Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
’რუსი სამშვიდობოების გაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია’
/ 31 ოქტ.'07 / 16:46
სივილ ჯორჯია

ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანასთან დაკავშირებით, თუმცა ამ პროცესის დაწყების თარიღი მოგვიანებით, საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი, განაცხადეს დეპუტატებმა მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

”გადაწყვეტილება სამშვიდობოების გაყვანისა და დელიგიტიმაციის შესახებ მიღებული გახლავთ. რაც შეეხება კონკრეტულ თარიღს გაყვანასთან დაკავშირებით, ამაზე გრძელდება კონსულტაციები საერთაშორისო თანამეგობრობასთან და ჩვენს პარტნიორებთან, რომ არ იყოს მათთვის ეს სიურპრიზი,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, ”თარიღს სამშვიდობოების გაყვანის შესახებ მოგვიანებით გაიგებთ”.

ანალოგიური განცხადება დეპუტატმა გიგა ბოკერიამაც გააკეთა: ”მიღებულია გადაწყვეტილება მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონკრეტულ თარიღს, ამაზე ჩვენს მოკავშირეებთან შედგება დამატებითი კონსულტაციები, რათა მათ შეიტყონ ამის შესახებ და ეს არ იყოს სიურპრიზი. მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია”.

განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც დეპუტატები მმართველი პარტიიდან საგარეო საქმეთა მინისტრს გელა ბეჟუაშვილს, თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს და შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს შეხვდნენ. ეს შეხვედრა, ისევე როგორც სამშვიდობოების გაყვანის საკითხის ხელახლა წამოწევა 30 ოქტომბერს სოფელ განმუხურში მომხდარმა ინციდენტმა განაპირობა.

გასული წლის ივლისში პარლამენტმა უკვე დაავალა მთავრობას, დაეწყო აუცილებელი პროცედურები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ სამშვიდობო ოპერაციების უსწრაფესი შეწყვეტისათვის და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანისათვის. თუმცა, მას შემდეგ ხელისუფლებას რაიმე კონკრეტული ზომა არ მიუღია. ამან ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია. 

დღეს პარლამენტში შეხვედრის დაწყებამდე ოფიციალური პირები უფრო ფრთხილ განცხადებებს აკეთებდნენ.

”პარლამენტმა თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება სამშვიდობოების გაყვანასთან დაკავშირებით და მთავრობას დაწყებული ჰქონდა აქტიური მუშაობა მანდატის შეწყვეტისა და სამშვიდობოების ჩანაცვლებასთან დაკავშირებით,”- განაცხადა ბურჯანაძემ, ”ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა სამშვიდობოების კრიტიკა ან მათი გაყვანის საკითხის დასმა, მაგრამ ჩვენ მათ მიმართ გვქონდა სრულიად საფუძვლიანი პრეტენზიები, რომ ისინი არ არიან ობიექტურნი, რომ ისინი არ არიან ნეიტრალურნი, როგორც წესი მხარს უჭერენ სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს და ძალიან ხშირად ქმნიან პროვოკაციულ ვითარებას, რომელიც დესტაბილიზაცის საფრთხის მატარებელია”.

შეხვედრის შემდეგ ბოკერიამ განაცხადა, რომ სამშვიდობოების გაყვანის მექანიზმი ”ძალიან მარტივია”.

”ეს არის ქართული მხარის სუვერენული უფლება, რომ შეატყობინოს სამშვიდობოებს, რომ მათი მანდატი არის შეწყვეტილი და ერთ თვეში სამშვიდობოებმა უნდა დატოვონ ტერიტორია,” - განაცხადა მან.

დაახლოებით 2 000 რუსი სამშვიდობოა განთავსებული აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგიდით, ”ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ” მოსკოვის 1994 წლის 14 მაისის შეთანხმების საფუძველზე.

რუსული ჯარები აფხაზეთში 1994 წლის 21 ივნისს განლაგდნენ ფორმალური სახელწოდებით  - დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალები. 1994 წლის შეთანხმება უფლებამოსილებას ანიჭებს სამშვიდობო ძალებს უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტა და ხელი შეუწყონ ”დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო დაბრუნებას გალის რიაონში”.

შემდეგ სამშვიდობო კონტინგენტის განლაგება ოფიციალურად გაფორმდა დოკუმენტით, რომელიც დსთ-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა 1994 წლის 22 აგვისტოს მიიღეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამშვიდობო ძალები ქართული და აფხაზური მხარეების მოთხოვნით განთავსდნენ კონფლიქტის ზონაში.

სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში თავდაპირველად ექვსთვიანი მანდატით აღიჭურვნენ, თუმცა მათი მანდატი ყოველ ექვს თვეში ერთხელ გრძელდებოდა. 2003 წლის ზაფხულში მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ 2003 წლის 7 მარტს სოჭში რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რუს სამშვიდობოებს შეუძლიათ დარჩნენ კონფლიქტის ზონაში, სანამ ერთ-ერთი მხარე არ მოითხოვს მათ გაყვანას.

სამხრეთ ოსეთში განსხვავებული სამშვიდობო ფორმატია. კერძოდ, რუსული ჯარები შერეული სამშვიდობო ძალების ფარგლებში იმყოფებიან, სადაც ასევე შედიან ქართული და ჩრდილოეთ ოსური ბატალიონები.

შერეული სამშვიდობო ძალები სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 1992 წლის 24 ივნისის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა და საქართველოს მაშინდელმა სახელმწიფო მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ სოჭში მოაწერეს შეთანხმებას ხელი.

მიუხედავად იმისა, რომ შერეული სამშვიდობო ძალები სოჭის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა, მათი დეტალური მანდატი იმავე წელს შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებებში გაიწერა. შსკ, როგორც მოლაპარაკებათა ოთმხრივი ფორმატი, ასევე 1992 წლის სოჭის შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა.

1992 წლის სოჭის შეთანხმების და შსკ-ს შემდგომი გადაწყვეტილებების თანახმად, შერეული სამშვიდობო ძალები იცავენ მშვიდობას, კანონიერებას და წესრიგს კონფლიქტის ზონაში. თუმცა, 1997 წელს შსკ-ს გადაწყვეტილებით შერეული სამშვიდობო ძალების მანდატში შევიდა ცვლილებები და მათი უფლებამოვალეობებიდან ამოღებულ იქნა ”კანონიერების და წესრიგის დაცვა”.

შსკ-ს 1992 წლის 6 ივლისის შეთანხმებით, შერეული სამშვიდობო ძალების კონფლიქტის ზონაში ყოფნის ვადებს განსაზღვრავენ რუსეთის და საქართველოს სახელმწიფო მეთაურები. ”შსკ თავის წინადადებებს სთავაზობს ამ საკითხზე სახელმწიფო მეთაურებს,” - ნათქვამია 1992 წლის 6 ივლისის შეთანხმებაში.

საქართველოს სოჭის 1992 წლის შეთანხმებიდან გამოსვლა მოუწევს, თუ ის სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების მოქმედების შეწყვეტას აპირებს. ამ შეთანხმებიდან გამოსვლა ავტომატურად გამოიწვევს შსკ-ს მანდატის შეწყვეტასაც.


 
 


 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
5