Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთი აცხადებს, რომ აფხაზ სამხედროებს ქართველი ”დივერსანტები” დაესხნენ თავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 სექ.'07 / 12:34
სივილ ჯორჯია

რუსეთმა მხარი დაუჭირა 20 სექტემბრის ინციდენტის სოხუმისეულ ვერსიას და განაცხადა, რომ აფხაზურ ძალებს ”ქართველ დივერსანტთა ჯგუფი” დაესხა თავს.

”თავდასხმა განხორციელდა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტი-ტერორისტული ცენტრის ბაზაზე ტყვარჩელის მახლობლად,” - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

”სერიოზული შეიარაღებული შეტაკება ”ცხელ” რაიონში” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიდ შეშფოთებას იწვევს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 სექტემბერს მომხდარი შეტაკების შედეგად ორი აფხაზი მებრძოლი დაიღუპა, ორი დაშავდა, ხოლო შვიდი ქართულმა მხარემ დააკავა. აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებით,  მსხვერპლი ქართული მხრიდანაც არის, თუმცა ოფიციალური თბილისი უარყოფს ამ ინფორმაციას. 

შეტაკების ზუსტი ადგილის შესახებ ინფორმაცია კვლავ ურთიერთსაპირისპიროა.

საქართველოს წარმომადგენელმა გაეროში ირაკლი ალასანიამ ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეტაკება ხოჯალის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობის ძირში მოხდა.  

ეს ადგილი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის საზღვარზე მდებარეობს - ტყვარჩელიდან 10 კილომეტრში. ალასანიას მიერ მითითებული ადგილი აფხაზეთის ტერიტორიის გარეთაა.

საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესმა” ასევე განაცხადა 21 სექტემბერს, რომ შეტაკება ხოჯალის მთასთან მოხდა, სადაც, სააგენტოს თქმით, აფხაზური ძალების ”სადამკვირვებლო პოსტია” განთავსებული. ამრიგად, ეს ადგილი საზღვრის აფხაზურ მხარეს, ტყვარჩელის რაიონში მდებარეობს.

ასევე შეუსაბამოა აფხაზური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თავდასხმის ობიექტთან დაკავშირებითაც.

აფხაზურმა მხარემ თავდაპირველად განაცხადა, რომ თავდასხმა საწვრთნელ ბანაკზე განხორციელდა და ახალწვეულები დაიღუპნენ. შემდეგ აფხაზეთის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ მესაზღვრეთა საწვრთნელ ბანაკს დაესხნენ თავს.  რუსეთის საგარეო უწყება კი იტყობინება, რომ თავდასხმა აფხაზეთის ანტი-ტერიტორისტულ ცენტრზე მოხდა.

ოფიციალური თბილისის განცხადებით, შეტაკების ადგილი ახლოსაა მშენებარე სტრატეგიული მნიშვნელობის გზასთან. ეს გზა ზემო კოდორის ხეობას დანარჩენ საქართველოს აკავშირებს.

ირაკლი ალასანიას თქმით, აფხაზ მებრძოლთა ჯგუფი, რომელიც გზის მშენებლობის დამცველმა პოლიციელებმა ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე შენიშნეს, მიზნად ისახავდა ”დაზვერვას და შემდეგ მშენებარე გზის და მისი ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანას”.

მისი თქმით, ეს პროვოკაცია იყო ”იმ შემაშფოთებელი მოვლენების ჯაჭვის ნაწილი”, რასაც ადგილი აქვს შარშანდელი ზაფხულიდან - მას შემდეგ რაც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ზემო კოდორის ხეობაზე კონტროლი აღადგინა.

თბილისმაც და მოსკოვმაც საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიას ინციდენტის დაუყონებლივ გამოძიებისკენ მოუწოდეს.

გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიშელ მონტასმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში უკვე დაიწყო 20 სექტემბერს მომხდარი შეტაკების ფაქტის გამოძიება.

პროცედურების თანახმად, შეიქმნება ოთხმხრივი ერთობლივი შემსწავლელი ჯგუფი, რომელსაც გაეროს დამკვირვებლები უხელმძღვანელებენ. ჯგუფში ასევე შევლენ რუსი სამშვიდობოები და ქართული და აფხაზური მხარეების წარმომადგენლები.

ჯგუფის დასკვნაში ოთხივე მხარის შეხედულებები უნდა აისახოს. თუმცა დაგროვილი გამოცდილება აჩვენებს, რომ კონფლიქტის ზონაში მომხდარი სხვადასხვა ინციდენტების გამოძიების შედეგებზე კონსენსუსის საფუძველზე დაწერილი ანგარიშები ხშირად არასრულყოფილია, როგორც ეს 11 მარტს ზემო კოდორის ხეობის დაბომბვის ფაქტის გამოძიების დროს მოხდა.  

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16