ოპოზიციის განცხადებით, ადეკვატურად უნდა დაისაჯონ ის პირები, რომლებიც 28 ოქტომბერს ზუგდიდში ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების ინციდენტში მიიღეს მონაწილეობა.
”ზუგდიდში მომხდარ ფაქტს ვაფასებთ, როგორც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, რაც კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 325 მუხლით,”- განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” წარმომადგენელმა გიორგი ცაგარეიშვილმა.
სისხლის სამართლის 325-ე მუხლის თანახმად, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა ამ თანამდებობის პირის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 20 წლამდე ან უვადოდ.
ზუგდიდში საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ მომხდარი შეხლა-შემოხლის ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ სცემენ ახალგაზრდა მამაკაცები დეპუტატებს კონსერვატიული პარტიიდან ბიძინა გუჯაბიძეს და ბეჟან გუნავას. ამჟამად, გუჯაბიძე ტვინის შერყევის დიაგნოზით საავადმყოფოში მკურნალობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზუგდიდის ინციდენტში მონაწილე 2 პირი იქნა დაკავებული, რომელთაც 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ. მათ და ინციდენტის მონაწილე კიდევ 5 პირს ასევე 400 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ.
ოპოზიციამ ასევე მოითხოვა სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურორის როლანდ ახალაიას და ზუგდიდის ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნის მეგის ქარდავას წინააღმდეგ.
”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” წარმომადგენლის, ადვოკატ ეკა ბესელიას განცხადებით, დანაშაულებრივი აქტის განხორციელება სამხარეო პროკურორის ”ორგანიზებითა და დირიჟორობით” მოხდა , ხოლო ადგილზე ”ოპერაციას” მეგის ქარდავა ხელმძღვანელობდა.
სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ ”ადმინისტრაციული სასჯელი” იმ პირების მიმართ, რომლებიც ზუგდიდში დეპუტატებს და ოპოზიციის აქტივისტებს დაესხნენ თავს, ”არასწორი გადაწყვეტილება იყო”.