Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი აფხაზეთის სამშვიდობო გეგმის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
/ 9 ივნ.'06 / 14:58
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტის მრჩეველმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში და იმავდროულად ქართულ–აფხაზურ მოლაპარაკებათა პროცესში პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ 9 ივნისს პარლამენტს აფხაზეთის სამშვიდობო გეგმის თბილისის წინადადებები გააცნო.

საქართველოს ხელისუფლება გამოხატავს რა მხარეთა ურთიერთპატივისცემის პრინციპზე დაყრდნობით კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლებრივი მოგვარების ურყევ ნებას, სოხუმს "ფედერალიზმის პრინციპზე დაყრდნობით“ ფართო სუვერენიტეტს და ხელისუფლების ყველა შტოში "ღირსეულ“ წარმომადგენლობას სთავაზობს.

ასევე საქართველოს აუცილებლად მიაჩნია გაეროს ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო პროცესის გააქტიურება და მიისწრაფვის აფხაზურ მხარესთან პირდაპირი სამშვიდობო დიალოგის გაღრმავების და სამხედრო დაპირისპირების განუახლებლობის მყარი გარანტიებისაკენ. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ საერთო ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაცია თბილისის და სოხუმის ერთიანი ინტერესია.

ქართული მხარე მიიჩნევს, რომ ერთობლივი ქართულ–აფხაზური საგზაო რუკა უნდა დაეყრდნოს შემდეგ პრინციპებს:

1. კონფლიქტის სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარება ეფუძნება საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საზღვრებში:

  •  ქართული მხარე მზად არის დაიწყოს კონსულტაციები ფედერალიზმის პრინციპებზე დაყრდნობით აფხაზეთისთვის ფართო საშინაო სუვერენიტეტის მინიჭების შესახებ;
  • საქართველოს განსაკუთრებული ზრუნვის საგანია აფხაზების, როგორც საქართველოს ავტოქტონური ხალხის კულტურა, ენა და ისტორიული მემკვიდრეობა;
  • საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოში აფხაზეთის ღირსეული წარმომადგენლობა იქნება;
  • კონფლიქტის შედეგად ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის გახლეჩილი საზოგადოების გამთლიანება ნდობის აღდგენით გახდება შესაძლებელი.

2. კონფლიქტის სრულმასშაბიანი მოწესრიგების ფუძემდებლური პრინციპია კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა აფხაზეთში უპირობო, ორგანიზებული და ღირსეული დაბრუნება განურჩევლად მათი ეროვნული წარმომავლობისა: 

  • ეთნიკური წმენდის შედეგად დევნილი მოსახლეობის აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხო, ღირსეული და საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ დაბრუნებაში მნიშვნელოვანი როლი ქართულმა და აფხაზურმა სამართალდამცველმა სტრუქტურებმა უნდა შეასრულონ;
  • ამ მიზნით გაეროს სამოქალაქო პოლიციის ხელშეწყობით უნდა დაიწყოს სამართალდაცვითი სტრუქტურების ერთობლივი გეგმების შემუშავება;
  • საერთაშორისო მონიტორინგის ქმედითი მექანიზმებით უპირობოდ უნდა აღდგეს გამოდევნილი მოსახლეობის ისეთი ფუნდამენტალური უფლებები, როგორიცაა: უსაფრთხო ცხოვრება, თავისუფალი გადაადგილება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, აღმსარებლობის თავისუფლება და ა.შ;
  • პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოხუმის გაეროს/ეუთოს ადამიანის უფლებათა დაცვის ერთობლივი ოფისის  მუშაობის გააქტიურება და გალში ზემოთხსენებული ოფისის ფილიალის გახსნა;
  • შესამუშავებელია აფხაზეთში უძრავი ქონების აღწერის, საკუთრების უფლების ერთობლივად განსაზღვრის, მათი დაცვის და პრივატიზაციის პროცესის უზრუნველყოფის მექანიზმები.

3. საქართველოს ხელისუფლება გამოხატავს მზადყოფნას შეარულოს ნაკისრი ვალდებულებები ცეცხლის განუახლებლობის და კონფლიქტის მშვიდობიანი, პოლიტიკური გზით მოგვარების თაობაზე:

  • მხარეთა შორის ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბება შესაძლებელს გახდის დამკვიდრებული კონფრონტაციული სტერეოტიპების დანგრევას და კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების ობიექტურად შეფასებას;
  • ქართული მხარე ხელს შეუწყობს ქართველი და აფხაზი ხალხის სამოქალაქო დიალოგს, სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფებს შორის კონტაქტების დამყარებას და შემდგომში გაღრმავებას.

4. ქართული მხარე მიესალმება საერთაშორისო ორგანიზაციების, რეგიონალური გაერთიანებების, ასევე ცალკეული სახელმწიფოების სრულმასშტაბიანი მოგვარების პროცესში უშუალო მონაწილეობას:

  • ქართული მხარე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას აფხაზეთის რეგიონის სოციალურ–ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერისთვის;
  • ქართული მხარე განიხილავს აფხაზეთში ეკონომიკის განვითარებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნის შესაძლებლობას;
  • ქართული და აფხაზი მოსახლეობის ერთობლივ ეკონომიკურ პროექტებში ჩაბმა მშვიდობიანი თანაცხოვრების და კეთილდღეობის გაუმჯობესების საფუძველს წარმოადგენს;
  • ამასთანავე, ქართული მხარე მზადაა დაიწყოს კონსულტაციები ევროპის რეგიონალურ ინსტიტუტებსა და პროექტებში, მათ შორის ევროკავშირის სამეზობლო ინიციატივაში და შავი ზღვის აუზის თანამშრომლობის პროცესებში აფხაზეთის ჩვენთან ერთად ჩართვის მიზნით.

5. კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიანი პროცესი უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ერთიანი სამოქმედო გეგმის საფუძველზე და უწყვეტ რეჟიმში. 

ალასანიას თქმით, სოხუმმა უკვე განაცხადა, რომ ამ დოკუმენტის ძირითადი ნაწილი მათთვის მიუღებელია, "თუმცა მათთან კონსულტაციები კვლავ გრძელდება და ქართული მხარე მზად არის მიიღოს და გაითვალისწინოს აფხაზების ნებისმიერი რაციონალური, კონსტრუქციული შემოთავაზება“.

სოხუმის "მომავლის გასაღები“

ალასანიას შეფასებით, 15 მაისს სოხუმის მიერ გავრცელებული სამშვიდობო გეგმა – "მომავლის გასაღები“ – წარმოადგენს ორ სუვერენულ სახელმწიფოს საქართველოს და ე.წ აფხაზეთს შორის სამომავლო ურთიერთობების კონცეფციას.

"ამგვარი გასაღებით ვერცერთი კარი ვერ გაიღება“, – აცხადებს ალასანია, რადგან დოკუმეტში გაცხადებულია, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა 1999 წლის ე.წ რეფერენდუმი საფუძველზე შემდგარი ფაქტია და არ შეიძლება იყო მოლაპარაკებების თემა.

ამ დოკუმენტში დევნილების დაბრუნების თემას ეთმობა ერთი აბზაცი და "ისიც მხოლოდ გალის რაიონთან მიმართებაში, ზოგადად კი გაცხადებულია, რომ დევნილთა დაბრუნებას ნეგატიური შედეგი ექნება“.

"უბრალოდ ამ დოკუმენტში სეპარატისტული მიზნების სისტემატიზაცია მოხდა“, – განაცხადა ალასანიამ 9 ივნისს. 

"აქ ნახსენები არ არის რუსეთის ფედერაცია, თუმცა საუბარია აფხაზეთის ევროინტეგრაციის სურვილზე, მათ შორის შავი ზღვის რეგიონულ თანამშრომლობაში“, – დასძენს ალასანია. 

მისი თქმით, ბოლო პერიოდში პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა ქართულ–აფხაზურ ორმხრივ დიალოგში. "მნიშვნელოვანი იქნება აღნიშნული დინამიკა შევინარჩუნოთ“, – დასძენს იგი.

"ჩვენი თაობის აფხაზებს და ქართველებს მოვალეობად ერგოთ ობიექტურად შეაფასონ დაშვებული შეცდომები და დავუბრუნოთ ერთმანეთს მშვიდობა და ერთიანი სამშობლო“, – აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი.

მისი განცხადებით, კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი, "ორმხრივი კომპრომისების“ გზით უნდა მოგვარდეს. 

სამშვიდობო ოპერაცია

პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას ირაკლი ალასანიამ ასევე ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში განლაგებულ სამშვიდობო კონტიგენტსა და გაეროს პოლიციური კომპონენტის გაფართოების პერსპექტივებზე.

მისი თქმით, 12 წლის წინანდელი ინსტრუმეტებით შექმნილი რუსული სამშვიდობო ოპერაცია "დღეს ვერ პასუხობს მანდატით გათვალისწინებულ უმთავრეს ამოცანას  – ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ სახლებში ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებას“.

"მიუხედავად იმისა, რომ გალის რაიონში დაბრუნდა დევნილთა გარკვეული ნაწილი, მათ უსაფრთხოებას არანაირი გარანტიები არ გააჩნიათ, ხოლო ეთნიკური მიზეზებით შევიწროვება სისტემურ ხასიათს ატარებს, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა იმან, რომ არსებული სამშვიდობო კონტიგენტი კონფლიქტში მიუკერძოებლის, მშვიდობისმყოფელის  ფუნქციას ვერ ასრულებს“, – განაცხადა ალასანიამ.

მისი ინფორმაციით, სამშვიდობო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე 1283 მოქალაქე იქნა მოკლული, "ძირითადად ერთი დანაშაულის გამო –ისინი ქართველები იყვნენ“.

ალასანიას ინფორმაციით, გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის დელეგაციის ვიზიტამდე, რომელიც 23–25 მაისს შედგა, სამშვიდობო ოპერაციის შეცვლის რამდენიმე სცენარი იქნა შემუშავებული. 

"მეგობართა ჯგუფი პოზიტიურად მოეკიდა საპოლიციო კომპონენტის დამატების იდეას, რომლის ძირითადი ფუნქცია დევნილებისთვის უსაფრთხოების განმტკიცება გახდება“, – განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, ამ ცვლილებას გაგებით მოეკიდნენ გაეროს შტაბ–ბინაშიც და არც რუსეთის მხარე უარყოფს უსაფრთხოების აუცილებლობას, "მაგრამ საკმაოდ ფრთხილად ეკიდება ამ შესაძლო სიახლეს“.

ალასანიას განცხადებით, საპოლიციო კონპონენტის გაძლიერებას გალის რაიონში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია არ სჭირდება. უახლოეს მომავალში საქართველოში გაეროს შემსწავლელი მისიისა და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის ჟან მარი გიენოს ვიზიტი იგეგმება, რომლის მიზანიც საპოლიციო ელემენტით ოპერაციის ინტერნაციონალიზაციის მყარი არგუმენტების მოპოვება იქნება. 

რუსეთის როლი

ირაკლი ალასანია, რომელმაც 6 მაისს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა, აცხადებს, რომ მან ვერ დაინახა რუსეთის მზადყოფნა რეალური ნაბიჯები გადადგას კონფლიქტების მოგვარებისკენ.

"რუსეთი ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუმცა დოგმად არ ცნობს ამ პრინციპს“, – განაცხადა ალასანიამ.

მისი თქმით, თბილისი "ფრთხილი ოპტიმიზმით“ ეკიდება 13 ივნისს სანკტ–პეტერბურგში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას.

"მხოლოდ უმაღლეს დონეზე იქნება შესაძლებელი გარკვეული პოზიტივის შეტანა“, – აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი და დასძენს, რომ რუსეთს  პოტენციურად დიდი შესაძლებლობები აქვს ახალი, დადებითი დინამიკა შესძინოს კონფლიქტის მოგვარების პროცესს.

ამასთან, მოსკოვის შეხვედრებიდან გამომდინარე ალასანია აცხადებს: "რუსეთი თვლის, რომ არ არის კონფლიქტის მხარე და მიაჩნია, რომ ამგვარი მიდგომით შედეგის მიღწევა გართულდება. გადაწყვეტილებები, მათი აზრით, მხოლოდ თბილისსა და სოხუმში უნდა იქნეს მიღებული“. 

ალასანიას განცხადებით, მოსკოვი ‘უნივერსალურობის’ პრინციპით მანიპულირებით და მონტენეგროს, კოსოვოს პრეცედენტების "არასწორი და სავარაუდოდ, მიზანმიმართულად დამახინჯებული ინტერპრეტაციით სამშვიდობო პროცესის მიმართ იმედის გაწბილებას უწყობს ხელს, ხოლო მეორეს მხრივ, სეპარატიზმის მომხრეებს სრული ილუზიებით კვებავს“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8