გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის მაღალი რანგის დელეგაცია მიესალმა აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებულ რუსულ სამშვიდობო ძალებს და განაცხადა, რომ ისინი "მნიშვნელოვან მასტაბილიზირებელ როლს“ ასრულებენ კონფლიქტის ზონაში. ეს განცხადება ორი თვით უსწრებს საქართველოს პარლამენტის მიერ აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ის ეგიდით განლაგებულ რუს სამშვიდობოთა საქმიანობის განხილვას.
მეგობარის ქვეყნების ჯგუფის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ნორბერტ ბაასი, რომელიც ასევე ამ ჯგუფის კოორდინატორი იყო, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ბელინ ლორენსი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი მიხეილ ბოჩარნიკოვი, გაერთიანებული სამეფოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, სერ ბრაიან ფოლი და აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ორჯერ შეხვდნენ პრეზიდენტ სააკაშვილს. ასევე გაიმართა მოლაპარაკებები აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან და დე ფაქტო ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლებთან სოხუმში. 24 მაისს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ირაკლი ალასანია ასევე ეწვია სოხუმს და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა.
მეგობარი ქვეყნების ჯგუფის დელეგაცია, რომელმაც ვიზიტის დასრულების შემდეგ თბილისში 25 მაისს პრესკონფერენცია გამართა, მიესალმა ქართული და აფხაზური მხარეების სურვილს განახორციელონ ნდობის აღდგენის ღონისძიებები.
"არსებობს რეალური და კონკრეტული განხილვის ახალი სურვილი და ახალი ენთუზიაზმი და ეს სულისკვეთება იმედს გვაძლევს, რომ ჩვენ შევძლებთ ორი მხარე უფრო დადებითი მიმართულებით წავიყვანოთ... ვცდილობთ, ორივე მხარეს დავეხმაროთ გაუჩნდეთ ერთმანეთის მიმართ უსაფრთხოების შეგრძნება", - განაცხადა აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ პრესკონფერენციაზე.
ჯგუფის კოორდინატორმა, გერმანელმა დიპლომატმა ნორბერტ ბაასმა განაცხადა, რომ ვიზიტი მიზნად ისახავდა გაეროს ეგიდით აფხაზეთში მიმდინარე სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერას. ვიზიტი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მარტში აფხაზეთის თაობაზე რეზოლუციის მიღების შემდეგ გადაწყდა. ელჩმა ბაასმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და საქართველოს ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების დროს, დელეგაციამ ხაზი გაუსვა რეზოლუციაში გახმოვანებული პრინციპების მნიშვნელობას.
„პირველი მათგანია გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს ვალდებულება აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა... მეორე, მიღწეულ იქნას კონფლიქტის გრძელვადიანი და საბოლოო მოგვარება“, - განაცხადა ბაასმა.
მისი თქმით, მესამე მნიშვნელოვანი პუნქტია, რომ ორივე, ქართულმა და აფხაზურმა მხარემ გამოიყენოს არსებული მექანიზმები, რათა მშვიდობიან მოგვარებას მიაღწიოს.
მან ასევე ხაზი გაუსვა აფხაზეთის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების იმ პუნქტებს, რომლებიც რუს სამშვიდობოებს უკავშირდება და აღნიშნა, რომ "დსთ-ს სამშვიდობოები მნიშვნელოვან მასტაბილიზირებელ როლს თამაშობენ კონფლიქტის ზონაში“.
"ეს იყო ჩვენი შეხედულება ვიზიტამდე და ეს არის ჩვენი შეხედულება სოხუმიდან დაბრუნების და გალში შეჩერების შემდეგ“, - განაცხადა ბაასმა.
მისი თქმით, ეს საკითხი განხილულ იქნა საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მთავარ სამხედრო დამკვირვებელთან შეხვედრის დროს და "მანაც დაადასტურა ეს შეხედულება“.
"იგი ასევე მიესალმა თანამშრომლობას დსთ-ს სამშვიდობო ძალებთან“, - დასძინა მან.
"ყველა ჩვენგანი იზიარებს იმ შეხედულებებს, რომლებიც ელჩმა ბაასმა გაახმოვანა“, - განაცხადა აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ.
პრეზიდენტის მრჩეველმა ირაკლი ალასანიამ 15 მაისს განაცხადა, რომ საქართველო უკვე სამი თვეა ინტენსიურ კონსულტაციებს მართავს მეგობარ ქვეყნებთან არსებული სამშვიდობო ფორმატის შეცვლის შესაძლებლობის თაობაზე. თუმცა, როგორც ჩანს, თბილისი ვერ შეძლებს რაიმე რეალურ პროგრესს მიაღწიოს ამ კუთხით 15 ივლისამდე, დრომდე, როცა საქართველოს პარლამენტი აფხაზეთში რუსი სამშვიდობოების საქმიანობის განხილვას გეგმავს პარლამენტის მიერ ოქტომბერში მიღებული დადგენილების საფუძველზე. თუ სამშვიდობოთა საქმიანობა უარყოფითად შეფასდება, პარლამენტი, დადგენილების თანახმად, აფხაზეთიდან მათ გაყვანას მოითხოვს.
ანალოგიური მოთხოვნაა ჩადებული სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით პარლამენტის დადგენილებაშიც. თუმცა, მას შემდეგ, რაც გაკეთდა საერთაშორისო მოწოდებები, რომ საქართველომ თავი შეიკავოს სამხრეთ ოსეთიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანისაგან, პარლამენტმა 2006 წლის თებერვალში მიიღო "მოქნილი" დადგენილება, რომელმაც საშუალება მისცა საქართველოს მთავრობას არ დაეწყო სამშვიდობოთა დაუყოვნებლივ გაყვანა ცხინვალის რეგიონიდან. საქართველოს პარლამენტმა შესაძლოა სწორედ ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღოს აფხაზეთთან დაკავშირებითაც.
სხვა საკითხებთან მიმართებაში, მეგობარი ქვეყნების ჯგუფმა ხაზი გაუსვა საომარი მოქმედებების განუახლებლობის და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის დასრულების მნიშვნელობას.
"ჩვენ გვჯერა, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მომზადდეს დოკუმენტების პაკეტი ძალის გამოუყენებლობის და აფხაზეთში, კერძოდ კი გალის რაიონში დევნილთა დაბრუნების შესახებ“, - განაცხადა ნორბერტ ბაასმა.
უცხოელმა დიპლომატებმა ასევე მოუწოდეს აფხაზურ და ქართულ მხარეებს გამართონ ოფიციალურ პირებს შორის მაღალი დონის შეხვედრა და მიესალმნენ პრეზიდენტ სააკაშვილის მზადყოფნას მოლაპარაკებები გამართოს აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან.
მათ ასევე მოუწოდეს მხარეებს დაიცვან გალში დაბრუნებულ ქართველ დევნილთა უფლებები და ურჩიეს თავი შეიკავონ სამხედრო რიტორიკისგან.