Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტაციის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
/ 5 აპრ.'07 / 18:27
სივილ ჯორჯია

საქართველოს პარლამენტმა დღეს 165 ხმით 2 წინააღმდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სამხრეთ ოსეთში დროებითი ადმინისტრაციული ერთეული შექმნას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული ერთეული ითვალისწინებს ისეთი მექანიზმების შექმნას, რომლებიც დაეხმარება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, რეგიონის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრას და დემოკრატიული არჩევნებისთვის მომზადებას.

კანონპროტექტით, ფაქტიურად, საქართველოს სახელმწიფო იმის დეკლარირებას ახდენს, რომ დაგეგმილია დროებითი ადმინისრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნა. თავად ერთეულის შექმნა კი ცალკე დადგენილებით მოხდება, რომელსაც პარლამენტი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მიიღებს.

კანონპროეტი პარლამენტის სხდომაზე წარადგინა ნიკა გვარამიამ, ყოფილმა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან, რომელიც სულ ახლახანს გენერალური პროკურორის მოადგილე გახდა.

მან განუცხადა დეპუტატებს, რომ ხელისუფლებას სურს, რომ ეს კანონი იყოს
”მაქსიმალურად მოქნილი”, რომელიც მანევრირების მეტ საშუალებას გააჩენს.

გვარამიას განცხადებით, ეს არის უფრო ”პოლიტიკური დოკუმენტი ან დეკლარაცია”, რომლის მიზანია ქართული მხარის სამშვიდობო გზავნილი გადასცეს სამხრეთ ოსეთის ადგილობრივ მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას.

”ეს გზავნილი არის ის, რომ ჩვენ მზად ვართ მათ მაქსიმალურად ფართო ავტონომია მივანიჭოთ და ამის გაკეთებას ვაპირებთ ადგილობრივი მოსახლეობის ფართო მონაწილეობით რეგიონის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრის პროცესში,” - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კანონპროექტის თანახმად, პრეზიდენტი უფლებამოსილია წარადგინოს ”ადგილობრივი პოლიტიკური ძალების და ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლები” ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელებად.

გვარამიას თქმით, ეს დოკუმენტის ერთ-ერთი ”ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია”.

”ამაში ჩვენ ვგულისხმობთ, რომ მზად ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის -იქნება ეს [სამხრეთ ოსეთის სეპარატისტი ლიდერი ედუარდ] კოკოითი, თუ [ალტერნატიული ლიდერი დიმიტრი] სანაკოევი -  ვინც დადებითად გამოეხმაურება ჩვენს მოწოდებებს რეგიონის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრის მიზნით მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე,” - განაცხადა მან.

მისი თქმით, კანონპროექტით, მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმოების მანდატი ეძლევა დროებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას.

გვარამიას განმარტებით, მას შემდეგ რაც კანონი ძალაში შევა - პარლამენტმა ჯერ ის მეორე და მესამე მოსმენით უნდა დაამტკიცოს და შემდეგ მას ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს - პრეზიდენტი გამოსცემს სპეციალურ განკარგულებას, რომელიც დროებით ადმინისტრაციას დამატებით უფლებამოსილებებს მიანიჭებს.

მან ასევე განაცხადა, რომ ადმინისტრაციის საზღვრები ცალკე დოკუმენტით
განისაზღვრება, რომელსაც პარლამენტი და პრეზიდენტი ერთობლივად შეათანხმებენ.

”არ არის აუცილებელი, რომ მომავალი ადმინისტრაციის საზღვრებში სამხრეთ ოსეთის მთელი ტერიტორია შედიოდეს,” - განაცხადა გვარამიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ დროებით ადმინისტრაციას ექნება რეგიონში
ინფრასტრუქტურული რეაბილიტაციის პროექტების განხორციელების ბერკეტი. ადმინისტრაცია  სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

მრავალპარტიული მხარდაჭერა

კანონპროექტს მხარი ყველა ძირითადმა საპარლამენტო ოპოზიციურმა ჯგუფმა დაუჭირა. მარტში ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი დეკლარაციის მიღების შემდეგ, ეს უკვე ერთსულოვანი მხარდაჭერის მეორე შემთხვევაა ბოლო თვეების მანძილზე.

”ვადასტურებ, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციების შემდეგ, ჩვენი ფრაქცია მზად არის მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას... ეს იძლევა შანსს წინ წავიწიოთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ,” - განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ.

იგი მიესალმა ხელისუფლების გადაწყვეტილებას კანონპროექტის შემუშავების პროცესში ოპოზიციის ლიდერების ჩართვის თაობაზე და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ამ ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილი შემდგომი ღონისძიებების დროსაც გაგრძელდება.

”ჩვენ ამ კანონპროექტის მხარდაჭერით გარკვეული პასუხისმგებლობა ავიღეთ და მზად ვართ უფრო მეტი პასუხისმგებლობაც ავიღოთ... მაგრამ ამ პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიზიარებთ, თუ გვექნება შესაძლებლობა განხორციელების პროცესშიც ჩავერთოთ,” - განაცხადა გამყრელიძემ.

ამის საპასუხოდ დეპუტატმა გიგა ბოკერიამ ნაციონალური მოძრაობიდან განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის ამ საკითხზე ოპოზიციასთან შემდგომი თანამშრომლობისთვის.

”ჩვენ ერთ ნავში ვზივართ... ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს
ინიციატივა ფართო პოლიტიკური კონსენსუსის შედეგია,”- განაცხადა ბოკერიამ.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მრეწველთა, კონსერვატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან ასევე დაუჭირეს მხარი კანონპროექტს.

მხოლოდ ორმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი კანონპროექტს - გოჩა ჯოჯუამ და გოგი წულაიამ ახლადშექმნილი პარტია ”ეროვნული ფორუმიდან” . ამ
პარტიას ხელისუფლებამ ”პრორუსული” უწოდა ნატოს საწინააღმდეგო პოზიციის გამო.

”ვფიქრობ, ეს კანონპროექტი არის ხელისუფლების ფიარ-კამპანია, რაც მიზნად ისახავს იმ ილუზიის შექმნას, რომ არის გარკვეული გარღვევა კონფლიქტის მოგვარების პროცესში. ვერ ვხედავ, როგორ დაგვაახლოვებს ეს ინიციატივა კონფლიქტის მოგვარებასთან,” - განუცხადა დეპუტატმა ჯოჯუამ კოლეგებს.

წარუმატებელი ინიციატივები

რესპუბლიკური პარტიიდან ოპოზიციონერი დეპუტატი ივლიანე ხაინდარავა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას მიესალმა კონფლიქტის მოგვარების თაობაზე ხელისუფლების ახალ ინიციატივას, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ”ინიციატივა თვითმიზანი არ უნდა იყოს”.

თავის გამოსვლაში ივლიანე ხაინდრავამ გაიხსენა ყველა ის სამშვიდობო ინიციატივა ან გეგმა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ 2004 წლის შემდეგ გაახმოვანა.

2004 წლის ზაფხულში განხორციელდა ე.წ. ჰუმანიტარული შტურმის მცდელობა... რასაც მოყვა [სამხედრო] ავანტიურული ხასიათის წამოწყება და მან წლებით დაგვაშორა მიზნის მიღწევას... შემდეგ დაიწყო პროცესი ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში მოლაპარაკებებისა, რაზეც თქმა იმისა, რომ ძალიან ნაყოფიერი პროცესი იყო, ნამდვილად არ შეიძლება. შემდეგ ჩვენ გვქონდა საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერილი სამშვიდობო გეგმა 2005 წელს... თუმცა, ეს სამწუხაროდ არ განხორციელდა და მგონი, უკვე აღარავის აღარც კი ახსოვს... შემდეგ იყო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის გეგმა, რომელმაც სერიოზული მხარდაჭერა ჰპოვა საერთაშორისო ორგანიზაციების და დონორი ქვეყნების მხრიდან, მაგრამ შემდეგ ეს ინიაციატივაც რაღაცნაირად აორთქლდა,” - განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს სამშვიდობო ინიციატივა ”დასაბუთებული” იყო, ვერც ერთი მათგანი ვერ განხორციელდა სრულად.

”რატომ არ არის გაანალიზებული, თუ რატომ არ იქნა არც ერთი ეს ინიციატივა ბოლომდე მიყვანილი და ამოწურული ყველა ის შესაძლებლობა... წინ სვლა წინა ნაბიჯის შედეგიანობის თუ უშედეგობის გააზრების საფუძველზე უნდა მოხდეს,” - დასძინა ხაინდრავამ.

თუმცა, გიგა ბოკერიამ უარყო ეს კრიტიკა და განაცხადა, რომ ხელისუფლება
თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს და კონფლიქტის მოგვარების კუთხით
გადადგმული ყველა ნაბიჯი ”არის ერთიანი პოლიტიკური ხედვის ლოგიკური გაგრძელება”.

 


 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16