საპროტესტო აქციაზე დიდი რაოდენობის მონაწილეებით გამხნევებული ოპოზიცია შეეცდება მეტი იმპულსი შესძინოს თავის კამპანიას და აქციები ორშაბათიდან საქართველოს რეგიონებშიც დაიწყოს. ამასობაში, სააკაშვილის ადმინისტრაციის ლიდერები ოპოზიციას შანტაჟში ადანაშაულებენ.
ათასობით ადამიანი შეიკრიბა 28 სექტემბერს პარლამენტის წინ, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების მეორე დღეს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, 20 000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა აქციაში; სხვა ინფორმაციით, შეკრებილთა რაოდენობა 10 000-დან 15 000-მდე მერყეობდა. თუმცა მიუხედავად ზუსტი მონაცემის არ არსებობისა, 2003 წლის შემდეგ ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი აქცია იყო ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ.
თავიანთ ემოციურ გამოსვლებში, აქციის მონაწილენი ძირითადად მოითხოვდნენ: ოქრუაშვილის გათავისუფლებას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და ”საქართველო პრეზიდენტის გარეშე” - ანუ საპრეზიდენტო ინსტიტუტის გაუქმებას.
აქციას თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია შეუერთდა, გარდა ”ახალი მემარჯვენეებისა”.
რესპუბლიკური პარტიის წევრმა თინა ხიდაშელმა 28 სექტემბერს განაცხადა, რომ მთავარი ამოცანაა ამ კამპანიაში მთელი საქართველოს ჩართვა.
”ეს უნდა იყოს საარჩევნო რევოლუცია,” - განაცხადა მან ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში 28 სექტემბერს, ”იმედი მაქვს და მჯერა, რომ ეს იქნება საარჩევნო რევოლუცია და სხვა არაფერი”.
თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს აქვს შანსი თავიდან აიცილოს ”საარჩევნო რევოლუცია” თავისი გარემოცვის თავიდან მოცილებით. მან კონკრეტულად მოიხსენია შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
ხიდაშელის განცხადებები გარკვეულწილად ეხმაურება ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში მისი დაპატიმრებიდან ერთი დღით ადრე, რომელმაც აღნიშნა, რომ ”სანამ გვიანი არაა, სააკაშვილმა უნდა მოახდინოს პოლიტიკური პროცესების შემობრუნება”.
მისი თქმით, ამ პროცესის ხელშესაწყობად სააკაშვილმა უნდა ”მოახდინოს, აუცილებლად, უსახური ხალხის გაყრა”.
თავის წინა განცხადებებში ოქრუაშვილმა, პრეზიდენტ სააკაშვილის პარალელურად ასევე მიიტანა იერიში დეპუტატ გიგა ბოკერიაზე, რომელსაც სააკაშვილის ”მთავარი იდეოლოგი” უწოდა და ასევე შინაგან საქმეთა მინისრტზე, ვანო მერაბიშვილზე.
ყველაზე პარადოქსული ამ სიტუაციაში ის არის, რომ პოლიტიკური პარტიების უმეტესობა, რომელთაც ალიანსი შექმნეს, ოქრუაშვილს მწვავედ აკრიტიკებდნენ, როდესაც ის მთავრობაში იყო. ახლაც ისინი აცხადებენ, რომ ეს კამპანია ოქრუაშვილის დროშის ქვეშ არ ხორციელდება.
”საქმე არ ეხება ოქრუაშვილის დროშის ქვეშ გაერთიანებას; საქმე ეხება დემოკრატიას,” - განუცხადა ”საქართველოს გზის” ლიდერმა სლომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონიდან ტელეკომპანია ”იმედს” 28 სექტემბერს.
ზურაბიშვილი რესპუბლიკელების ლიდერთან დავით უსუფაშვილთან და პარტია ”თავისუფების” ლიდერთან კონსტანტინე გამსახურდიასთან ერთად ვაშინგტონს სტუმრობს.
სამივე ოპოზიციონერი ლიდერი 28 სექტემბერს ნიქსონის ცენტრში გამოვიდა სიტყვით და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ნიქსონის ცენტრის ვებგვერდის ცნობით, მათ ასევე ისაუბრეს ”სააკაშვილის მიერ დემოკრატიული სტანდარტების დაცვის შესახებ არსებულ კითხვებზე”.
ვაშინგტონიდან ტელეკომპანია ”იმედთან” საუბრისას დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეაშფოთა საქართველოში არსებულმა ვითარებამ. ”ისინი სვამენ შეკითხვას: არსებობს რაიმე ალტერნატიული დემოკრატიული პოლიტიკური ძალა საქართველოში?” - განაცხადა უსუფაშვილმა.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ 28 სექტემბერს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები არის ოპოზიციის მცდელობა ხელისუფლების ”დაშანტაჟებისა”.
მისი თქმით, არაორდინალური არ არის ოქრუაშვილის დაპატიმრებისათვის შერჩეული მომენტი, რომელიც მის მიერ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებების გახმოვანებიდან ორ დღეში მოხდა.
”ის დაპატიმრებულ იქნა მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვეთ აშკარა მტკიცებულებები იმ მძიმე დანაშაულებისა, რომლებისთვისაც ის გაასამართლეს,” - განაცხადა უგულავამ.
ოქრუაშვილს, რომელიც 27 სექტემბერს დააკავეს, ფულის გამოძალვაში, ფულის გათეთრებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში ედება ბრალი. 28 სექტემბერს გენერალური პროკურატურის მიერ გახმოვანებულ ერთ-ერთ ბოლო ბრალდებაში ოქრუაშვილს ბრალად ედება ”დაჟანგუნი ტყვიების” შეძენა შეიარაღებული ძალებისთვის.
”ჩვენი ჯარისკაცები შეიძლება დაღუპულიყვნენ ამ დაჟანგული ტყვიების გამო,” - განაცხადა უგულავამ. ”და არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანი შეიკრიბება საპროტესტო აქციაზე, ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია”.
”ჩვენი მტკიცე პოზიციაა ვებრძოლოთ კორუფციას, ჩვენ გვაქვს მტკიცე პოლიტიკური ნება განვაგრძოთ კორუფციასთან ბრძოლა,” - დასძინა მან.