თბილისს სურს, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებში განთავსებული ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ლეგალიზება მოახდინოს, რაც მისი ვმო-ში გაწევრიანების წინაპირობაა, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 27 იანვარს რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში .
”ჩვენ მხოლოდ ერთ ძირითადად პირობას ვაყენებთ, რაც გულისხმობს სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ლეგალიზებას. ეს ნორმალური მოთხოვნაა. სამწუხაროდ, ამ საკითხზე რაიმე სერიოზული დიალოგი ჯერ არ გამართულა. იყო რამდენიმე წინასწარი დაპირება [რუსეთის მხრიდან], თუმცა ეს არასდროს შესრულებულა”, - განაცხადა სააკაშვილმა.
”შესაძლოა ეს საკითხი ბოლო დროს დაპირებული დათბობის ჭრილში მოგვარდეს”, - დასძინა მან.
”ვფიქრობ, არც ერთი ქვეყანა არ წავა კომპრომისზე საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის და საკუთარი საზღვრების ხარჯზე. ჩვენ ღია ვართ სხვადასხვა ტიპის მოგვარება ვეძიოთ... რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება ჩვენს გრძელვადიან ინტერესებში შედის”, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, გასულ კვირას ჟენევაში გაიმართა ”ტექნიკური მოლაპარაკებები” რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების თაობაზე რუსეთის და საქართველოს ოფიციალურ პირებს შორის. რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა გერმან გრეფმა 26 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოს ჯერ არ მოუხსნია ყველა მოთხოვნა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების თაობაზე, თუმცა გარკვეული პროგრესი მიღწეულია.
”ტექნიკური საკითხები იქნა განხილული და არ გვინდა მათი პოლიტიზირება და საჯარო განხილვისთვის წარდგენა”, - განაცხადა სააკაშვილმა.