ევროკავშირი მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს კონფლიქტურ ზონებში მოქმედ სამშვიდობო ოპერაციებში, თუმცა ამგვარ მისიას მკაფიო და მიღწევადი მიზნები სჭირდება, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანამ 26 თებერვალს პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას სოლანამ განაცხადა, რომ ეს საკითხი განხილულ იქნა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე, რომელიც 26-27 თებერვალს ბრიუსელში ევროკავშირის და ნატოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავს.
”მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ მზად ვართ დასახმარებლად, მონაწილეობის მისაღებად ყველა საჭირო მისიაში მანამ, სანამ ამ მისიებს ექნებათ ნათელი მიზანი, მიზანი, რომლის მიღწევაც შესაძლებელია; წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას აზრი არ აქვს”, - განაცხადა სოლანამ.
”ასევე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ მნიშვნელობაზე, რასაც ვანიჭებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მას ექნება ჩვენი ყველანაირი მხარდაჭერა და თუ რაიმე დახმარება შეგვიძლია, ჩვენ ამ როლს შევასრულებთ”, - დასძინა მან.
თბილისი ცდილობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებში ამჟამად არსებული რუსული სამშვიდობო და მოლაპარაკებების ფორმატები საერთაშორისო ფორმატით ჩაანაცვლოს, რომელშიც ევროკავშირი, გაერო, აშშ ად ეუთო წამყვან როლს შეასრულებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 21 თებერვალს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, პოლონეთი, რუმინეთი და უკრაინა მზად არიან თავიანთი სამშვიდობოები გამოაგზავნონ საქართველოს კონფლიქტურ ზონებში, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით განხორციელდება ახალი სამშვიდობო ოპერაცია.
ბრიუსელში პრესკონფერეციაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ჩართვა საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების პროცესში სამ ”ძირითად საკითხზე” იქნება დამოკიდებული:
1. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა;
”მისი დარღვევა შეუძლებელია, რა ვითარებაც არ უნდა იყოს ”, - განაცხადა სააკაშვილმა.
2. ევროკავშირი უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში არა მარტო დე ფაქტო ხელისუფლებასთან სოხუმსა და ცხინვალში, არამედ ადგილზე მოქმედ სხვა სუბიექტებთან;
”[საჭიროა] არა მხოლოდ იმ ხალხთან საუბარი, რომელთაც ჩაიდინეს სამხედრო დანაშაულები და ეთნიკური წმენდა, არამედ საზოგადოების ყველა ფენასთან, მის თითოეულ წევრთან საუბარი”, - განაცხადა სააკაშვილმა.
3. სეპარატიზმის დაგმობა და ”დიალოგისა და შემრიგებლობის წახალისება”.
”ვფიქრობ, რომ ევროკავშირის მონაწილეობა ამ პოზიციას შეესაბამება და რასაც ჩვენ მივესალმებით, სწორედ მისი ჩართვაა”, - განაცხადა სააკაშვილმა.
მეორე საკითხზე საუბრისას სააკაშვილი აშკარად მიანიშნებდა აფხაზეთის ლეგიტიმურ მთავრობაზე, რომელსაც მალხაზ აქიშბაია ხელმძღვანელობს და სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულ მთავრობაზე, რომელსაც დიმიტრი სანაკოევი უდგას სათავეში.
12-18 თებერვალს საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს დელეგაციის გადაწყვეტილება შეხვედროდა აქიშბაიას და სანაკოევს სოხუმის და ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შემდეგ, გარკვეულწილად დაეხმარა თბილისს გაეზარდა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის და სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის როლი.
თუმცა, განსხვავებით ევროპის საბჭოს წარმომადგენლებისგან, ევროკავშირის დიპლომატები მეტ სიფრთხილეს იჩენენ ამ კუთხით. ევროკავშირის შემსწავლელმა მისიამ, რომელიც საქართველოს და მის თვითგამოცხადებულ რეგიონებს იანვარში სტუმრობდა, თავი შეიკავა აქიშბაიას და სანაკოევის მთავრობებთან შეხვედრისგან.
ხავიერ სოლანასთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კოსოვო ვერ გახდება პრეცედენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებისთვის. მან აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში ”შეიარაღებული სეპარატისტების მცირე ჯგუფმა უცხოური დახმარებით” მოსახლეობის უმეტესობა საკუთარი სახლებიდან გამოაძევა.
”თუ თქვენ დაუშვებთ ამ პრეცედენტს, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ დაუშვებთ, რომ დემოკრატიის ევროპული ტიპი იცვლება სუფთა კანიბალიზმით”, - განაცხადა სააკაშვილმა.
”იმან, რაც შესაძლოა მისაღები იყოს ერთი ადგილისთვის, შეიძლება დამატებითი პრობლემები გამოიწვიოს ბევრ სხვა ადგილზე”, - დასძინა მან.