Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გირგვლიანის საქმის სასამართლო განხილვა მთავრდება, თუმცა კითხვები მაინც რჩება
/ 5 ივლ.'06 / 21:03
სივილ ჯორჯია

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე ერთი დღით ადრე, 5 ივლისს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მთავარმა მოწმემ ახალი ჩვენება მისცა და ხელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს დაადო.

გირგვლიანის მკვლელობის საქმე მას შემდეგ მოექცა ქართული პოლიტიკის ყურადღების ცენტრში, რაც ტელეკომპანია "იმედმა“ თებერვალში გაუშვა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი შესაძლოა პირდაპირ კავშირში ყოფილიყო მკვლელობის საქმესთან. ამას მოჰყვა ოპოზიციის მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის გადადგომის შესახებ. ეს მოთხოვნა დღემდე ძალაშია.

ლევან ბუხაიძემ, სანდრო გირგვლიანის მეგობარმა, რომელიც 28 იანვარს მსხვერპლთან ერთად იმყოფებოდა ოქროყანაში სადაც დანაშაული მოხდა, 5 ივლისს სასამართლოს განუცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ოლეგ მელნიკოვი იმ ოთხ პიროვნებას შორის იყო, რომელთაც ის და სანდრო გირგვლიანი სასტიკად სცემეს.

"ვაკვირდები ამ ადამიანს [მიხეილ ბიბილურს], რომელიც ამ გალიაში ზის ახლა და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანი მე იქ [ოქროყანაში] არ მინახავს. დღეს შემიძლია დარწმუნებით ვთქვა სასამართლოს წინაშე: გამომდინარე იქიდან, რომ საუბრიდან, მოძრაობიდან და შემდეგ უკვე ჩანაწერებიდან გამომდინარე, მე აღვიდგინე ოქროყანაში მყოფი მეოთხე ადამიანი და დადასტურებით მინდა ვთქვა, რომ ეს იყო ოლეგ მელნიკოვი“, – განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 ივლისს ლევან ბუხაიძემ.

ამჟამად, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი განყოფილების ყოფილი უფროსი გია ალანია და ამავე დეპარტამენტის კიდევ ყოფილი სამი თანამშრომელი - ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ყაჭავა და მიხეილ ბიბილური - ეჭვმიტანილები არიან პიროვნებისთვის განზრახ დაზიანებების მიყენებაში, რამაც გირგვლიანის გარდაცვალება გამოიწვია. 5 ივლისს პროკურატურის წარმომადგენლებმა ალანიასთვის ცხრა წლით, ხოლო დანარჩენებისთვის რვა-რვა წლის თავისუფლების აღკვეთა მოითხოვეს.

გირგვლიანის საქმის გახმაურების პირველივე დღიდან მელნიკოვის პიროვნება ყურადღების ცენტრში მოხვდა.

ოლეგ მელნიკოვი იმ ოფიციალურ პირებს ახლდა, რომლებიც თბილისში "შარდენ–ბარში" 27-28 იანვარის ღამეს იმყოფებოდნენ: კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, შსს–ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი ვასილ სანოძე, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძე და ასევე შს მინისტრის მეუღლე თაკო სალაყაია. სანდრო გირგვლიანის მეგობარი თამარ მაისურაძე იმავე მაგიდასთან იჯდა.

თამარ მაისურაძემ სასამართლოს განუცხადა, რომ როდესაც კაფეში გირგვლიანი შემოვიდა ის სხვა მაგიდასთან გადაჯდა, რათა მას დალაპარაკებოდა. მაისურაძემ ასევე განაცხადა, რომ გირგვლიანი ემოციურად საუბრობდა და დონაძეს შეურაცხყოფას აყენებდა. 30 ივნისს გამართულ სასამართლო პროცესზე დონაძემ და შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, ასევე მინისტრის მეუღლემ განაცხადეს, რომ მათ არაფერი გაუგიათ, რადგანაც მუსიკა კაფეში ხმამაღლა უკრავდა. მაისურაძემ ასევე განუცხადა სასამართლოს, რომ ის დაბრუნდა თავის მაგიდასთან, რადგანაც გირგვლიანი წასვლას აპირებდა.

მაისურაძის თქმით, მელნიკოვმა შარდენ ბარიდან გირგვლიანისა და მისი მეგობრის გასვლის შემდეგ, მაშინვე დატოვა კაფე სიგარეტის ყიდვის მოტივით და უკან დაახლოებით 40 წუთში დაბრუნდა.

გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ მთავარი მიზეზი, თუ რატომ დატოვა მელნიკოვმა კაფე, იყო გირგვლიანის დადევნება და მისი "დასჯა“, რადგანაც შსს-ს ყოფილმა ჩინოვნიკებმა გაიგონეს, თუ როგორ ლანძღავდა გირგვლიანი დონაძეს.

ეს არ არის პირველი ჩვენება, რომელიც ლევან ბუხაიძემ მელნიკოვის შესახებ მისცა. 28 თებერვალს დეპუტატმა ოპოზიციური "კონსერვატორული" პარტიიდან ზვიად ძიძიგურმა პრეს-კონფერენცია მოიწვია, სადაც გირგვლიანის მეგობრის ლევან ბუხაიძის - თვითმხილველის ვიდეო–ინტერვიუ აჩვენა. ინტერვიუ თავად ძიძიგურმა ჩაწერა. ინტერვიუს მსვლელობისას ძიძიგური უჩვენებს ბუხაიძეს ახალგაზრდა კაცის ფოტოს და სთხოვს მას ამოიცნოს იგი. ბუხაიძე პასუხობს, რომ ფოტოზე გამოსახული პიროვნება ძალიან ჰგავს იმ ოთხი პიროვნებიდან ერთ-ერთს, რომლებმაც ორი მეგობარი ოქროყანაში გატაცების შემდეგ სცემა. "100%-ით დარწმუნებული არ ვარ“, - დასძინა მან. ფოტოზე აღბეჭდილი პიროვნება ოლეგ მელნიკოვი იყო.

თუმცა, მატრში, როდესაც ოთხი ეჭვმიტანილი დააპატიმრეს, ლევან ბუხაიძემ ვერ ამოიცნო ოლეგ მელნიკოვი პოლიციაში ოთხ პირს შორის ამოცნობის პროცედურის დროს.   თუმცა, ბუხაიძემ მაშინ განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ მან ვერ შეძლო მელნიკოვის ამოცნობა, არ ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი არ იყო ომ ოთხ პირს შორის, რომელთაც სასტიკად სცემეს ის და მისი მეგობარი.

თბილისის პროკურორმა გიორგი ღვინიაშვილმა 5 ივლისს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა შეისწავლის ბუხაიძის ახალ ჩვენებას, ეს ვერ გახდება მიზეზი მთლიანი საქმის ხელახალი გამოძიებისა.

ბუხაიძემ 5 ივლისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მასზე პროკურატურა გარკვეულ ზეწოლას ახდენდა, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ მან თავი შეიკავა თავიდანვე პირდაპირ ხელი დაედო მელნიკოვზე. 

ასევე 5 ივლისს გირგვლიანის ოჯახის ადვოკატმა პროცესზე ახალი მოწმე, გირგვლიანის მეგობარი ზაალ ქუციკაშვილი მოიწვია, რომელიც იმ დღეს ასევე იმყოფებოდა კაფეში. ზაალ ქუციკაშვილი აქამდე არ დაუკითხავს გამოიძიებას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მოწმემ განაცხადა, რომ ის ასევე იმყოფებოდა შარდენ ბარში. ქუციკაშვილმა სასამართლოს განუცხადა, რომ მან დაინახა, როგორ ელაპარაკებოდა გირგვლიანი ვიღაცას იმ მაგიდასთან, სადაც შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები ისხდნენ.

შალვა შავგულიძის თქმით, ქუციკაშვილის მიერ მიცემულმა ჩვენებამ დაადასტურა ის განცხადება, რომ ინციდენტი კაფეში დაიწყო და არა მის გარეთ, როგორც ამას ეჭვმიტანილები და პროკურორები აცხადებენ. გამომძიებელთა თქმით, ინციდენტი მსხვერპლსა და ეჭვმიტანილებს შორის შარდენ ბარის გარეთ სპონტანური შელაპარაკების შედეგი გახდა და უარყვეს რომ მკვლელობა კაფეში მჯდომმა მაღალჩინოსნებმა დაუკვეთეს.

მოსამართლე გიორგი ჩემიამ არ დააკმაყოფილა ადვოკატ შალვა შავგულიძის შუამდგომლობა ახალი სამხილების გაჩენასთან დაკავშირებით საბოლოო განაჩენის გამოცხადების გადადების თაობაზე. მოსამართლის განცხადებით, იგი განაჩენს 6 ივლისს გამოაცხადებს.

მოსამართლემ და პროკურორებმა ასევე არ დააკმაყოფილეს გირგვლიანის ოჯახის ადვოკატის მოთხოვნა შს მინისტრის მეუღლის და შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მობილური სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნების თაობაზე. უარის შემდეგ შავგულიძემ მოსამართლე ტენდენციურობაში დაადანაშაულა და მისი შეცვლა მოითხოვა.

შავგულიძემ განაცხადა, რომ სასამართლოს, რომელიც პროკურატურის მითითებებს ასრულებს, სურს დამალოს დეტალები და ინციდენტის სამხილები და ჩქარობს განაჩენის გამოტანას.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11