ინტერვიუ გიგა ბოკერიასთან
გავლენიანმა პარლამენტარმა გიგა ბოკერიამ 30 ოქტომბერს Civil.ge-სთან ინტერვიუში, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციამდე სამი დღით ადრე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების თარიღთან დაკავშირებით კომპრომისი გამორიცხულია.
”იქნება საპროტესტო აქციები და ეს აქციები ჩაივლის ისე, როგორც ყველა სხვა აქციას ჩაუვლია. და ჩვენი საზოგადოება მიეჩვევა იმას, რომ თუნდაც ხალხმრავალი დემონსტრაციები, არის ჩვეულებრივი ნაწილი დემოკრატიის. ეს აქციები ჩაივლის და ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში ჩატარდება არჩევნები,” - განაცხადა მან.
კონსტიტუციის თანახმად, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2008 წლის ოქტომბერ-დეკემბრის შუალედში ერთდროულად უნდა ჩატარდეს. არჩევნების კონკრეტული თარიღი პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს.
პირველ რიგში შეგეკითხებით ზუგდიდის ინციდენტზე. როგორ შეაფასებდით მას?
რაც მოხდა ზუგდიდში აქციის დაშლის შემდეგ, ძალიან უსიამოვნო ფაქტი იყო და ჩვენი პირველი მოწოდება იყო პოლიციის მიმართ, რომ არა მარტო აქციების დროს უნდა მოხდეს აქტიურად წესრიგის დაცვა, როგორც 25-ვე ადგილას მოხდა, სადაც ოპოზიციას გასვლა ჰქონდა და ზუგდიდშიც, არამედ აქციის შემდეგაც. სანამ არ მოხდება აქციის დაშლა, როგორც ჩანს, უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღება მიქცეული, რომ მსგავსი ინციდენტები არ მოხდეს.
მეორე იყო მოწოდება თვითონ მოქალაქეების მიმართ, რომ მეტი შემწყნარებლობა უნდა გამოიჩინონ იმ შემთხვევაში თუ გაღიზიანებულები არიან ჩვენი ოპოზიციის მიმართ.
მესამე მოწოდება იყო ჩვენი ოპონენტების ამ ნაწილის მიმართ, რომ პოლიტიკური კამპანიის დროს მოქალაქემ შეიძლება შენთვის რაღაც უსიამოვნო შეფასება გააკეთოს, პირისპირ მათ შორის, და თუ სურვილი არ აქვს პოლიტიკოსს შეუძლია რომ არ მისცეს ამას რეაქცია.
მე ხაზს ვუსვამ იმას, რომ ეს არ უნდა იყოს ინტეპრეტირებული ისე, რომ არ უნდა აწარმოო კამპანია იქ, სადაც შენს მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები არიან და სხვადასხვა მიზეზებით ასეთი რეგიონია სამეგრელო და ზუგდიდი.
ერთი თვეა ოპოზიცია უკვე ძალიან აგრესიულ კამპანიას ახორციელებს და ამ ერთ ინციდენტს თუ არ ჩავთვლით, არსად პრობლემა არ ჰქონიათ ჩვენ ოპონენტებს კამპანიის ჩატარებისას.
დეპუტატ ბეჟან გუნავას ცემის ინციდენტის ადგილას მყოფი პოლიციელები იყვნენ მაღაზიის დაცვის პოლიციელები და თითონ საპატრულო პოლიცია როცა მოვიდა, მათ გამოიყვანეს გუნავა.
რაც შეეხება დეპუტატ ბიძინა გუჯაბიძის ინციდენტს, იქ იყო შეხლა-შემოხლა. იქ პოლიცია იყო, სცადა მერე გაჩერება და გააჩერა ეს ყველაფერი. მაგრამ უფრო აგრესიულად უნდა ემოქმედა პოლიციას, კარგი გაგებით და მხარეები ერთმანეთისგან უნდა დაეშორებინა. არ უნდა მიეყვანათ აქამდე საქმე და როგორც კი დაიწყო ეს სიტუაცია, უნდა ჩარეულიყო და იზოლაცია უნდა მოეხდინა.
თუმცა ფაქტია, რომ ნაცემია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი დეპუტატი და როგორც სატელევიზიო კადრებში კარგად ჩანს, ამას შეესწრო პოლიციაც. თქვენი ოპონენტები აცხადებენ, რომ ინციდენტში სამოქალაქო ფორმაში გადაცმული სამართალდამცავები მონაწილეობდნენ.
პოლიციელი თუ იყო უშუალოდ ჩართული პოლიტიკური ოპონენტის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, ეს გაცილებით მძიმე დანაშაულია, მაგრამ ჯერ-ჯერობით ასეთი მონაცემები არ მაქვს. ყველა პირი იდენტიფიცირებულია, ვინც მონაწილეობდა ამ ყველაფერში და ის ორი პირი, ვინც გუნავასთან შეტაკებაში მონაწილეობდა, მათ აქვთ ადმინისტრაციული პატიმრობა შეფარდებული.
რამდენად ადეკვატურია დეპუტატების ცემის გამო დაკავებული ორი ადამიანისათვის 20-დღიანი პატიმრობის შეფარდება მაშინ, როცა თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილე ოთხ ახალგაზრდას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მოტივით ასევე 20-დღიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული? რამდენად უწყობს ეს ხელს საზოგადოებაში სამართლიანობის შეგრძნების დამკვიდრებას და ამყარებს ნდობას სასამართლო სისტემისადმი?
სასამართლო ვერ მიუსჯის იმაზე მეტს, რასაც ბრალდება არ მოითხოვს. ასე რომ აქ პრეტენზია უნდა იყოს არა სასამართლოს, არამედ ბრალდების მიმართ, თუ რამდენი მოითხოვეს მათ.
მყისიერი რეაქციისთვის ამ პირებისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული სასჯელი სრულიად ადეკვატური იყო. თუ სისხლის სამართლის გამოძიებაზეა ლაპარაკი და რამე სხვა დეტალები გაირკვევა ან ცემაზე ან თვითონ დაზარალებულები შეიტანენ საჩივარს, ეს ცალკე საკითხი იქნება.
რაც შეეხება 4 ახალგაზრდას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისინი [თბილისში] საპროტესტო აქციის დროს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს და ამიტომაც აქვთ 20 დღიანი პატიმრობა შეფარდებული და არა უბრალოდ ქუჩის გადაკეტვის მცდელობისთვის.
ჩვენი გაკვირვება გამოიწვია რაღაც ანალოგიებმა წარსულთან და პოლიტიკურმა განცხადებებმა აჭარის მაგალითებთან [2004 წლის მაისის მოვლენებისას ასლან აბაშიძის ოპოზიციასთან ანგარიშსწორების მეთოდებთან] დაკავშირებით, რაც უაღრესად არაკორექტულია. მთელ საქართველოში მიდიოდა ეს აქციები და არსად არაფერი მომხდარა, მოხდა მარტო ზუგდიდში - ეს იყო აქციის შემდგომი ერთმანეთისგან იზოლირებული ორი ინციდენტი, რაზეც პოლიციამ შეიძლება დააგვიანა რეაგირება ან არასათანადოდ რეაგირებდა, მაგრამ აჭარის ანალოგია ძალიან არასწორია.
თუმცა მე არ ვაკნინებ [ზუგდიდის] ამ ფაქტს და არ ვიძახი, რომ არა უშავს რაც მოხდა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პრინციპულად ღირებულია, რომ ჩვენმა ნებისმიერი სახის ოპონენტებმა, სადაც უნდა იქ ჩაატარონ აქციები, ბუნებრივია კანონის ფარგლებში და პოლიციამ უნდა უზრუნველყოს ამ აქციების დაცვა და ამას ისინი აკეთებენ. თუმცა ამ ერთ ინციდენტში ვერ მოხერხდა ამის გაკეთება, რაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება აუცილებლად.
ერთადერთი, რასაც მე მკაფიოდ ვაპროტესტებ, ეს არის ამის ინტერპრეტაცია მთავრობის მიერ დაკვეთილ დევნად. ეს ასე ნამდვილად არ არის. პირიქით მმართველ პარტიას აქვს ძალიან მყარი დამოკიდებულება შეკრების უფლების გარანტირების მიმართ, რაც განხორციელდა კიდეც ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში.
როგორ შეფასებას მისცემთ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს? ოპოზიცია ახორციელებს ძალიან ინტენსიურ საპროტესტო კამპანიას თბილისსა და რეგიონებში.
როცა საუბარია, როგორც აფასებს მმართველი პარტია ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ამ ტიპის პოლიტიკური თვალსაზრისით აგრესიულ კამპანიას, ვაფასებთ ჩვეულებრივად. მიგვაჩნია, რომ ნორმალურია აქციები რომ ტარდება. ადრეც ასე იყო საქართველოში და ახლაც ასეა. ყოველთვის იარსებებს პოლიტიკური ძალების რაღაც ჯგუფი და მოქალაქეების ჯგუფი, რომლებიც რაღაც საკითხებზე ყოველთვის გამოხატავენ მშვიდობიან პროტესტს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.
რაც შეეხება შინაარსს[ოპოზიციური კამპანიის], რომელიც არის ძალიან ტემპერატურა აწეული, აქ რა თქმა უნდა, ჩვენ უდიდეს ნაწილს, არასერიოზულად ვაფასებთ. მაგრამ ბუნებრივია პოლიტიკური დისკუსია გაგრძელდება ძალიან კრიტიკულ ოპონენტებთანაც აქციების ფონზე თუ მის გარეშე ან აქციები შეიძლება ნაწილი იყოს ამისი. ზოგჯერ მიიღწევა ხოლმე კონსენსუსი და კომპრომისი, ზოგჯერ ვერ მიიღწევა.
ოპოზიციას ოთხი ძირითადი მოთხოვნა აქვს...
რაღაც ნაწილზე მიიღწევა კომპრომისი, რაღაც ნაწილზე არა. მე ამას დათმობებს არ ვარქმევ და არ მინდა, რომ ასე გაიგოს ვინმემ. თუმცა არა იმიტომ, რომ ჩვენ დათმობებზე არ მივდივართ.
უბრალოდ ცუდია, როცა ასეთ პროცესში, მაგალითად საარჩევნო ბარიერის საკითხზე, ოპონენტებთან მაგიდასთან ზიხარ და იგებენ წინასწარ, რომ მმართველი პარტია განიხილავს სერიოზულად კომპრომისის მიღწევას და ამის შემდეგ ისინი აცხადებენ, რომ ეს აღარ აინტერესებთ. ეს არ არის ნორმალური პოლიტიკური წესი ურთიერთობის. ასევეა სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც.
როგორია მმართველი პარტიის პოზიცია თოთოეულ ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით. დავიწყოთ არჩევნების გაზაფხულზე ჩატარების მოთხოვნით.
ის მოთხოვნა, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, უცნაურია. კონსტიტუცია ითვალისწინებს ვადამდელ არჩევნებს, თუ არის საპარლამენტო კრიზისი - მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადება ან საბიუჯეტო კანონის ჩავარდნა, მაგრამ არცერთი ასეთი ნიშანი სახეზე არ გვაქვს.
აქვს ადგილი დემაგოგიას, რომ არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში ჩატარდეს და ავიწყდებათ, რომ კონსტიტუციური ვადა დღეს არის 2008 წლის ბოლო. მათ თუ კონსტიტუციის შეცვლა უნდათ, შეუძლიათ კამპანია ამ მიმართულებით ჩაატარონ.
თუ მოითხოვენ, რომ კონსტიტუციაში მიღებული იქნას ცვლილებები ვადის გადმოწევაზე, რაღაც სერიოზული არგუმენტები უნდა მოიტანონ. მაგრამ თუნდაც რამოდენიმე პოლიტიკური პარტიის პოლიტიკურ კაპრიზზე, ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება.
აბსოლუტურად გამორიცხულია აპრილში არჩევნების გადმოტანა. რამდენად სწორი იყო კონსტიტუციაში პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებაზე შეტანილი ცვლილებები, ამ საკითხზე კამათი იყო უკვე ერთი წლის წინ, ჩვენ მივიღეთ ამაზე გადაწყვეტილება და არჩევნები დაგეგმილი არის 2008 წლის ბოლოს.
არა მგონია, რომ რამოდენიმე თვიანი განსხვავება ვინმეს რამე ზიანად მიაჩნდეს დემოკრატიის. ეს გადაწყვეტილება არ აყენებს ზიანს არცერთ პოლიტიკურ ძალას, არ ზღუდავს პოლიტიკურ კონკურენციას, პირიქით არჩევნების უკეთესად ჩატარების საშუალებას იძლევა.
აპრილში არჩევნების ჩატარება არანაირ ზიანს არ აყენებს ხელისუფლებას, მაგრამ თავის დროზე ჩვენ გვქონდა დისკუსია, რომ ლოჯისტიკურად, მატერიალურად, პოლიტიკური ტრადიციების თვალსაზრისით, ჩვენ ვთვლით უკეთესად, რომ ეს არჩევნები [საპარლამენტო და საპრეზიდენტო] ჩატარდეს ერთად.
ოპოზიციის მეორე მოთხოვნაა არჩევნები ჩაატაროს პოლიტიკური პარიტეტის საფუძველზე შექმნილმა საარჩევნო ადმინისტრაციამ. რას იტყვით ამაზე?
საარჩევნო ადმინისტრაციებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს დისკუსია. მაგრამ როცა კითხვას ვსვამთ, რომ რა პრეტენზია გაქვთ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩატარებულ არჩევნებზე, მათი [ოპოზიციის] პასუხია, რომ ადმინისტრაცია უპარტიო კი არ არის, არამედ არის ”ერთპარტიული”. ისინი არ ამბობენ პრობლემა რაში გამოიხატება.
საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველა არჩევნებზე ხმები დაითვალა სწორად, არ გაყალბებულა ოქმები, არ ჩაყრილა ბიულეტენები. თუკი სადმე იყო დარღვევა, უმრავლეს შემთხვევაში მოხდა რეაგირება და შედეგები გაუქმდა. ეს არ არის მარტო ჩემი შეფასება, ეს არის ძალიან კრიტიკული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება.
ამდენად, ის პრობლემა, რომ არჩევნების შედეგები უნდა გამოხატავდეს ამომრჩევლის ნებას, ეს პრობლება საქართველოში აღარ დგას.
ისინი [ოპოზიცია] გვთავაზობენ იმ სისტემის დაბრუნებას, რომლის დროსაც იყო გაყალბება, ბიულეტენების ჩაყრა, გადაკეთება და მერე პოლიტიკური ვაჭრობა იმაზე ხმები როგორ გადანაწილებულიყო. მოითხოვენ სისტემას, სადაც ყველა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელი იქნება პოლიტიკური პარტიების ინტერესების დამცველი და გვეუბნებიან უარს იმ მცდელობაზე, რომ შევქმნათ საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული საჯარო სამსახური, რომლის საქმე არის უბრალოდ სწორად დაითვალოს ხმები - რასაც ის ახორციელებს ბოლო სამი წლის განმავლობაში.
თუ მთავრობაში და საზოგადოებაში მყარად არ არის გამჯდარი პოლიტიკური ტრადიცია, რომ გაყალბება არ შეიძლება, არცერთი ინსტიტუტი ამას ცალკე აღებული ვერ უშველის. უბრალოდ არის ინსტიტუტები, რომელიც ამას უფრო იოლს ხდის და მე ვთვლი, რომ არაპარტიული საჯარო სამსახურის ტრადიციის ადმინისტრაცია უკეთესია ყველა თვალსაზრისით. ამას ბოლო წლების პრაქტიკა გვიჩვენებს.
ასე რომ , თუ ვერ გვეტყვიან ძალიან მყარ არგუმენტს რატომ უნდა შეიცვალოს ეს ადმინისტრაცია, ბუნებრივია ის არ შეიცვლება.
მესამე მოთხოვნაა შეიცვალოს არსებული მაჟორიტარული არჩევნების სისტემა, რომელიც ეფუძნება პრინციპს ”მოგებულს ყველაფერი რჩება”.
ბევრად უფრო ჩვეულებრივი საკამათო საკითხია, რომელი საარჩევნო სისტემა ჯობია. არავის არ უთქვამს, რომ დღევანდელი მაჟორიტარული სისტემა არადემოკრატიულია, თუმცა გარკვეულწილად არატიპიურია ნაციონალური არჩევნების დონეზე.
მაგრამ რასაც ოპოზიცია გვთავაზობს [რამდენ მანდატიანიც არის მაჟორიტარული ოლქი, იმდენი ხმა ჰქონდეს ამომრჩეველს,] ეს ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ეს რთული სისტემაა დასათვლელადაც და განსახორციელებლადაც.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა იყოს მორგებული იმაზე, რომ პოლიტიკური ძალის ნომინირებული კანდიდატები იყოს მთავარი საკითხი ამომრჩევლისთვის, რათა პოლიტიკური ძალების შექმნა და აქტივობა წახალისდეს - ეს არის ჩვენი ხედვა.
ამის მიღმა შეიძლება იყოს სხვადასხვა ვარიანტები, რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ. მაგალითად: პარლამენტის 150 კაციანი შემადგენლობა გაიყოს ორად და იყოს 75 მაჟორიტარი და 75 პროპორციული, მაგრამ ეს არ აწყობს ჩვენ ოპონენტებს.
დისკუსიას იმაზე, თუ რა ტიპის პოლიტიკური თამაშის წესები უფრო წაახალისებს პარტიულ პოლიტიკურ დემოკრატიას, მიმდინარეობს და კვლავაც გაგრძელდება.
ოპოზიცია ასევე მოითხოვს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ძირითადი აქცენტი ამ თემაზე ირაკლი ბათიაშვილზე კეთდება.
როცა საუბარია პოლიტიკურ პატიმრებზე, აქ რა კომპრომისი შეიძლება იყოს არ მესმის, როცა ჩვენ არ გვყავს პოლიტიკური პატიმრები.
ირაკლი ბათიაშვილს ჩვენ არ ვთვლით პოლიტიკურ პატიმრად. ეს ადამიანი ჩვენი სერიოზული პოლიტიკური ოპონენტი არ ყოფილა. მას ჰქონდა ძალიან კონკრეტულ ქმედებასთან კავშირი - [კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანის] შეიარაღებული აჯანყების დროს მოქმედების კოორდინირება ამ აჯანყების ლიდერთან: რჩევების მიცემა და საჯარო კამპანიის დაგეგმვა.
ოპოზიციამაც არაპირდაპირ მხარდაჭერა გამოუხატა ამ აჯანყებას, მაგრამ მათ მიმართ არანაირი ღონისძიება არ განხორციელებულა იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური შეფასების ნაწილია.
ბათიაშვილის შემთხვევაში კონკრეტული მტკიცებულებები არსებობდა - ის ახდენდა კოორდინაციას ანუ მონაწილეობდა ამ ყველაფრის დაგეგმვაში. ასე რომ, სწორედ ამ გამხნევებისთვის არის ბატონი ბათიაშვილი დაჭერილი და ის ნამდვილად ვერ ჩაითვლება პოლიტიკურ პატიმრად.
ისევ დავუბრუნდეთ არჩევნების თარიღის საკითხს. ცოტა ხნის წინ უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ განაცხადა, რომ არჩევნების თარიღის გადმოწევაზე კომპრომისი არ იქნება და ამის მიზეზად ”მთავარი ამოცანები” და ”ქვეყნის ინტერესები” დაასახელა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა. შეგიძლიათ ახსნათ რა იგულისხმება ამ ”მთავარ ამოცანებში”?
ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ გვქონდა საგარეო პოლიტიკური მოსაზრებები, რომ არ დაემთხვეს საპარლამენტო არჩევნები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს და დროს, როცა მრავალი სხვა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი წყდება.
მათ შორის კოსოვოს საკითხის გადაწყვეტა და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რაც რუსეთში შეიძლება იქნას მიღებული. კოსოვოს აღიარების შემთხვევაში საფრთხე არსებობს, რომ რუსეთში იქნას მიღებული საქართველოს ტერიტორიის ანექსიის მცდელობის გადაწყვეტილებები. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად, რადგან ყველა ამ გადაწყვეტილებების პიკი არის გაზაფხულზე. ამიტომ არ გვინდა, რომ ამ მომენტში საქართველოში იყოს საარჩევნო ციებ-ცხელება და ჩავთვალეთ, რომ ეს ტაქტიკურად უფრო კარგი იქნება, თუ გადავწევთ არჩევნებს.
ამით არ დაზიანებულა დემოკრატიის არცერთი ფუნდამენტალური პრინციპი: არც არჩევნების პერიოდულობა, არც არსებითად არ გაუგრძელებია პარლამენტს ვადა.
ამ გადაწყვეტილებას პარლამენტმა უყარა კენჭი და საკონსტიტუციო უმრავლესობით მიიღო. ახლა ერთი წლის შემდეგ, იმის გამო, რომ ოპოზიციურმა ჯგუფმა საარჩევნო კამპანია დაიწყო და დასვა ეს საკითხი, ჩვენ ამის გამო ამ საკითხში კომპრომისულ ნაბიჯს არ გადავდგამთ ნამდვილად.
ჩვენ გვქონდა კვლევა და ჩვენი ხალხისთვის არჩევნების თარიღის გადაწევას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ არჩევნების პერიოდულობის პრინციპი არ დაირღვეს.
როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა საზოგადოებაში უკმაყოფილების დაგროვება? ხომ არ იყო ამის მიზეზი ხელისუფლების მხრიდან გარკვეული შეცდომები?
ამხელა მოლოდინებით მოსული ხელისუფლების ფონზე, დღევანდელი პოლიტიკური მმართველი ძალის პოზიცია არის ძალიან წარმატებული. ერთი წლის წინ უდიდესი უპირატესობით მოვიგეთ ჩვენ არჩევნები და ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საგრძნობი უპირატესობა გვაქვს კვლავაც ჩვენს ოპონენტებთან შედარებით.
ბოლო კვლევებით, რომელიც სექტემბერში ჩატარდა, ჩვენ 40%-იანი მხარდაჭერა გვაქვს (შემდეგ პარტიას ჰქონდა 14% - ეს იყო ოქრუაშვილის პარტია, სხვა პარტიებს ჰქონდათ 4-დან 5%-მდე). ასეთი რეფორმების ფონზე და ასეთი მოლოდინების ფონზე ასეთი წარმატების შენარჩუნებისთვის მადლობელი ვართ ჩვენი ამომრჩევლების ჩვენი კურსის მხარდაჭერისთვის.
თუმცა ამას მუდმივი მუშაობა ჭირდება და შემდეგი ერთი წლის განმავლობაში, ჩვენი კამპანიის დროს მუდმივად ავუხსნით ჩვენ ამომრჩეველს რატომ არის სწორი, რომ ჩვენ კურსს უჭერენ მხარს.
საკითხის ასე დასმა, რომ რატომ დაგროვდა უკმაყოფილება, პრინციპულად არასწორია. პირიქით, უცნაური უნდა იყოს ის, თუ რატომ აქვს ასეთი მხარდაჭერა მმართველ პარტიას. 90%-იანი მხარდაჭერიდან, დემოკრატიას თუ აშენებ, მხოლოდ ქვემოთ შეიძლება წამოხვიდე.
მითუმეტეს, რომ ბუნებრივია, რომ შეცდომებს უშვებს ხელისუფლება - უშეცდომო ის არის, ვინც არ მოქმედებს. ხელისუფლების შეცდომებს შორის პირველად მახსენდება ხოლმე გარკვეულ სფეროებში, მათ შორის სასამართლო სისტემაში, რეფორმების დაწყების დაგვიანება. თუმცა ჩვენ ყველაზე მეტი კრიტიკა მივიღეთ, როცა დავიწყეთ სასამართლოს წმენდა და არა იმის გამო, რომ რეფორმამ ერთი წლით დაიგვიანა.
მოვიყვანდი ასევე ჯანდაცვის ინსტიტუციონალურ რეფორმას, რომელიც უფრო გვიან დავიწყეთ, ვიდრე უნდა დაგვეწყო.
მრავალი სხვა მაგალითი შეიძლება იყოს, უბრალოდ არა მგონია ვინმეს სიამოვნებდეს ბევრი ჩამოთვლა საკუთარი შეცდომების.
მე უბრალოდ ვეკამათები იმ აზრს, რატომ არის არატიპიური, როცა არსებობს ამომრჩევლების 20-30%, რომელიც ძალიან კრიტიკულად არის განწყობილი - ეს აბსოლუტურად ნორმალურია.
ძალიან ვეჭვობ, რომ ჩვენ ოპონენტებს მოეხერხებინათ იმ მხარდაჭერის მიღება, რომელიც ჩვენ ამ საპროტესტო ფონზე დაგვაკლდა. იმიტომ რომ, მე მიმაჩნია, რომ ის, რასაც ისინი აკეთებენ აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია სუფთა ელექტორალური თვალსაზრისით, არანაირ ერთიან ხედვას, ერთიან ღირებულებებს ან რაიმე სახის კონკრეტულ მომავალს - რა ტიპის გზავნილი აქვთ ამომრჩევლის მიმართ არ ეფუძნება. ეს ხალხი მხოლოდ და მხოლოდ ცდილობს ჩვენ მიმართ ყველაზე უფრო კრიტიკულად განწყობილი ამომრჩევლების პოლიტიკური სიძულვილის აკუმულირებას, რასაც მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებს კიდეც.
თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ წინა არჩევნებზე მათ ვერ მოახერხეს მობილიზება კრიტიკული ამომრჩევლისაც კი - მათ ვერ დაარწმუნეს ამომრჩეველი, რომელსაც არ მოსწონს ხელისუფლება, რომ მათ შეუძლიათ რამე შესთავაზონ.
იყო საუბარი, როცა ბიუროკრატიულ აპარატს ვამცირებდით, რომ იქნებოდა უკმაყოფილება, მაგრამ ჩვენ ძალიან მყარი ნება გვქონდა და გვაქვს, რომ ის რაც საჭირო იყო ქვეყნის განვითარებისთვის უნდა გაკეთებულიყო. და საერთო ჯამში ამ რეფორმებმა, უფრო მეტი ამომრჩევლის მხარდაჭერა მოგვცა. იმიტომ, რომ ეს რეფორმები ჩვენ რომ არ გაგვეტარებინა, რამაც გააღიზიანა და შეგვიქმნა კრიტიკული ამომრჩეველი, მაშინ ჩვენ არ შევასრულებდით მთავარ დანაპირებს - ქვეყნის გარდაქმნას.
მაგალითად განათლების რეფორმა რომ არ გატარებულიყო, მაშინ შენარჩუნდებოდა ის სისტემა, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილისთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი. იმავდროულად, შეუძლებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ყველას მოეწონება.
კერძო საკუთრების თემაც სერიოზული გამოწვევა იყო ჩვენთვის - მომხდარიყო თუ არა აშკარა უკანონობებზე სრული თვალის დახუჭვა და იგნორირება. და იქნა გადაწყვეტილება მიღებული ხაზი გაგვეტარებინა ჩვეულებრივ დარღვევებს შორის და მომხდარიყო მათი ”ამნისტირება” და იმ შემთხვევებს შორის, რომლებიც უკავშირდებოდა საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს და დაკავშირებული იყო ძალიან უხეშ დარღვევებთან. თუმცა მე ხაზს ვუსვამ, რომ შეიძლება იყო გარკვეული შეცდომები და ზღვარი, რომელიც ჩვენ გავატარეთ, გარკვეულ დაზუსტებას მოითხოვდეს.
რაც შეეხება ჩვენს გამოწვევებს, ბუნებრივია, რაც დრო გადის მრავალი გამოწვევა კიდევ უფრო კრიტიკული ხდება ჩვენთვის. ნებისმიერ დაგვიანებულ რეფორმას ძვირი ფასი აქვს. ფასების და ინფლაციის მომენტი არის ძალიან დიდი გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ შარშან შეიქმნა 60-დან 100 ათასამდე ახალი სამუშაო ადგილი, უმუშევრობა მაინც რჩება ჩვენ მთავარ გამოწვევად.
და მე ეს მიმაჩნია ამ მთავრობის მთავარ შიდა პოლიტიკურ პრობლემად ქვეყნის გამთლიანების, ნატოში ინტეგრაციის გამოწვევების და რეფორმების გაგრძელების ფონზე.
როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას საკმარისი დიალოგი აქვს საზოგადოებასთან?
დიალოგის არ არსებობაზე საუბრობენ ის ელიტური ჯგუფები, რომლების მიჩვეულნი იყვნენ პრივილეგირებულ მდგომარეობას მთავრობის კარზე და ახლაც მზად იქნებოდნენ, რომ იგივენაირი მეხოტბეები ყოფილიყვნენ, თუ იგივე პირობებს შესთავაზებდა ხელისუფლება, როგორც ადრე იყო. ჩვენთვის ძალიან პრინციპულია, რომ ასეთი ელიტური ჯგუფები არ იარსებებს - ეს კატეგორიულად მიუღებელია.
სხვა მხრივ, დიალოგი მოსახლეობასთან არის ყოველდღიური საქმე ნებისმიერი პოლიტიკოსის, სხვადასხვა ფორმით, რა თქმა უნდა. ეს არის, როგორც კამპანიის დროს პირდაპირი სახით, ისე სხვა ტიპის დიალოგი სხვადასხვა წრეებთან და ეს ყველაფერი გვირგვინდება არჩევნებით. თუმცა მე იმის თქმა არ მინდა, რომ მარტო არჩევნებია ეს ყველაფერი.
ამ თვალსაზრისით შეიძლება მე არ გამოვირჩევი, მაგრამ ყველაზე მეტი კონტაქტი აქვს პრეზიდენტს და მმართველ ძალის სხვა წარმომადგენლებს ამომრჩევლებთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
ჩვენ ძალიან მგრძნობიარეები ვართ იმ პრეტენზიების და მოთხოვნების მიმართ, რომელიც მოდის არა რომელიმე ელიტური ჯგუფის, არამედ საერთო ჯამში ჩვენი ამომრჩევლების სერიოზული ჯგუფის მხრიდან.
ამდენად კატეგორიულად არ ვეთანხმები, რომ არის დიალოგის პრობლემა. ეს არის შეცდომების და ობიექტური მიზეზების ფონზე ჩვეულებრივი კრიტიკა ნებისმიერი მთავრობის მიმართ და მითუმეტეს ჩვენი სასტარტო პოზიციების მქონე ხელისუფლებისათვის და იმ გატარებული მტკივნეული რეფორმების ფონზე.
რა პროგნოზს გააკეთებდით 2 ნოემბრის შემდეგ პოლიტიკური პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით?
ჩვენი სურვილია იყოს ნორმალური დიალოგი ჩვენს ოპონენტებთან, როგორი მიუღებლებიც არ უნდა იყვნენ ისინი. და ჩვენ შევქმენით პარლამენტში ამ დიალოგის ტრადიცია, სადაც ვცდილობთ, რომ გავარჩიოთ საკითხები და შევთანხმდეთ.
მე იმედი მაქვს, რომ როცა ეს ვნებათაღელვა გადაივლის, რაღაც ნაწილი მაინც ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ცივილიზებული დიალოგის ჩარჩოებში ჩაჯდება, ვინც არ ჩაჯდება ამომრჩეველი გამოუტანს, ჩემი აზრით, განაჩენს.
არც იმაშია პრობლემა, თუ ეს აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს, თუ კანონის ფარგლებში გააკეთებენ ამას.
მაგრამ როცა ამ აქციებს და ოპოზიციას ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებს, პოლიტიკური რეპუტაციის თვალსაზრისით ეს კატასტროფაა, ჩემი აზრით. მაგრამ ეს დემოკრატიის ნაწილია და მათი არჩევანია.
თუ ვინმე სისულელეს აპირებს და ძალადობრივ ქმედებას, ამაზე ითქვა გარკვევით, რომ ეს არ არის ის საქართველო, წლების წინ რომ იყო.
იმის მიუხედავად, რომ ოპოზიცია თავის ზომიერებას ხაზს უსვამს საერთაშორისო შეხვედრებზე, ჩვენ ყოველდღიურად გვესმის მათგან მედიით მოწოდებები, რომ დავიჭერთ, გავასამართლებთ - ანუ რაც ჩვენ გვესმის ადგილობრივი მოხმარებისთვის, ამას ზომიერებას ვერ დაარქმევ. სხვათა შორის, კონსტიტუციურ მონარქიაზე საუბრობენ აქ და საერთაშორისო ასპარეზზე არ საუბრობენ. ძალიან საინტერესოა ამ ტიპის ორმაგი სტანდარტები მათი.
კიდევ ვიმეორებ, რომ თუ ვინმე რამე სისულელეს არ აპირებს და მე ამის იმედი მაქვს, მაშინ იქნება საპროტესტო აქციები და ეს აქციები ჩაივლის ისე, როგორც ყველა სხვა აქციას ჩაუვლია. და ჩვენი საზოგადოება მიეჩვევა იმას, რომ ეს ჩვეულებრივია და თუნდაც ხალხმრავალი დემონსტრაციები, არის ჩვეულებრივი ნაწილი დემოკრატიის. ეს აქციები ჩაივლის და ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში ჩატარდება არჩევნები.