ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია აცხადებს, რომ საქართველოს კანონი საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინალური პასუხისმგებლობის შესახებ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს, რომლებიც რეალურ საფრთხეს უქმნიან სასამარლო სისტემის დამოუკიდებლობას და საბოლოო ჯამში კანონის უზენაესობას.
”ამიტომ, საჭიროა ამ კანონის გადახედვა და მისი დებულებების უფრო გასაგებად ჩამოყალიბება, რათა მოხდეს მათი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა,”- ნათქვამია ვენეციის კომისიის მიერ 70-ე პლენარულ სხდომაზე მარტში მიღებულ დასკვნაში .
ვენეციის კომისია აცხადებს, რომ კანონის ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა მოსამართლეთა დევნის საშიშროებას ქმნის. ასევე საჭიროა ოქროს შუალედის გამოძებნა მოსამართლეთა დისციპლინარულ პასუხისმგებლობასა და მათი დამოუკიდებლობის გარანტიებს შორის, რათა ამ უკანასკნელს საფრთხე არ შეექმნას.
დასკვნაში ასევე საუბარია ე.წ ”მეამბოხე მოსამართლეების” შემთხვევაზეც, რომელთა წინააღმდეგ საქართველოს იუსტიციის საბჭოს დისციპლინარული კოლეგიის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ სერიოზული დებატები გამოიწვია. ე.წ ”მეამბოხე მოსამართლეთა” დიდ ნაწილს თანამდებობები დაატოვებინეს.
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნა უპრეცედენტოდ კრიტიკულია საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ხიდაშელი მმართველ უმრავლესობას მოუწოდებს დასკვნის შესაბამისად გადახედოს კანონმდებლობას.