ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულმა ”რთულმა სიტუაციამ” შესაძლოა აიძულოს ის პოლიტიკაში წავიდეს.
პატარკაციშვილმა ეს განცხადება 10 ოქტომბერს ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”ღია ეთერში” გააკეთა. მედია ჰოლდინგი ”იმედი”, რომელიც ტელეკომპანიას და რადიოსადგურს აერთიანებს, პატარკაციშვილის და News Corporation-ის პრეზიდენტის რუპერტ მერდოკის თანამფლობელობაშია.
ბადრი პატარკაციშვილის მონაწილეობა პოლიტიკურ თოქშოუში არც თუ ისე ხშირი მოვლენაა. მაყურებელს ხშირად არ ეძლევა შესაძლებლობა იხილოს ის მრგვალ მაგიდასთან, დეპუტატ ლევან ბერძენიშვილთან და თანასწორობის ინსტიტუტის წარმომადგენელ გიორგი ხაინდრავასთან ერთად.
”ჩემთვის ძალიან რთულია დღეს აქ ვიჯდე ადამიანებთან, რომლებთანაც ჯდომა ჩემთვის დიდი პატივია, ერთის მხრივ, და მეორე მხრივ, აბსოლუტურად უხერხულია, რადგანაც ყოველთვის ვცდილობდი დავრჩენილიყავი იმ ოქროს შუალედში, რომელიც არ დააზიანებდა ტელეკომპანიის იმიჯს; არ გამომეთქვა ზედმეტად ჩემი აზრი იმის გამო, რომ არავის არ ეთქვა, რომ მე რომელიმე მხარეს ვიხრები,” - განაცხადა პატარკაციშვილმა.
გადაცემის წამყვანის გიორგი თარგამაძის კითხვაზე, აპირებს თუ არა ის პოლიტიკური კარიერის დაწყებას, პატარკაციშვილმა უპასუხა: ”სამწუხაროდ, ამის წინაპირობას ვხედავ... შეიძლება ეს დროც დადგეს”.
პოლიტიკაში ჩართვის შემთხვევაში, პატარკაციშვილის თქმით, ის აპირებს მედია ჰოლდინგში თავისი აქციები News Corporation-ს გადასცეს.
”მე მაქსიმალურად ვცდილობ არ მივიღო მომენტალური გადაწყვეტილებები. მე ბიზნესმენი ვარ და ვალდებული ვარ, ყველაფერი გავაანალიზო,” - განაცხადა მან, ”მე დავუკავშირდი ჩემს პარტნიორებს [News Corp-ში] და ვთხოვე: სიტუაცია არის რთული საქართველოში და ამიტომ ძალიან გთხოვთ, გარკვეული დროით ჩვენი ტელევიზიის ფინანსური საკითხებიც მთლიანად აიღოთ საკუთარ თავზე. რატომ გავაკეთე ეს? ეს გავაკეთე იმის გამო, რომ არ ვიცი ხვალ რა იქნება”.
მისი თქმით, ის არ ელის, რომ შეიძლება დაიჭირონ. ”მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ისეთ არაპროგნოზირებად გარემოში ვართ, რომ ყველაფერია შესაძლებელი”.
”აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ მე მოვედი პოლიტიკაში, მე ჩემს აქციებს გადავცემ მეორე დამფუძნებელს, რომელსაც ვერავინ ვერ დაადანაშაულებს იმაში, რომ ის რაღაცნაირად ქართულ პოლიტიკაზე ზეგავლენას მოახდენს,” - დასძინა პატარკაციშვილმა.
ინტერვიუს დროს, პატარკაციშვილმა ასევე ისაუბრა მისი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ; კერძოდ, მან განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს პატრიარქის ინიციატივას საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის დამყარების თაობაზე.
”ეს იყო კონსტრუქციული იდეა, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმუშავოთ,” - განაცხადა მან, ”ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობის უმეტესობა მიესალმება ამ იდეას. მე სრულად ვუჭერ მხარს კონსტიტუციურ მონარქიას”.
პატარკაციშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგი არ არის.
”იყოს პრეზიდენტი, მაგრამ არ მინდა, რომ მარტო მან მართოს ეს ქვეყანა; მინდა, რომ სხვებიც ჩაერთონ ამ პროცესში - თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არა, განხილვის პროცესში მაინც. დიალოგი ხალხთან აუცილებელია. საქართველოში უნდა იყოს კოლექტიური მმართველობა,” - განაცხადა პატარკაციშვილმა.
მან ასევე გააფრთხილა, რომ იმ ფაქტმა, რომ ხელისუფლებას არ სურს საზოგადოებასთან დიალოგში, შესაძლოა ქვეყნის ”პოლიტიკური გახლეჩა” გამოიწვიოს.
”მე თვალს ვადევნებ ბოლოდროინდელ მოვლენებს და ვშიშობ, რომ ქვეყანა გახლეჩის პირასაა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია,” - განაცხადა პატარკაციშვილმა, ”მე ბიზნესმენი ვარ და მაქსიმალურად ვარ დაინტერესებული, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს. აქედან გამომდინარე, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ხიდი შევინარჩუნოთ; სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ ბევრი რესურსი არსებობს ამ მიზნის მისაღწევად”.
პატარკაციშვილის განცხადებით, პროპაგანდული მანქანა ჩაირთო და ის ”მეტ შავ PR-კამპანიას” ელის მის წინააღმდეგ.
”რამდენიც არ უნდა მეძახონ რუსეთის აგენტი, ალოგიკურია,” - განაცხადა ბიზნესმენმა, ”იმ ქვეყანაში მე ოცი წელი ვიცხოვრე, მე მიყვარს რუსი ხალხი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ნატოს წინააღმდეგი ვარ”.
”თავდასხმები ტელეკომპანია იმედზე”
პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ბოლო დროს ხელისუფლება თავს ესხმის ტელეკომპანია ”იმედს”, რადგანაც ის ”მართალი სიტყვის შუქურაა”.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არ ყოფილა ”პირდაპირი მცდელობა” მედია ჰოლდინგის წართმევისა, იყო ”უამრავი მომხიბვლელი შემოთავაზება”.
”მე არასოდეს ვიტყვი უარს ორ რამეზე: ღირსებასა და სიტყვის თავისუფლებაზე,” - განაცხადა მან, ”შემიძლია მათ მივცე ყველაფერი, რაც საქართველოში გამაჩნია, მაგრამ ნუ შეეხებით ”იმედს”.
პატარკაციშვილი არ დაკონკრეტდა ”მომხიბვლელ შემოთავაზებებზე”; თუმცა, აგვისტოში, როცა კომპანია Parkfield Investment-ს ”საქართველოს რკინიგზა” მართვის უფლებით გადაეცა, გამოითქვა ვარაუდები, რომ გარიგებაში მონაწილეობა მიიღო პატარკაციშვილმა, რომელსაც ტელეკომპანიის დათმობის სანაცვლოდ თითქოს რკინიგზა გადაეცა. თუმცა სექტემბერში თავად პატარკაციშვილმა უარყო რაიმე სახის გარიგების არსებობა და განაცხადა, რომ ”არ არსებობს ისეთი ღირებულების ბიზნესაქტივი საქართველოში, რომელშიც ”იმედი” შეიძლება გაიცვალოს”.
ოქრუაშვილის საქმე
პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის მოსაზრება, რომ თითქოს ის თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებდა, ”უსაფუძვლოა”.
პატარკაციშვილი და მისი მედია ჰოლდინგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრში მოექცნენ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ”იმედის” ეთერით გახმოვანებული ანტისახელისუფლებო ბრალდებები მოგვიანებით ირაკლი ოქრუაშვილმა თავის აღიარებით ჩვენებაში უარყო.
8 ოქტომბერს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ოქრუაშვილმა უარყო პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდება, რომ თითქოს პრეზიდენტი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა და განაცხადა, რომ ეს განცხადებები მისთვის და პატარკაციშვილისთვის ”პოლიტიკური დივიდენდების” მიღებას ისახავდა მიზნად.
ამ ჩვენების შემდეგ დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან იერიში მიიტანეს ბადრი პატარკაციშვილზე და მას ბრალი დასდეს ოქრუაშვილის ხელით სახელმწიფოს წინააღმდეგ ”ინტრიგების ხლართვაში”.
პატარკაციშვილის თქმით, ის ბოლო რვა თვის მანძილზე სამჯერ თუ ოთხჯერ შეხვდა ოქრუაშვილს. ”ოქრუაშვილი მიყვებოდა მისი გეგმების შესახებ ოპოზიციური პარტიის ჩამოყალიბების თაობაზე - ის, რაც ყველამ იცოდა,” - განაცხადა პატარკაციშვილმა, ”თუმცა, მას არაფერი უთქვამს თავისი განცხადებების შესახებ მკვლელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით”.