დადგენილება
საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამშვიდობო ძალების შესახებ
საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 11 ოქტომბრის N1927-IIს და 2006 წლის 15 თებერვლის N2655-Iს დადგენილებების შესაბამისად განიხილა აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული მდგომარეობა და იქ განლაგებული სამშვიდობო ძალების საკითხი.
სამწუხაროდ, 2005 წლის 11 ოქტომბრის N1927-IIს და 2006 წლის 15 თებერვლის N2655-Iს დადგენილებებით განსაზღვრულ ვადებში კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში არანაირი პროგრესი არ არის მიღწეული.
აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე ფაქტო ხელისუფლებების დაქვემდებარებაში არსებული სამხედრო პოტენციალის მკვეთრი ზრდა ნაცვლად დემილიტარიზაციისა, ტერორისტული და დივერსიული ქმედებების მკვეთრი გააქტიურება, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიების სრული მოშლა, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არაერთგზის აღიარებული ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონების პერმანენტული მცდელობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მასობრივი ხელყოფა, უკონტროლო ტერიტორიებისათვის დამახასიათებელი საერთაშორისო კრიმინალური საფრთხეების ზრდა – ასეთია რეალობა, რომელიც შექმნილია მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციების შედეგად.
ქართული მხარის სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს კონფლიქტების მოწესრიგებას მსოფლიოში მიღებული დემოკრატიული ნორმების დაცვით და საერთაშორისო თანამეგობრობის მონაწილეობით, ღია წინააღმდეგობას აწყდება არა მხოლოდ სეპარატისტული რეჟიმების, არამედ მათი გარე მხარდამჭერების მხრიდან.
ქართული მხარის მიერ შემუშავებული, ეუთო-ს და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სამშვიდობო გეგმა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის პრაქტიკულად უარყო რუსეთის ფედერაციამ.
რუსეთის მიერ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 ოქტომბრის N1927-IIს დადგენილებაში აღწერილი ქმედებების გაგრძელება, ასევე სამშვიდობო გეგმის ფაქტობრივი ბლოკირება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ სეპარატიზმის მხარდაჭერად და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ანექსიის პერმანენტულ მცდელობად.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქმედებები აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ ბარიერს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზაზე, რაც, თავის მხრივ, გამოწვეულია რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ნების არარსებობით, ხელი შეუწყოს კონფლიქტების გადაწყვეტას და არსებული სტატუს-კვოს შეცვლას.
საქართველოს პარლამენტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველო კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის ერთგულია. ამას ადასტურებს ქართული მხარის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმა და მისი რეალიზაციისათვის საქართველოს ხელისუფლების მიერ ცალმხრივად გადადგმული ნაბიჯები. საქართველოს ერთიან სახელმწიფოში უპირობოდ იქნება გარანტირებული ქვეყნის აფხაზი და ოსი ეროვნების მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების სრული დაცვა, უზრუნველყოფილი იქნება მათი თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის აუცილებელი ყველა პირობა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი მიზანშეუწონლად მიიჩნევს აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სამშვიდობო ოპერაციების შემდგომ გაგრძელებას და ადგენს:
1. დაევალოს საქართველოს მთავრობას, დაიწყოს აუცილებელი პროცედურები აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში მიმდინარე ე.წ. სამშვიდობო ოპერაციების უსწრაფესი შეწყვეტისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანისათვის.
2. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა სამშვიდობო ფორმატის შეცვლაზე და აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში საერთაშორისო საპოლიციო ძალების განლაგებაზე; გააცნოს საერთაშორისო საზოგადოებას, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გეგმები, მათი იმპლემენტაციის გზები და მიზნის მისაღწევად ინტენსიურად ითანამშრომლოს მათთან.
3. საქართველოს მთავრობამ გაააქტიუროს მუშაობა აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობის სწორი ინფორმირებისათვის, ნდობის მაქსიმალურად აღდგენისათვის, მშვიდობიანი, დემოკრატიული ცხოვრების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დამკვიდრებისათვის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე
თბილისი,
2006 წლის 18 ივლისი.
წყარო: საქართველოს პარლამენტი