ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ 2 ნოემბრიდან დაიწყება პერმანენტული საპროტესტო აქციები, თუ მათ მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს.
”ეს იქნება არა ერთდღიანი აქცია. ეს აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი ყველა მოთხოვნა არ იქნება შესრულებული,” - განაცხადა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა 22 ოქტომბერს.
იგი იმ ათი ოპოზიციური პარტიის სახელით გამოვიდა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების აპრილში ჩატარების მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდა.
22 ოქტომბერს ოპოზიციამ თბილისის მერიას ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა 2 ნოემბრის გეგმების თაობაზე, რომელიც, დავითაშვილის თქმით, ”100 000-იანი საპროტესტო აქციის” ჩატარებას ეხება.
17 ოქტომბერს პრეზედენტ სააკაშვილის და პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის სახელზე გაგზავნილ წერილში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ძირითადი მოთხოვნები ჩამოაყალიბა:
• პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადაში - 2008 წლის გაზაფხულზე;
• არჩევნები ჩაატაროს პოლიტიკური პარიტეტის საფუძველზე შექმნილმა საარჩევნო ადმინისტრაციამ;
• მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მანდატები განაწილდეს თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების საფუძველზე;
• გათავისუფლდნენ სინდისისა და პოლიტიკური პატიმრები.