პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ქიტოშვილი გამოძალვის ბრალდებით დააპატიმრეს, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალური პროკურორის მოადგილემ ნიკა გვარამიამ.
მისი განცხადებით, საქმე ეხება დიმიტრი ქიტოშვილის კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარეობის დროს ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, რომელიც ”განხორციელდა “ნაციონალური მოძრაობის” სახელით, რაც დასტურდება საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით”.
კერძოდ, 2006 წლის ოქტომბერში დიმიტრი ქიტოშვილი შეხვდა პარლამენტის ყოფილ წევრს, ამჟამად ბიზნესმენ ჯემალ სვანიძეს და აიძულა შპს “ჯეოსელში” მისი კუთვნილი დაახლოებით 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 2,6%-იანი წილი ნომინალურ ღირებულებად - 250 ათას აშშ დოლარად 2006 წლის ნოემბერში დაეთმო შპს “არტის” დამფუძნებლის, გურამ გოგუას სასარგებლოდ, რომელიც ამ ოპერაციაში წარმოადგენდა ფიქტიურ მხარეს.
გვარამიას განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლის ჩარჩოებში გამონაკლისი ვერ იქნება დაშვებული ვერცერთი მაღალი თანმდებობის პირის მიმართ, მიუხედავად მათი ”პოლიტიკური შეხედულებებისა და პარტიული კუთვნილებისა”.
პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს ქიტოშვილისთვის აღმკვეთი ღონისიების სახით წინასწარი ორთვიანი პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
ქიტოშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად აპრილში დაინიშნა. 2004 წლის ივნისიდან იგი კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიას ედგა სათავეში. ქიტოშვილი 2003 წლის ბოლოდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, ”ვარდების რევოლუციის” მოვლენების დროს კი ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი იყო ცსკ-ში. მანამდე კი იგი საადვოკატო სფეროში საქმიანობდა, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილის პარტნიორი იყო.
ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატის ვარაუდით, ქიტოშვილის დაპატიმრება შესაძლოა ხელისუფლების მიერ ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გაძლიერების სიგნალი იყოს.
ქიტოშვილის დაპატიმრებიდან ცოტა ხნის შემდეგ ქართულმა საინფორმაციო სააგენტოებმა განაცხადეს, რომ ოქრუაშვილი 25 სექტემბერს საგანგებო განცხადების გაკეთების გეგმავს. თუ ეს დადასტურდა, ეს იქნება ოქრუაშვილის პირველი საჯარო გამოსვლა მას შემდეგ, რაც მან გასული წლის ნოემბერში მთავრობა დატოვა.
ქიტოშვილის დაპატიმრება დეპუტატების უმეტესობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
”ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნეული და მოულოდნელია,” - განუცხადა დეპუტატმა ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ქიტოშვილის საქმის დაკავშირება ოქრუაშვილთან მხოლოდ ”სპეცულაციაა”.
”ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მოხდა. თუმცა, ამგვარი ტიპის კორუფციული გარიგების პატიება არ შეიძლება,” - განაცხადა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა უმრავლესობიდან.