პრეზიდენტი სააკაშვილი მზად არის შეხვდეს სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს ბაკურიანში "ნდობის აღდგენის მასშტაბების გაზრდის მიზნით", განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 27 ოქტომბერს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.
ნოღაიდელმა ასევე დაადასტურა თბილისის მზადყოფნა მოლაპარაკებები გამართოს რუსეთის ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობების განმუხტვის მიზნით, რაც, მისი თქმით, ძირითადად აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში მოუგვარებელი კონფლიქტებით არის გამოწვეული. თუმცა, მან ასევე გააკრიტიკა რუსეთი "ცალმხრივი სადამსჯელო" და "არაპროპორციული" ნაბიჯების და რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დევნის გამო.
ცხინვალის რეგიონი
ზუსტად ერთი წლის წინ ნოღაიდელმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე თბილისის დეტალური სამშვიდობო გეგმა წარადგინა. ეუთოს მინისტერიალმა ამ გეგმას 2005 წლის დეკემბერში მხარი დაუჭირა, თუმცა დოკუმენტის განხორციელების კუთხით რაიმე პროგრესი მიღწეული არ არის.
"მშვიდობისკენ სწრაფვა რთული მცდელობაა , რაც მოითხოვს მოთმინებას, დისციპლინას, თანამშრომლობას და ყველაზე მეტად – ნდობას“, - განუცხადა ნოღაიდელმა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოს.
პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებებს წინ უძღოდა 25 ოქტომბერს ევროპარლამენტის სხდომაზე ევროპის საკითხებში ფინეთის მინისტრის პაულა ლეჰტომაეკის მიერ გაკეთებული განცხადება.
"თავიდან უნდა იქნას აცილებული სწრაფი, ძალიან სწრაფი გადაწყვეტილებები სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სამშვიდობო პროცესებთან მიმართებაში, რადგანაც ამან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას გაეროს და ეუთოს ყოფნას რეგიონში“, - განაცხადა პაულა ლეჰტომაეკმა ევროკავშირის ფინეთის თავმჯდომარეობის სახელით, თან იქვე დასძინა, რომ საქართველოს მოლოდინი ევროკავშირის როლის ზრდაზე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში "შესაძლოა არარეალურად დიდი იყოს“.
ნოღაიდელმა ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებები, რომ თბილისი სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლის აღდგენას ძალისმიერი გზით გეგმავს, "მცდარია“.
ოფიციალური რუსეთის ამ განცხადებებმა განაპირობა ის, რომ საერთაშორისო ტრიბუნებიდან თბილისს სულ უფრო ხშირად უწევს იმის მტკიცება, რომ ძალის გამოყენებას არ აპირებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს სამშვიდობო პროცესისთვის, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს მიუღწევადი იქნება, თუ არ იარსებებს რუსეთის პოლიტიკური ნება.
"მოდით, ვუარყოთ ის ილუზიები, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. პირიქით, მათი აქტიური განზრახვაა არა მარტო შენარჩუნება, არამედ უფრო მეტი იარაღის შეძენა, როგორც ამას ეუთოს ინფორმაცია ადასტურებს“, - განაცხადა ნოღაიდელმა.
"ეს იარაღი, რომლის არსებობაც უწინდელზე ბევრად უფრო აშკარად ჩანს და გავრცლებულია, მხოლოდ მაშინ დატოვებს სამხრეთ ოსეთს, თუ რუსეთი გადაწყვეტს მის გატანას... როდესაც რუსეთი კონკრეტულად გადაწყვეტს სამხრეთ ოსეთის დემილიტარიზაცია განახორციელოს, ჩვენ ყველა ვიტყვით, რომ ის მშვიდობას უჭერს მხარს“, - დასძინა მან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე მოითხოვა ეუთოს დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდა რეგიონში, რათა მათ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთელი ტერიტორია მოიცვას და არა მხოლოდ კონფლიქტის ზონა, რომელიც ცხინვალიდან 15 კილომეტრის რადიუსით განისაზღვრება.
"იმისათვის, რომ შევამციროთ დაძაბულობა და დავუპირისპირდეთ მზრად საფრთხეებს, დროა ვუზრუნველყოთ ერთობლივი ქართულ-რუსულ-ეუთოს მუდმივი მონიტორინგი როკის გვირაბზე“, - განაცხადა ნოღაიდელმა.
იგი მიესალმა სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური რეაბილიტაციის პროექტს, თუმცა დასძინა, რომ ეს საკმარისი არ არის.
"ჩვენ ასევე უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, შევქმნათ სტაბილური მომავალი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის... უნდა გავზარდოთ მხარეებს შორის ნდობის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები... და ასევე უნდა გავზარდოთ პირდაპირი, ორმხრივი კონტაქტების სიხშირე“, - განაცხადა ნოღაიდელმა და დასძინა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი მზად არის შეხვდეს სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს ბაკურიანში.
"ბაკურიანში ათასობით ოსი ცხოვრობს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე მშვიდად და ჰარმონიულად ცხოვრობდნენ თავიანთ მეზობლებთან ცხინვალის რეგიონის გარეთ - მიუხედავად კონფლიქტისა. ეს ნაბიჯი, ეს ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს დიალოგის დაწყებას, ნდობის აღდგენას და ძლიერი სიგნალის შექმნას იმის თაობაზე, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია“, - განაცხადა ნოღაიდელმა.
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა 2 ოქტომბერს თბილისში ვიზიტის დროს ქართულ და ოსურ მხარეებს "მაღალი დონის“ შეხვედრის გამართვისკენ მოუწოდა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა 27 ოქტომბერს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს განუცხადა, რომ წინაპირობად შეხვედრის ბაკურიანში გამართვის შემოთავაზება მიუღებელია და შეხვედრის ადგილი განხილვის საგანი უნდა გახდეს.
მან ასევე განაცხადა, რომ უმაღლესი დონის შეხვედრას შედეგად უნდა მოჰყვეს ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.
სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნათლად მიანიშნა, რომ საქართველო ამ შეთანხმებას მხოლოდ სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაციის შემდეგ მოაწერს ხელს.
მიუხედავად იმისა, რომ თავის გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა თავი შეიკავა რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის მწვავე კრიტიკისგან, მან აღნიშნა, რომ საქართველოს სურს "ნეიტრალური ძალების განლაგება რეგიონში, რომლებიც შეძლებენ წესრიგის დამყარებას საპოლიციო ძალების მომზადების გზით“.
ნოღაიდელმა ასევე განაცხადა, რომ თბილისი მზად არის სამხრეთ ოსეთს "ყველაზე ფართო ავტონომია“ მიანიჭოს და მოუწოდა ეუთოს სამშვიდობო გეგმის სრული განხორციელების თაობაზე მოიწვიოს სპეციალური კონფერენცია ეუთოს მინისტერიალის წინ, რომელიც დეკემბრის დასაწყისში იგეგმება.
რუსული სანქციები
თავის გამოსვლაში ნოღაიდელმა ასევე ისაუბრა მოსკოვის მხრიდან რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ დამოკიდებულებაზე და საქართველოს წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე.
"ბოლოდროინდელმა ბლოკადამ რეალური სირთულეები შეუქმნა საქართველოს“, - განაცხადა ნოღაიდელმა.
მან აღნიშნა, რომ სანქციების შედეგად საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 1,5%-ით შემცირდა და საექსპორტო ბაზრების დაკარგვამ 17% შეადგინა.
"ამან ჩვენ მრეწველობას პრობლემები შეუქმნა და ფინანსური დანაკარგი გამოიწვია. ამან გვიბიძგა დაგევწყო ახალი ბაზრებისა და ახალი მომწოდებლების ძებნა“, - დასძინა ნოღაიდელმა.
თუმცა, მან ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად სანქციებისა "საქართველო წელს ორნიშნა [ეკონომიკური] მაჩვენებლით გაიზრდება“ და "მიუხედავად დაბრკოლებებისა, ჩვენ ინფლაციას ერთნიშნა მაჩვენებელზე შევინარჩუნებთ“.
"და ჩვენი ენერგოსექტორის, ინფრასტრუქტურის პროექტები და საგანმანათლებლო გეგმები არც შეიცვლება და არც ჩაიშლება“, - დასძინა ნოღაიდელმა.
მან განაცხადა, რომ გასულ თვეს რუსეთიდან 1 000-ზე მეტი ქართველი იქნა დეპორტირებული ან იძულებული, რომ დაბრუნებულიყო საქართველოში.
"ბატონი გიორგი გვიჩიანი, მკლავჭიდში ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონი, წამებით მოკლეს მოსკოვში რამდენიმე კვირის წინ; თენგიზ ტოგონიძე, საქართველოში დეპორტაციის დროს გარდაიცვალა, რადგანაც [რუსმა] სამართალდამცავებმა მას ასთმის წამალი არ მისცეს; გიორგი ცქიფურიშვილი, ცხრა წლის ბიჭი, რომელიც თავის ოჯახს დააშორეს და უკან საქართველოში მარტო და შეშინებული გამოაგზავნეს... ეს არის რეალური ხალხი, რომლებიც ფართოდ გავრცელებული ქსენოფობიის სამიზნეები გახდნენ, რომელთა ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ ქართველები იყვნენ“, - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
მისი თქმით, რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები არის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი, რომლითაც ცდილობს "ზეწოლა მოახდინოს ჩვენი რეგიონის სამეზობლოზე, განსაკუთრებით კი მოლდოვასა და უკრაინაზე“.