ოქრუაშვილის მომავალი გეგმები ჯერ უცნობია. |
"დაახლოებით საათნახევრის წინ ჩემთვის სრულიად მოულოდნელად დამირეკა ირაკლი ოქრუაშვილმა და მითხრა, რომ თანამდებობიდან გადადგომას აპირებს და შესაბამისი განცხადებაც გამოაგზავნა. პრეზიდენტისთვის და ჩემთვის არის სრულიად მოულოდნელი გადაწყეტილება. როგორც მოგეხსენებათ, სულ ახლახანს წარვადგინეთ ირაკლი ოქრუაშვილი ეკონომიკის სამინისტროში. ჩვენ გვქონდა შაბათს და კვირას ინტენსიური თათბირები ეკონომიკაში ჩვენი მომავალი საქმიანობის შესახებ“, - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა 17 ნოემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
"ამიტომ მისი დღევანდელი მოქმედებები ჩემთვის და პრეზიდენტისთვის იყო სრულიად მოულოდნელი. სულ ეს არის, რაც მინდოდა მეთქვა“, – განაცხადა მან.
ინფორმაცია ოქრუაშვილის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მისი ეკონომიკის მინისტრად დანიშვნიდან ერთი კვირის თავზე ვრცელდება. ეკონომიკის მინისტრად ირაკლი ოქრუაშვილი 10 ნოემბერს, თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ დაინიშნა.
ეს ინფორმაცია მმართველი პარტიის დეპუტატებისთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა. "შოკირებული ვარ“, - განაცხადა დეპუტატმა ნინო კალანდაძემ.
"ალბათ, რაღაც მიზეზი არსებობდა მისი გადაწყვეტილების უკან. ნათელია, რომ ის სიხარულით არ შეხვდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას. როდესაც მას ნიშნავდნენ ახალ თანამდებობაზე, მას რაღაც დეპრესიის ნიშანი ჰქონდა სახეზე და ეს მხოლოდ მე არ შევნიშნე“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ.
"ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული პრობლემა იქნება იმდენად, რამდენადაც ვთვლი, რომ ბატონი ირაკლი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურა იყო... ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული პოლიტიკური დანაკლისი იქნება როგორც ქართული პოლიტიკური სპექტრისათვის, ასევე ჩვენი მთავრობისათვის“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა.
"ეს გადაწყვეტილება მართლაც დააზარალებს აღმასრულებელ ხელისუფლებას“, - განაცხადა თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა პავლე კუბლაშვილმა.
პრეზიდენტ სააკაშვილს ოქრუაშვილის გადაწყვეტილებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
მიხეილ სააკაშვილმა 10 ნოემბერს მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა, რომ მან ოქრუაშვილი ეკონომიკის მინისტრად იმის გამო დანიშნა, რომ სწორედ საქართველოს ეკონომიკა გახდა ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის აგრესიის ძირითადი სამიზნე.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოქრუაშვილის გადაყენების ძირითადი მიზეზი იყო მისი რადიკალური განცხადებები სამხრეთ ოსეთის შემოერთების ვადებთან დაკავშირებით.
2006 წლის მაისში ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ იგი დატოვებს თავდაცვის მინისტრის პოსტს, თუ საქართველო 2007 წლის 1 იანვრისთვის თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის შემოერთებას ვერ შეძლებს.
ის ფაქტი, რომ ოქრუაშვილს გული დასწყდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვების გამო პირველი დღეებიდანვე ჩანდა.
"[ეკონომიკის სამინისტროს] თანამშრომლებს მოგმართავთ, რომ მომეხმარეთ იმაში, რომ ჩემი ენერგიის კონცენტრირება მოვახდინო აქ იმიტომ, რომ ჩემი გული და სული რჩება ქართულ ჯარში... ჩემთან მუშაობა ძნელია, მაგრამ საინტერესო“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა 11 ნოემბერს ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლებთან პირველ შეხვედრაზე.
ზოგიერთმა დეპუტატმა უკვე გამოთქვა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ სამხრეთ ოსეთის თაობაზე ოქრუაშვილის განცხადებები შესაძლოა მისი მთავრობიდან წასვლის მიზეზი იყოს.
"ალბათ ყველასათვის ცნობილია იმ განცხადებების თაობაზე, რომელიც იყო ოქრუაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში გაკეთებული; ერთადერთი, რასაც შემიძლია დავუკავშირო მისი ეს გადაწყვეტილება, სწორედ ეს არის“, - განაცხადა კუბლაშვილმა.
"ოქრუაშვილის გადაწყვეტილება უკავშირდება მის ადრინდელ განცხადებებს ცხინვალთან დაკავშირებით და მთელ საქართველო ელოდა მისგან, რომ შეასრულებდა თავის ნათქვამს. ამ გადაწყვეტილებით მან დაადასტურა, რომ ის არის სიტყვის პატრონი და გააჩნია ღირსების გრძნობა“, - განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატოული პარტიიდან.
თავად ოქრუაშვილს მისი გადაწყვეტილების და მომავალი გეგმების თაობაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.