თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, 11 თებერვალს დაგეგმილ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს გალის რაიონში ვერანაირი პროვოკაციები ხელს ვერ შეუშლის.
მისი თქმით, პროვოკაციების მოწყობას ქართული მხარე გეგმავს. ამასთან დაკავშირებით აფხაზურმა მხარემ გალის რაიონში სამართალდამცავი სტრუქტურები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანა.
”ჩვენი მონაცემებით ქართულმა მხარემ გალის რაიონში რამდენიმე ტერორისტული დაჯგუფება შეაგზავნა, რომლებმაც თავისი მოქმედებებით უნდა ჩაშალონ არჩევნები გალის რაიონის ტერიტორიაზე”, - იუწყება ”ინტერფაქსი” 9 თებერვალს ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
ბაღაფშის ინფორმაციით, გალის რაიონში ვრცელდება მოწოდებები ქართულმა მოსახლეობამ ბოიკოტი გამოუცხადოს არჩევნებს.
ამასთან, დე ფაქტო ლიდერი აცხადებს, რომ სოხუმმა ყველა კონტაქტი ”გაყინა” თბილისთან მანამ, სანამ არ იქნებიან გათავისუფლებულები გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების ადმინისტრაციის უფროსი ფრიდონ ჩაკაბერია და გალის რაიონის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით სიგუა, რომელთა გატაცებასაც აფხაზური მხარე ”ქართულ სპეცსამსახურებს” უკავშირებს.
ეს პირობა ცოტა ხნის წინ ბაღაფშმა აფხაზური დელეგაციის ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობის სანაცვლოდ დააყენა, თუმცა მოგვიანებით დე ფაქტო უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სოხუმი მონაწილეობას მიიღებს 12-13 თებერვალს გაეროს ეგიდით დაგეგმილ შეხვედრაში.