გურამ შარაძის მკვლელობის ფაქტს ორგვარ შეფასებას აძლევენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ხელისუფლების დაკვეთა იყო, ნაწილი კი გამორიცხავს ამ ვერსიას. ხელისუფლება კი ”ცილისწამებისაგან” თავშეკავებას ურჩევს, თუმცა მკვლელობის მოტივებზე ჯერ არ საუბრობს.
67 წლის გურამ შარაძე, წინა ორი მოწვევის პარლამენტარი და საზოგადო მოღვაწე, 20 მაისს საღამოს ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელი, რომელიც შარაძის ოჯახის ახლობელი იყო, პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცავები მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ გიორგი ბარათელმა აღიარებითი ჩვენება მისცა.
”მიუხედავად იმისა, რა ვერსიას წამოაყენებს ხელისუფლება, მკვლელობა ნებისმიერ ვარიანტში არის პოლიტიკური,”- განაცხადა დღეს ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.
”ახალი მემარჯვენეები” აცხადებენ, რომ გურამ შარაძის მკვლელობა ხელისუფლებას აწყობდა.
”როგორც წესი ასეთი მკვლელობებისთვის ირჩევენ ადამიანებს, რომლებსაც სერიოზული პრობლემები აქვთ სამართალდამცავებთან, აქვთ მაკომპრომეტირებელი წარსული. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც ჩვენ ასეთ ფაქტთან გვაქვს საქმე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ხმები, რომელიც ვრცელდება გიორგი ბარათელის წარსულთან დაკავშირებით, რომ მას სამართალდამცავები აკითხავდნენ და მიაკითხეს სწორედ მკვლელობის დღესაც, იქნებოდა გაუმართლებელი,”- განუცხადა დღეს ჟურნალისტებს მემარჯვენეები წარმომადგენელმა, დეპუტატმა მანანა ნაჭყებიამ.
”იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ეს არ მიემატება ამ ხელისუფლების დროს გახმაურებულ და გამოუძიებელ მკვლელობებს, მე მხედველობაში მაქვს ზურაბ ჟვანიადან დაწყებული სანდრო გირგვლიანის მკვლელობებით დამთავრებული,”- განაცხადა დეპუტატმა კონსერვატიული პარტიიდან კახა კუკავამ.
თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ უმოკლეს ვადაში გაიხსნება საქმე, რადგან ეს სამართალდამცავი ორგანოების ”ღირსების საკითხია”. მან ”სრული აბსურდი” უწოდა ოპოზიციის ნაწილის ბრალდებებს მკვლელობის ხელისუფლების მიერ დაკვეთასთან დაკავშირებით.
”ადამიანს, როცა ასეთ ბრალდებას წარმოთქვამს, მეტი ზნეობრიობა და გააზრება სჭირდება. ასეთ [დაკვეთის] შემთხვევაში სამართალდამცავები მაქსიმუმს არ გააკეთებდნენ და უმოკლეს პერიოდში არ დააკავებდნენ ბოროტმოქმედს,”- განუცხადა ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს.