Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სხეფერი საქართველო-ნატოს ურთიერთობების პრიორიტეტებზე საუბრობს
/ 4 ოქტ.'07 / 18:08
სივილ ჯორჯია

მხოლოდ თავდაცვის სისტემის მოდერნიზება არ წარმოადგენს ნატოს პრიორიტეტს, განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 4 ოქტომბერს თბილისში, ”საჭიროა პროგრესის გაგრძელება, განსაკუთრებით სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მხრივ”.
 
სხეფერმა, რომელიც საქართველოს მეორედ სტუმრობს ბოლო სამი წლის განმავლობაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ”საჭიროა უფრო მეტი გამჭვირვალობა პოლიტიკური ისტაბლიშმენტის მხრიდან”.
 
მოსალოდნელია, რომ ოპოზიციური პარტიები ამ განცხადებებს აიტაცებენ, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე. როგორც ცნობილია ძირითადი ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ, რათა ხელისუფლება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე დაიყოლიონ, რამაც ბოლო უნდა მოუღოს, მათი თქმით, ”მმართველობის ავტორიტარულ სტილს”.
 
ქართველი მიმოხილველების განცხადებით, სხეფერის ამ ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რომელსაც ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღების იმედი აქვს 2008 წლის აპრილში, როდესაც ბუქარესტში ნატოს სამიტი გაიმართება.
 
თუმცა, ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ვიზიტის დრო არც თუ ისე ხელსაყრელია, რადგან მას წინ უძღოდა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება. მათი თქმით, იმ ვარაუდებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს, არცთუ სახარბიელო შეფასებები მოყვება ბრიუსელში.
 
თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე საუბრისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო თვალყურს მიადევნებს რამდენად რაციონალურად მოხდება თავდაცვის გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯვა. 
 
წელს საქართველოს რეკორდულად მაღალი თავდაცვის ბიუჯეტი აქვს, რომელიც 1.271 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს თანხა მთლიანი სახელმწიფო ხარჯების 22%-ს და ქვეყნის მშპ-ს 7%-ზე მეტს შეადგენს. 
 
”ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენულ უფლებას დახარჯოს იმდენი თავდაცვაზე, რამდენსაც გადაწყვეტს და ისე მოაწყოს თავისი სამხედრო ძალები, როგორც ჩათვლის საჭიროდ,” - განაცხადა სხეფერმა, ”თუმცა, ალიანსი ყურადღებით გაადევნებს თვალს, თუ როგორ წარიმართება თავდაცვის პროცესი, რათა დარწმუნდეს, რომ ფული რაციონალურად იხარჯება, შეთანხმებული გეგმის მიხედვით და დაბალანსებული იქნება სხვა პრიორიტეტებთან, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა და განათლება”.
 
მან ასევე აღნიშნა, რომ ნატო განაგრძობს თვალყურის დევნებას ”რეფორმების განხორციელების მთელ პროცესზე” და მისი თქმით, ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია კანონის უზენაესობა, ”რაც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ქვაკუთხედია”. 
 
”საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სასამართლო სისტემის რეფორმის შემუშავებასა და მისი განხორციელების დაწყებაში,” - განაცხადა სხეფერმა, ”თუმცა საჭიროა პროგრესის გაგრძელება, განსაკუთრებით სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მხრივ.”
 
”ასევე მიგვაჩნია, რომ საჭიროა მეტი გამჭვირვალობა პოლიტიკური ისტაბლიშმენტის მხრიდან - რათა მოხდეს რეფორმების უკეთესად ახსნა და განხილვა საზოგადოებასთან, რათა გაძლიერდეს მათდამი [რეფორმებისადმი] ნდობა და მოხდეს დემოკრატიული პროცესის კონსოლიდირება”.
 
”ეს კიდევ ერთი სფეროა, რომელზეც ასევე გავამახვილებთ ყურადღებას თქვენი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სადაც, იმედი გვაქვს, გაგრძელდება ის პოზიტიური ტენდენცია, რომელიც ჩვენ გასულ წელს ადგილობრივი არჩევნების დროს ვიხილეთ,” დასძინა სხეფერმა.
 
ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას საზოგადოებასთან დიალოგის ნაკლებობაში ადანაშაულებენ. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, რომელიც 4 ოქტომბერს ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა, განაცხადა, რომ იგი მზად არის დიალოგისთვის.
 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსვლისას, სხეფერმა განაცხადა, რომ ნატოს კარი ღიაა და ”მომავალშიც ღია იქნება  - მაგრამ ეს ავტომატური კარი არაა”.
 
”მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ მკაცრ სტანდარტებს, სანამ მათი მიღება მოხდება,” - განაცხადა სხეფერმა.

მას არ დაუკონკრეტებია ის ვადები, რომლის ფარგლებშიც შეიძლება ამოქმედდეს საქართველოსთან წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP).   
 
ამჟამად, სხეფერის თქმით, ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP) არის ”მთავარი პრაქტიკული მექანიზმი” საქართველო-ნატოს თანამშრომლობისა. IPAP იმ კონკრეტულ რეფორმებს ასახავს, რომლებიც საქართველომ უნდა განახორციელოს.
 
პოლიტიკურ დონეზე, არსებობს ე.წ. ინტენსიური დიალოგი საქართველოს და ნატოს შორის, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მისწრაფება ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ რეგულარულად განიხილება თბილისსა და ნატოს შორის.
 
”მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვადები ინტენსიურ დიალოგს არ გააჩნია,” - განაცხადა სხეფერმა, ”და შემდგომი პროგრესი ჩვენს ურთიერთობებში დამოკიდებული იქნება საქართველოზე, რამდენად შეძლებს ის დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია აღებული ვალდებულებების შესრულება”.
 
ნატოს გაფართოების კუთხით რუსეთის მუდმივ უკმაყოფილებაზე საუბრისას სხეფერმა განაცხადა, რომ ქვეყნებს, რომლებიც ალიანსის წევრები არ არიან, ნატოს გაფართოებაზე ვეტოს დადების უფლება არ აქვთ. მან ასევე აღნიშნა, რომ ნატოს გაფართოება ”არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული”.
 
ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა საქართველოს სეპარატისტულ კონფლიქტებზე და ნათლად მიანიშნა, რომ ალიანსი არ აპირებს ჩარევას მათი მოგვარების პროცესში.
 
”რეგიონში კონფლიქტების მოგვარების მანდატი და კომპეტენცია მინიჭებული აქვს ეუთოს და გაეროს, და არა ნატოს,” - აღნიშნა მან. 
 
ნატოს გენმდივანმა ასევე განაცხადა, რომ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს.
 
”დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაიცავს თავის ვალდებულებას [კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე], რადგანაც ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, იგი მთელი სერიოზულობით მოეკიდა რთული შიდა საკითხების მოგვარებას და ასევე კონსტრუქციული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას,” - განაცხადა სხეფერმა.
 
”ვაფასებთ იმ თავშეკავებულობას და პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველომ გამოიჩინა რუსეთთან ურთიერთობებში და კონსტრუქციული გზების ძიებაში,” - დასძინა მან.
 
ნატოს გენერალური მდივანი პრეზიდენტ სააკაშვილს 4 ოქტომბერს სიღნაღში შეხვდა.
 
ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს რეფორმების განხორციელებას.
 
”საქართველოში დემოკრატიული რეფორმები გაგრძელდება კიდევ უფრო დაჩქარებული ტემპით, საქართველოში ევროპული სტანდარტების დამკვიდრება გაგრძელდება კიდევ უფრო ჩქარი ტემპით, საქართველოში ჯარის რეფორმირება გაგრძელდება ბევრად უფრო ეფექტურად და ბევრად უფრო ჩქარი ტემპით,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”ეს არის ჩვენი დაპირება, პირველ რიგში, ჩვენი ხალხისადმი მიცემული და შემდეგ, მსოფლიო თანამეგობრობისადმი მიცემული”. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8