ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართვა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, განაცხადა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ახალმა სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ 19 ივლისს.
დავით ბაქრაძემ, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობდა, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე 19 ივლისს მერაბ ანთაძე ჩაანაცვლა. მერაბ ანთაძე კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში - მას ეს თანამდებობა გასული წლის ივლისში სახელმწიფო მინისტრად დანიშვნამდე, 1998 წლიდან ეკავა.
ტელეკომპანია ”მზესთან” ინტერვიუში დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ მისი დანიშვნა არ ნიშნავს კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე თბილისის პოლიტიკაში რაიმე კარდინალურ ცვლილებებს.
”რადიკალური ცვლილებები უკვე მოხდა კონფლიქტების მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით გასული წელიწადნახევრის მანძილზე,” - განაცხადა მან და მაგალითად სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის შექმნა და ზემო კოდორის ხეობაში საქართველოს ხელისუფლების სრული კონტროლის აღდგენა დაასახელა.
მისი თქმით, ამ ორმა მოვლენამ ”რადიკალურად შეცვალა ძალთა განლაგება” ადგილზე, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში.
”პოლიტიკის რადიკალურად შეცვლის საჭიროება არ არსებობს”, - განაცხადა ბაქრაძემ. ”შევეცდები ხელი შევუწყო ამ პროცესს ჩემი ყოფილი თანამდებობის [პარლამენტში] საფუძველზე და ასევე იმ კონტაქტების საფუძველზე, რომელიც მე გამაჩნია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და არა მხოლოდ მათთან”.
”ჩემი მთავარი პრიორიტეტი იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უფრო აქტიური ჩართვა კონფლიქტის მოგვარების პროცესში,” - დასძინა მან.
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ასევე მიანიშნა, რომ ბაქრაძეს ”კარგი კონტაქტები აქვს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპაში, რაც სასარგებლო იქნება მომავალ მუშაობაში”.
19 ივლისს მან ასევე განაცხადა, რომ ბაქრაძეს გააჩნია რესურსი ”განაგრძოს მოლაპარაკებები დე ფაქტო ხელისუფლებასთან [ცხინვალში] და ბუნებრივია, ასევე დროებით ადმინისტრაციასთან”.
კოტე გაბაშვილმა, რომელიც პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ ეს ცვლილება მთავრობაში გამოიწვია ”ახალი განზომილების” წარმოშობამ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში - იგი სავარაუდოდ დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციას გულისხმობდა.
”ამ ახალ განზომილებას ახალი მიდგომები სჭირდება... და ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო ბატონი ბაქრაძის შერჩევა ამ თანამდებობაზე,” - განაცხადა გაბაშვილმა.
ეს საკადრო ცვლილება განხორციელდა მას შემდეგ, რაც 18 ივლისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის წევრებს განუცხადა, რომ ”კონფლიქტების დარეგულირების პრობლემები ბევრად უფრო ინტენსიური და ქმედითი უნდა გახდეს” და აქვე დასძინა, რომ ამ საკითხებს ”უნდა მივუდგეთ სიფრთხილით, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალიან თამამად”.
პრეზიდენტმა ისაუბრა სამთავრობო კომისიის შექმნის გეგმებზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის სტატუსს განიხილავს სანაკოევის ადმინისტრაციასთან და გააფრთხილა მთავრობის წევრები, რომ ”გარკვეული დროის ჩარჩო არსებობს და ყველამ უნდა ვიმუშაოთ დღე და ღამე”.
35 წლის დავით ბაქრაძე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტს თავმჯდომარეობდა. იგი ასევე იყო ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თანათავმჯდომარე. მან დიდი წვლილი შეიტანა დიმიტრი სანაკოევის ბრიუსელში ვიზიტის ორგანიზებაში. ეს ვიზიტი თბილისის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სანაკოევის საერთაშორისო დონეზე წარდგენის თვალსაზრისით.
განათლებით ფიზიკოსმა დავით ბაქრაძემ 1997 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა და ერთი წლის შემდეგ განიარაღებისა და იარაღის კონტროლის განყოფილების უფროსი გახდა. 2002 წელს იგი ეროვნული უშიშროების საბჭოში გადავიდა და 2003 წელს საბჭოს საგარეო პოლიტიკისა და კონფლიქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა. ერთი წლის შემდეგ მან პარლამენტის დეპუტატის მანდატი მიიღო ნაციონალური მოძრაობის სიით.