და ნებისმიერი ზეწოლა კომისიაზე დაისჯება.

კომისია წელიწადში ორჯერ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს და მთავრობას თავისი საქმიანობის შესახებ.

კანონპროექტი უფლებას ანიჭებს კომისიას თავისუფლად შევიდეს, შეამოწმოს ნებისმიერი ტერიტორია წინასაწარი შეტყობინების გარეშე, თუმცა სასამართლოს ორდერით.    

ნებისმიერ პირს, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, რომელმაც ქონებრივი ზარალი განიცადა შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, შეუძლია მიმართოს კომისიას კომპენსაციისა და რესტიტუციისთვის კომისიის მუშაობის დაწყებიდან შვიდი წლის ვადაში. კომისიამ საქმე წარმოებაში 15 დღის ვადაში უნდა მიიღოს.

საბოლოო გადაწყვეტილება კომისიამ საქმის წარმოებაში მიღების დღიდან ექვს თვეში უნდა გამოიტანოს. თუმცა, კანონპროექტის თანახმად, თუ საქმე გართულებულ საქმეს ეხება, საბოლოო გადაწყვეტილება ცხრა თვეში უნდა გამოცხადდეს.

კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

კონფლიქტის მსხვერპლი უზრუნველყოფილი უნდა იქნას ან ფინანსური კომპენსაციით, ან იმ მოცულობის ქონებით, რასაც ის კონფლიქტამდე ფლობდა. ფინანსური კომპენსაცია კომისიის გადაწყვეტილებიდან ერთი წლის ვადაში უნდა გაიცეს.

მსხვერპლს და მისი ოჯახის წევრებს ნახევარი წლის განმავლობაში უნდა მიეცეთ ყოველთვიური (მინიმალური სამომხმარებლო კალათის შესაბამისი) და ერთჯერადი (1500 ლარის ოდენობით) დახმარება, თუ პირი გადაწყვეტს დაბრუნებას და მუდმივად საქართველოში ცხოვრებას.

შემოთავაზებული კანონპროექტი არ შეიცავს რესტიტუციის პროცესის ფინანსურ გაანგარიშებას.

დოკუმენტის თანახმად, კომისიის ფონდი შესაძლოა დაფინანსდეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, უცხოური მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო პირების მიერ.     

ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, თუ როდის გეგმავს საქართველოს პარლამენტი კანონპროექტის განხილვას.

დოკუმენტის თანახმად, კანონი ძალაში 2007 წლის 1 იანვრიდან უნდა შევიდეს. კომისია კანონის ძალაში შესვლიდან ხუთ თვეში უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო განაცხადების მიღება კანონის ძალაში შესვლიდან ცხრა თვეში დაიწყება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40