23 მაისს კიევში გამართულ სამიტზე საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის და მოლდოვას მიერ ჩამოყალიბებული ახალი რეგიონალური ორგანიზაციის მთავარ პრიორიტეტებად დემოკრატიის, მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშეწყობა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია განისაზღვრა.
აშშ-ს მიერ მხარდაჭერილი არაოფიციალური გაერთიანება სუამის სახელწოდებით ახლა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების რეგიონალურ ორგანიზაციად გარდაიქმნა, რომლის შტაბბინაც კიევში განთავსდება. საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის და მოლდოვას პრეზიდენტებმა მიხეილ სააკაშვილმა, ვიქტორ იუშჩენკომ, ილჰამ ალიევმა და ვლადიმერ ვორონინმა სამიტზე ორგანიზაციის წესდებას მოაწერეს ხელი.
2006 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე უკრაინის პრეზიდენტი იქნება.
სუამის ლიდერთა სამიტს ასევე დაესწრნენ ლიტვის პრეზიდენტი ვალდას ადამკუსი, ასევე ბულგარეთის, რუმინეთის, აშშ-ს და ეუთოს წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ სუამი ახალ იმპულსს იძენს და თავის „საერთაშორისო რეპუტაციას“ ზრდის.
„ჩვენ მივესალმებით ინიციატივას და უკრაინის ხელმძღვანელობასაც და ჩვენც გვესმის, რომ თითოეული [სუამის წევრი] სახელმწიფო უნდა გახდეს ლიდერი იმ სფეროში, სადაც მას შეუძლია მაქსიმალურად წარმატებული იყოს“, - განაცხადა სააკაშვილმა სამიტის შემდეგ გამართულ პრეკონფერენციაზე.
მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად დაბრკოლებებისა, სუამის წევრი სახელწმიფოები „ძალიან დინამიურად“ ვითარდებიან.
„ბოლო დროს სუამის წევრი სახელმწიფოების საერთაშორისო რეპუტაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაძლიერდა“, - დასძინა მან.
„ჩვენ ევროპული ინტეგრაციისკენ ერთიანი პოლიტიკის შესახებ შეხედულების დემონსტრირება მოვახდინეთ ... გვინდა, რომ მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ საერთაშორისო არენაზე“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
„ჩვენ განვიხილეთ საერთაშორისო ტერორიზმთან, სეპარატიზმთან, ექსტრემიზმთან და ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული საკითხები... რომლებიც მიჩნეულია მნიშვნელოვან დაბრკოლებად დემოკრატიული განვითარების გზაზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ, თან იქვე დასძინა, რომ სუამმა ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება.
მოლდოვას პრეზიდენტმა ვლადიმერ ვორონინმა განაცხადა, რომ სუამი შეუერთდება სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარებისკენ მიმართულ მცდელობებს.
„სუამის ოთხი წევრიდან სამს ტერიტორიული პრობლემები აქვს. ჩვენ ვისწრაფვით ამ პრობლემების მოგვარების კონსოლიდირებული მიდგომისკენ“, - განაცხადა ვორონინმა.
ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობა
ერთობლივ პრესკონფერენციაზე სუამის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას, ენერგომატარებლების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხების ჩათვლით.
სამიტამდე ერთი დღით ადრე სუამის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნის შესახებ შეთანხმების განხორციელების თაობაზე.
„ეკონომიკური ემბარგოს ფონზე, ჩვენ შევთანხმდით შემოვიღოთ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს არის ძალიან კონკრეტული სარგებელი [სუამის] ყველა სახელმწიფოსთვის, ყველა მოქალაქისა და მწარმოებლისთვის, ასევე ექსპორტიორისა და იმპორტიორისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
იუშჩენკო ასევე მიესალმა შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, თუმცა განაცხადა, რომ საჭიროა სუამის წევრ სახელმწიფოებს შორის საბაჟო და სასაზღვრო ნორმების, ასევე სატარიფო პოლიტიკის ჰარმონიზება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობას. მისი თქმით, სუამის წევრი სახელმწიფოები წარმოადგენენ „ბუნებრივ სატრანსპორტო დერეფანს“.
„ენერგო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები მთავარი პრიორიტეტი ხდება რეგიონის განვითარების კუთხით. ეს საკითხები პირდაპირ კავშირშია ჩვენი დამოუკიდებლობის გაძლიერებასთან“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
უკრაინის ლიდერმა ასევე ისაუბრა ენერგო უსაფრთხოებაზე და აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის მონაწილეობა მიიღოს იმ პროექტებში, რომლებიც მიზნად ისახავს ცენტრალური აზიიდან ენერგო რესურსების ტრანსპორტირებას ევროპაში აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით.
„ახლა წარმოიშვება ახალი შესაძლებლობები ნავთობის ცენტრალური აზიიდან და კავკასიის რეგიონიდან ტრანსპორტირებისთვის. ჩვენ ასევე ვხედავთ უკრაინის სატრანზიტო ფუნქციებს კასპიის ნავთობის ევროპაში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა იუშჩენკომ.
„ევროკავშირის მომავალი წევრები - ბულგარეთი და რუმინეთი - შესაძლოა ასევე გახდნენ ჩვენი წევრები, რადგანაც ისინი კარგად მოერგებიან ენერგო დერეფნებს ჩვენი ორგანიზაციის ფარგლებში“, - განაცხადა მოლდოვას პრეზიდენტმა ვლადიმერ ვორონინმა.
დსთ-ს 'ალტერნატივა'
სუამის ლიდერთა სამიტი საქართველოს მიერ დსთ-ს კრიტიკის ფონზე იმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 13 მაისს განაცხადა, რომ „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ საქართველოს დსთ-დან გამოსვლის თაობაზე სავსებით ნათელია, „თუმცა ამჟამად განიხილება თუ როდის და როგორ განხორციელდება ეს“.
სუამის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ახალი ორგანიზაცია რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული და დსთ-ს ალტერნატივა ვერ იქნება.
თუმცა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დსთ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „სუამის ფარგლებში ჩვენ შევეცდებით იმ პრობლემების მოგვარებას, რომლებიც დსთ-ს ფარგლებში ვერ მოგვარდა“.
ამავდროულად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი დენისოვმა 23 მაისს „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ მოსკოვი არ მიიჩნევს კიევის სამიტს „ანტირუსულად“.
თუმცა, მან ორგანიზაციის ეფექტურობასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები გამოთქვა.
„ვფიქრობთ, უმჯობესია რომ აქცენტი იმ ორგანიზაციების მუშაობის გაუმჯობესებაზე უნდა გაკეთდეს, რომელთაც გარკვეული პოტენციალი უკვე დააგროვეს, თუმცა ვინმეს თუ უნდა რაღაც ახლის შექმნა, ეს მათი საქმეა და ჩვენ ამასთან არანაირი შეხება არ გვაქვს“, – განაცხადა ანდრეი დენისოვმა.
აშშ-ს მხარდაჭერა
აშშ-ს და სუამის წევრი სახელმწიფოების მიერ საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 22-23 მაისს კიევში გამართული ერთობლივი სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა სუამის რეგიონალურ ორგანიზაციად გარდაქმნას.
აშშ-ს დელეგაციას ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მინისტრის მოადგილე დავიდ კრამერი ხელმძღვანელობდა.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის - სუამის შექმნას, რომლის სამდივნოც კიევში განთავსდება და შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენა აღუთქვა“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
აშშ-მ ასევე აღუთქვა მხარდაჭერა სუამის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას.