Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოქრუაშვილი კოდორზე საუბრობს და ოპონენტებს აკრიტიკებს
/ 1 აგვ.'06 / 11:36
სივილ ჯორჯია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 31 ივლისს განაცხადა, რომ ზემო კოდორის ხეობაში დაძაბულობის გამწვავების რისკი ჯერ კიდევ მაღალია, რადგანაც "ე.წ. რუსი სამშვიდობოები“ ქართული ძალების პროვოცირებას ცდილობენ.

ოქრუაშვილმა, რომელმაც ერთი კვირა ზემო კოდორის ხეობაში გაატარა, ხეობიდან დაბრუნების შემდეგ, 31 ივლისს პრესკონფერენცია მოიწვია და განაცხადა, რომ ემზარ კვიციანის და მისი მებრძოლების წინააღმდეგ გატარებული ანტიკრიმინალური ოპერაცია დიდი წარმატება იყო, მიუხედავად ერთი ადამიანის მსხვერპლისა. მან ასევე გააკრიტიკა ახალი მემარჯვენეების, ლეიბორისტული პარტიის და კონსერვატორების ლიდერები კოდორში განვითარებული მოვლენების შეფასების დროს "მოღალატური განცხადებების“ გამო. 

"კრიმინალების დევნა"

თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში კრიმინალების დევნის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

"ალბათ, სრული ფაზა კიდევ დაიკავებს რამდენიმე დღეს“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის შემოწმება ძალიან რთული პროცესია, რადგანაც მათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები არ გააჩნიათ და "ამჟამად მიმდინარეობს აღწერის სრული პროცესი“.

"ამ ადამიანებმა [გასამხედროებული ჯგუფი "მონადირე“] საკმაოდ დიდი ხანი დაჰყვეს ამ ტერიტორიაზე. და სამწუხაროდ, ჩვენ [მთავრობამ] აქამდე ვერ მოვიცალეთ, რომ იქ წესრიგი დაგვემყარებინა, მაგრამ  ეს ყველაფერი დღეს დასასრულს მიუახლოვდა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

"ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება და ეს ბევრჯერ დაგვიდასტურებია, რომელიც შეეგუება ასეთი სახის ამბოხებებს“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილის თქმით, კვიციანი კოდორის ხეობიდან სოხუმში რუსული მხარის დახმარებით გაიქცა.

"ჩვენი ინფორმაციით, ის ახლა რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება. კვიციანი ახლა ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს; ის ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელსაც ადრე თუ გვიან დავიჭერთ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ვალდებულება

ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ კვიციანის წინააღმდეგ 25 ივლისს დაწყებული ოპერაციის შედეგად საქართველომ კონტროლი დაამყარა "ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე ჩვენი ტერიტორიისა - კოდორის ხეობაზე, რომელიც მნიშვნელოვანი პლაცდარმია აფხაზეთის ტერიტორიაზე“.

მისი თქმით, საქართველოს ჰყავს მთავრობა, "რომელიც მუდმივად ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება იქნას დაბრუნებული აფხაზეთი“.

"ჩვენ განწყობილი ვართ იმისათვის, რომ კონფლიქტები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოგვარებული იქნას მშვიდობიანი მეთოდებით“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

"მოღალატური განცხადებები"

ოქრუაშვილის განცხადებით, იგი შეაშფოთა ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის, კონსერვატორების ლიდერის კობა დავითაშვილის და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა.

გამყრელიძემ და ნათელაშვილმა ყველაზე მწვავედ გააკრიტიკეს მთავრობის გადაწყვეტილება კოდორის ხეობაში ძალების გაგზავნის თაობაზე. ხოლო დეპუტატმა კობა დავითაშვილმა 28 ივლისს მადლობა გადაუხადა "მონადირის“ წევრებს სამთავრობო ძალებისთვის წინააღმდეგობის არ გაწევის გამო.

"ამ ბოლო ორიოდე საათის განმავლობაში ჩემი დაბრუნებიდან მოვასწარი გადამეხედა საინფორმაციო საშუალებებისთვის, რომლებიც გადიოდა ოპერაციის მიმდინარეობის პერიოდში და მინდა გამოვხატო ჩემო შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეფასებები გამოითქმებოდა ამ ოპერაციის ირგვლივ. ვგულისხმობ, იმ არაადამიანურ, არაპატრიოტულ და მოღალატურ პოზიციას, რომელსაც გარკვეული პოლიტიკოსები ქადაგებდნენ. როდესაც გამყრელიძე და ნათელაშვილი მოუწოდებს ჯარს იარაღის დაყრისაკენ, ეს არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი. შეიძლება არ ეთანხმებოდე მთავრობას რაღაც პოლიტიკაში, შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი, მაგრამ რაღაც პრინციპების მიმართ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთგულები და რაღაც საკითხების მიმართ უნდა გაგვაჩნდეს ერთიანი აზრი. ან იგივე კობა დავითაშვილის მოწოდება და მადლობა ე.წ. მებრძოლებისადმი, რომელთა სინდისზეც უნდა იყოს იმ ერთადერთი ქალბატონის სიცოცხლე, რომელიც შეეწირა ამ ოპერაციას“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

სოფელ ჩხალთაში სამთავრობო ძალებს და კვიციანის მებრძოლებს შორის მომხდარი შეტაკების დროს ერთი ქალბატონი გარდაიცვალა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მეამბოხეები "მშვიდობიან მოსახლეობას ფარად იყენებდნენ“.

"არ შემიძლია ასევე ჩემი აღშფოთება  არ გამოვთქვა ყველაფერი იმის მიმართ, რა შეფასებებიც ტრიალებდა ამ ოპერაციის ირგვლივ, რომ თითქოს ჩვენ [მთავრობა] თვითონ მოვაწყეთ ეს პროვოკაცია და ჩვენივე დადგმული იყო ეს სპექტაკლი“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

"მაღალი დაძაბულობა"

ოქრუაშვილის თქმით, დაძაბულობა კვლავ მაღალია კოდორის ხეობაში და მისი განტვირთვაა საჭირო. "ამჟამად, ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე“, - დასძინა მან.

"საკმაოდ ახლო დისტანცია არსებობს რუსეთის ე.წ. სამშვიდობოებსა და ჩვენ პოლიციურ დანაყოფებს შორის კოდორში და ყოველ წუთს არის ალბათობა და რისკი იმისა, რომ იქ გარკვეული ესკალაცია მოხდეს. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ. მინდა ყველას ვთხოვო, რომ ასეთ საკითხებს ცოტა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

კოდორის ხეობა ამჟამად რუსი სამშვიდობო საგუშაგოების მიერ გაყოფილია  ზემო კოდორის ხეობად და აფხაზების მიერ კონტროლირებად ხეობის ქვედა ნაწილად.         

ოქრუაშვილმა რუსი სამშვიდობოები რეგიონში დაძაბულობის პროვოცირებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ 29 ივლისს სამშვიდობოების პოსტიდან ქართული დანაყოფის მისამართით ცეცხლი გაიხსნა.

"მაგრამ ჩვენ არ წამოვეგეთ ამ პროვოკაციას და არ ვუპასუხეთ ამაზე. დღესაც იყო საკმაოდ დაძაბული სიტუაცია, როდესაც რუსეთის ვერტმფრენი შემოფრინდა და ტრიალებდა ჩვენი დანაყოფების დისლოკაციის თავზე. საკმაოდ დიდი იყო ცდუნება იმისა, რომ გახსნილი ყოფილიყო ცეცხლი მისი მისამართით, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ, რომ არ გვეპასუხა ამ სახის პროვოკაციაზე, რასაც ისინი სჩადიან“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ჯარებმა კოდორი დატოვეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მიუხედავად რუსული და აფხაზური მხარეების განცხადებებისა, რომლებიც ქართულ მხარეს ცეცხლის შეწყვეტისა და მხარეთა დაშორიშორების შესახებ მოსკოვის 1994 წლის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ, ამჟამად კოდორის ხეობაში თავდაცვის სამინისტროს ჯარები არ არიან.

ოქრუაშვილის თქმით, ანტიკრიმინალური ოპერაცია ემზარ კვიციანის და მისი მებრძოლების წინააღმდეგ საქართველოს პოლიციამ განახორციელა, არმიის ძალებმა კი "მხოლოდ ლოგისტიკური დახმარება“ აღმოუჩინეს მათ.

"ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმის მხოლოდ მცირე ნაწილი ეხმარებოდა პოლიციას, თუმცა ეს შენაერთი იქ უკვე აღარ არის; მან უკვე დატოვა ხეობა“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.    

მისი თქმით, თბილისი დათანხმდება ზემო კოდორის ხეობის მონიტორინგზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც განხორციელდება გუდაუთის სამხედრო ბაზის ინსპექტირება.

"მე მოვუსმინე ჩემი რუსი კოლეგის სერგეი ივანოვის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ უნდა განხორციელდეს კოდორის ხეობის მონიტორინგი. დიახ, ჩვენ თანახმა ვართ ამ მონიტორინგზე, მაგრამ მხოლოდ გუდაუთის სამხედრო ბაზის მონიტორინგის შემდეგ“,- განაცხადა ოქრუაშვილმა პრესკონფერენციაზე.

თბილისი დაჟინებით მოითხოვს გუდაუთის სამხედრო ბაზაზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას, რათა დადასტურდეს რუსეთის მიერ მისი დახურვა, როგორც ამას 1999 წლის ეუთოს სტამბოლის შეთანხმება ითვალისწინებს.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15