Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სამხრეთ ოსეთის სტატუსის განმსაზღვრელი კომისია ხუთ მიმართულებაზე იმუშავებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 ივლ.'07 / 11:43
სივილ ჯორჯია

თბილისმა ბოლო ორი წლის მანძილზე უკვე მეორედ დაიწყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრის ”ყოვლისმომცველი პროცესი”. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაგმო ეს პროცესი და მას ”უკანონო” და ”აბსურდული” უწოდა.

სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრის მიზნით შექმნილი სახელმწიფო კომისიის ფარგლებში ხუთი სამუშაო ჯგუფი იმუშავებს კონსტიტუციურ-სამართლებრივ, ფინანსურ, ეკონომიკურ, განათლების და კულტურის მიმართულებებზე.

ამის შესახებ გადაწყვეტილება 24 ივლისს კომისიის პირველ შეკრებაზე იქნა მიღებული, რომელსაც მთავრობის თითქმის ყველა წევრი, პარლამენტარები,  სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და 15-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.

პირველად, თბილისმა თავისი ხედვა სამხრეთ ოსეთის სტატუსის თაობაზე 2005 წელს გაახმოვანა, როდესაც შეიმუშავა დოკუმენტი”საქართველოს მთავრობის ინიციატივა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით” . თუმცა, მას შემდეგ დოკუმენტი დავიწყებას მიეცა. სავარაუდოდ, სტატუსის შესახებ ახალ დოკუმენტს 2005 წლის ინიციატივები დაედება საფუძვლად. 

კომისიის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, სამუშაო ჯგუფები ინტენსიურად იმუშავებენ იმ ძირითადი ფუძემდებლური დოკუმენტების შემუშავებაზე, რომელთა მიხედვით საბოლოოდ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსი განისაზღვრება.

სამუშაო ჯგუფები რამდენიმე დღეში დაკომპლექტდება და მათ კოორდინაციას კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ახლად დანიშნულ მინისტრი დავით ბაქრაძე გაუწევს

თბილისის სურვილია, რომ რუსეთმა და ევროკავშირმა საკუთარი წარმომადგენლები მოავლინონ კომისიაში სამუშაოდ. პრემიერ-მინისტრმა შესაბამისი დავალება სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს მისცა.

”ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისკენ მიმართულ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ პრეზიდენტის დავალებით... ჩვენი პოზიციები ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული: ჩვენ გვინდა ამ კონფლიქტის ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობიანად მოგვარება იმისათვის, რომ  რეგიონის ყველა მოქალაქემ შეძლოს მშვიდობიანად თანაცხოვრება”, - განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა კომისიის სხდომაზე.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ კომისიის კარი ღიაა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებისა და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მაცხოვრებლებისათვის. ამასთან დაკავშირებით, პრემიერმა დაავალა დავით ბაქრაძეს შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში დააყენოს საკითხი სტატუსის განმსაზღვრელ კომისიაში ეთნიკური ოსების მონაწილეობის თაობაზე.

ქართულმა მხარემ კომისიაში მუშაობის შეთავაზება წერილობითი ფორმით უკვე გაუგზავნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგანგებო დავალებათა მინისტრს ბორის ჩოჩიევს, თუმცა ”ჯერ-ჯერობით გამოხმაურება არ ყოფილა”.

”დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ამ კომისიის მიზანია რეგიონის  მომავლის განსაზღვრა აბსოლუტურად მშვიდობიანი გზით და ვთხოვეთ მას [ჩოჩიევს] არ შექმნილიყო დაბრკოლებები საზოგადოებრიობის წარმომადგენელთათვის ამ კომისიაში სამუშაოდ”, - განაცხადა სხდომაზე დავით ბაქრაძემ.

ცხინვალის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის სტატუსი უკვე განისაზღვრა 1992 წლის რეფერენდუმის დროს და კიდევ ერთხელ დადასტურდა განმეორებითი რეფერენდუმის შედეგად გასული წლის ნოემბერში. თუმცა არც ერთ რეფერენდუმს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.

”აბსურდულია, რომ ქართული მხარე ”მოლაპარაკებების” გამართვას გეგმავს თავის მარიონეტებთან სოფელ ქურთაში დიმიტრი სანაკოევის ხელმძღვანელობით. ეს პიროვნება ოსური საზოგადოებიდან განდევნილია. საკუთარმა ნათესავებმაც კი შეაქციეს მას ზურგი,” - ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, თბილისის გადაწყვეტილება ”ცალმხრივად განსაზღვროს” სამხრეთ ოსეთის სტატუსი უკვე არსებული შეთანხმებების დარღვევას ნიშნავს. ეს შეთანხმებები ითვალისწინებს კონფლიქტის მოგვარების მიზნით ერთობლივი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებას სამეტაპიანი გეგმის საფუძველზე .

”ქართულმა მხარემ, სანაცვლოდ, გადაწყვიტა ცალკე მოლაპარაკებები გამართოს თავის ოფიციალურ წარმომადგენლებთან[სანაკოევის ადმინისტრაციასთან], რომელთაც არაფერი აქვთ საერთო სამხრეთ ოსეთთან,” - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ქართული მხარე ჩქარობს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებას კოსოვოს საკითხის გამო.

”[კოსოვოს] დამოუკიდებლობა საყოველთაო პრეცედენტი გახდება სამხრეთ ოსეთისთვის, აფხაზეთისთვის და დნესტრისპირეთისთვის, რომელთაც უფრო მეტი იურიდიული საფუძველი აქვთ დამოუკიდებლობისთვის. ეს უბიძგებს სააკაშვილს მიზამნიმართული ნაბიჯები გადადგას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ესკალაციისკენ,” - ნათქვამია ცხინვალის განცხადებაში.

სახელმწიფო კომისიის 24 ივლისის სხდომას მხოლოდ ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ესწრებოდა. რესპუბლიკელმა ივლიანე ხაინდრავამ კომისიაში წარადგინა პარტიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის დარეგულირებისა და სტატუსის შესახებ.

”რესპუბლიკური პარტიის ამ კომისიაში მონაწილეობა ლოგიკურია, ვინაიდან დიდი ხანია კონფლიქტების დარეგულირების საკითხზე ვმუშაობთ”, - განუცხადა ჟურნალისტებს ხაინდრავამ.

ზურაბ ნოღაიდელმა იმედი გამოთქვა, რომ კომისიის მუშაობას სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდებიან, რადგან ”ეს ისეთი საკითხია, რომელზეც საქართველოში და მთელ პოლიტიკურ სპექტრში სრული კონსენსუსი არსებობს”.

სახელმწიფო კომისიის მომდევნო სხდომა 28 ივლისს სოფელ ქურთაში, დროებითი ადმინისტრაციის რეზიდენციაში ჩატარდება. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27