Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტი მთავრობას რუსეთის სამშვიდობო მისიის შეწყვეტას ავალებს
/ 18 ივლ.'06 / 14:44
სივილ ჯორჯია

საქართველოს პარლამენტმა 18 ივლისს ერთხმად მიიღო დადგენილება, რომელიც ავალებს მთავრობას დაიწყოს შესაბამისი პროცედურები საქართველოს კონფლიქტის ზონებში  – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში "ე.წ. სამშვიდობო ოპერაციების“ დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე.

"რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქმედებები აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ერთ–ერთ მთავარ ბარიერს წარმოადგენს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზაზე“, – ნათქვამია დადგენილებაში, სადაც რუსეთი ასევე დადანაშაულებულია "საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ანექსიის პერმანენტულ მცდელობაში“.

დადგენილება ასევე ავალებს მთავრობას "დაუყოვნებივ დაიწყოს მუშაობა სამშვიდობო ფორმატის შეცვლაზე და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ყოფილ ავტონომიურ ოლქში საერთაშორისო საპოლიციო ძალების განლაგებაზე".

თუმცა პარლამენტის დადგენილება არ გულისხმობს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებულ სამშვიდობო კონტიგენტებს მანდატი ავტომატურად შეუწყდებათ. ეს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს იმ ხელშეკრულებებიდან გამოსვლის გზით, რომელთა საფუძველზეც სამშვიდობოები კონფლიქტის ზონებში განლაგდნენ.

დადგენილება არ უწესებს აღმასრულებელ ხელისუფლებას რაიმე ვადებს იმ საჭირო პროცედურების განსახორციელებლად, რასაც ეტაპობრივად მოყვება არსებული სამშვიდობო ოპერაციების სამართლებრივი შეწყვეტა.  

"რა თქმა უნდა, ვადების დაწესება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მოდით რეალურად შევხედოთ საქმეს. ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით ურთულეს ბრძოლაში, რასაც დრო სჭირდება. მთავარია, რომ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის განწყობა არის ერთსულოვანი და ამ ბრძოლაში ჩვენ მივალთ ბოლომდე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის საკითხებში პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 18 ივლისის სხდომაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველოს სურვილია კონფლიქტების ზონებში რუსული სამშვიდობო ოპერაცია საერთაშორისო ოპერაციით შეიცვალოს.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველო მოაწერს ხელს საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ შეთანხმებებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ მთავრობებთან მხოლოდ მაშინ, როცა იქნება "რეალური საერთაშორისო გარანტიები იმისა, რომ არც მეორე მხარე არ გამოიყენებს ძალას".

"რუსეთის სამშვიდობოების ფორმატში ჩვენ ამ ხელშეკრულებას ხელს ვერ მოვაწერთ, რადგან ეს იქნება თავის მოტყუება და მას რეალური გარანტორები არ ეყოლება", – განუცხადა ბურჯანაძემ დეპუტატებს.

აფხაზეთში განლაგებული სამშვიდობოები

1994 წლის 14 მაისს ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ს ეგიდით დაახლოებით 2000 რუსი სამშვიდობოა დღემდე განლაგებული.

რუსული ჯარები აფხაზეთში 1994 წლის 21 ივნისს დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების სახელით განთავსდნენ. 1994 წლის შეთანხმების თანახმად, ისინი პასუხისმგებელნი იყვნენ ცეცხლის განუახლებლობასა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნებაზე, განსაკუთრებით გალის რაიონში.

სამშვიდობოთა განლაგება მაშინ ოფიციალურად გაფორმდა დოკუმენტით, რომელიც დსთ-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა 1994 წლის 22 აგვისტოს მიიღეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამშვიდობო ჯარები განლაგდნენ ქართული და აფხაზური მხარეების თხოვნით.

სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში ექვსი თვით განთავსდნენ, თუმცა მათი მანდატი ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ გრძელდებოდა. 2003 წლის ზაფხულში მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, რომელიც 2003 წლის 7 მარტს გაიმართა, პრეზიდენტებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუს სამშვიდობოებს შეეძლოთ კონფლიქტის ზონაში დარჩენა, სანამ მათ გაყვანას ერთ-ერთი მხარე არ მოითხოვდა.

სამშვიდობო ოპერაცია ე.წ სამხრეთ ოსეთში    

2006 წლის 15 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ოპერაციის შესახებ , რომელიც ნაკლებად რადიკალური იყო და განსახვავებით ბოლო დადგენილებისა არ ავალებდა მთავრობას დაუყოვნებლივ დაეწყო სამშვიდობო ძალების მანდატის შეწყვეტისათვის საჭირო პროცედურები.

რუსული ჯარები სამხრეთ ოსეთში შერეული სამშვიდობო ძალების ნაწილს წარმოადგენენ, სადაც ასევე შედიან ქართული და ჩრდილოეთ ოსური მხარეები. შერეული სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში 1992 წლის 24 ივლისის შეთანხმების თანახმად განთავსდა. რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ შეთანხმებას სოჭში მოაწერეს ხელი.

მიუხედავად იმისა, რომ შერეული სამშვიდობო ძალები სოჭის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა, შერეული ძალების დეტალური მანდატი მოგვიანებით გაიწერა ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში ხელმოწერილ შეთანხმებებში. შერეული საკონტროლო კომისია, რომელიც ქართულ, სამხრეთ ოსურ, რუსულ და ჩრდილოეთ ოსურ მხარეებს აერთიანებს, ასევე 1992 წლის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა.

1992 სოჭის შეთანხმების და შემდგომ შსკ გადაწყვეტილებების თანახმად, შერეულმა სამშვიდობო ძალებმა უნდა უზრუნველყონ მშვიდობა და წესრიგისა და კანონის დაცვა კონფლიქტის ზონაში. თუმცა, 1997 წლის თებერვალში შსკ-ს გადაწყვეტილებით შერეული ძალების მანდატი შეიცვალა და მათ "კანონისა და წესრიგის დაცვის“ ვალდებულება მოეხსნათ.

შსკ-ს 1992 წლის 6 ივლისის შეთანხმებით, შერეული სამშვიდობო ძალების ყოფნის დრო განისაზღვრება რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფო მეთაურთა მიერ. ამ შეთანხმების თანახმად, "შსკ სთავაზობს თავის წინადადებებს ამ საკითხზე სახელმწიფოთა მეთაურებს“.

თუ საქართველოს შერეული სამშვიდობო ძალების საქმიანობის შეწყვეტა სურს კონფლიქტის ზონაში, მას 1992 წლის სოჭის შეთანხმებაზე უარის თქმა მოუწევს. ამ შეთანხმებიდან გამოსვლას ავტომატურად მოყვება შსკ-ს გაუქმებაც.

ოპოზიციის რეაქცია

საპარლამენტო ოპოზიციამ, რომელიც სხდომებს ბოიკოტს 31 მარტიდან უცხადებს, უარი თქვა დადგენილების განხილვასა და მიღებაში მიეღო მონაწილეობა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების რეალური ქმედებებია საჭირო რუსული სამშვიდობო ოპერაციის დასასრულებლად და არა პარლამენტის დადგენილებები.

"ეს [დადგენილებების მიღება] არის დროის დაკარგვა. მთავრობამ უნდა გამოაცხადოს, რომ საქართველო ტოვებს დსთ-ს და ეს ავტომატურად გამოიწვევს აფხაზეთში სამშვიდობო მანდატის შეწყვეტას“, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა, დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა.  

მთავრობის პოზიცია

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში მიმდინარე რუსეთის სამშვიდობო ოპერაციებს არაეფექტურს უწოდებს, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, როგორ ნაბიჯებს გადადგამს მთავრობა პარლამენტის მიერ დადგენილების მიღების შემდეგ.

"სამშვიდობოები არც ცხინვალის რეგიონში, არც აფხაზეთში თავიანთ მანდატს არ ასრულებენ. უფრო მეტიც, პრაქტიკულად ყველა ინდიკაციაა იმისა, რომ ისინი არც აპირებენ თავიანთი მანდატის შესრულებას. ამიტომ, ჩვენ ყველა ველით  პარლამენტის მიერ რადიკალური გადაწყვეტილების მიღებას“, - განუცხადა ნოღაიდელმა ჟურნალისტებს 17 ივლისს.  

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა კი განაცხადა, რომ სამშვიდობოების გაყვანაზე "პრინციპული" გადაწყვეტილების "აღსრულებას არაფერი უდგას წინ".

11 ივლისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსი სამშვიდობოები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ "ამ სამშვიდობო ძალების უკან საქართველოს ტერიტორიის ინტენსიური ანექსია მიმდინარეობს“.
 
“ამავე დროს ახლოვდება სამშვიდობოებზე გადაწყვეტილებები, ჩვენ ველით საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ბოლო ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა დღევანდელის ჩათვლით ექვსი დადგენილება მიიღო რუსეთის სამშვიდობო ძალების შესახებ. ამ ექვსიდან ბოლო სამი გასული ცხრა თვის მანძილზე იქნა მიღებული ( 2005 წლის 11 ოქტომბრის დადგენილება 1927-II; 2006 წლის 15 თებერვლის დადგენილება 2655-I და 2006 წლის 18 ივლისის დადგენილება). წინა სამი დადგენილება საქართველოს პარლამენტმა 1997, 2001 და 2002 წლებში მიიღო შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს, რომლებიც ასევე თხოვდა მთავრობას აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობოების გაყვანას.  

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25