პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ლადო გურგენიძეს ურჩია ”მუდმივი დიალოგი” ჰქონდეს საზოგადოებასთან, რათა ”თარგმნოს” ქვეყნის ეკონომიკური წარმატება თითოეული მოქალაქისთვის ”გასაგებ ენაზე”.
სააკაშვილმა ეს განცხადება გურგენიძესთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც ქართულმა ტელეკომპანიებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბოლო თვეებში მკაცრად გააკრიტიკეს, როგორც ოპონენტები ამბობენ, საზოგადოებასთან დიალოგის ნაკლებობის გამო.
სააკაშვილმა ასევე განუცხადა გურგენიძეს, რომ მას ექნება მანდატი, რომ ცვლილებები შეიტანოს მთავრობაში 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
გთავაზობთ პრეზიდენტის განცხადებას:
”ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი რეფორმების გაატარა მთავრობამ ბოლო 4 წლის განმავლობაში.
ახლა ამოცანაა, რომ ხალხს იმითი კი არ ველაპარაკოთ, რომ ჩვენ აი ამდენი და ამდენი პროცენტით ვიზრდებით [ეკონომიკურად], ამდენი და ამდენი ინვესტიცია შემოდის, ამა და ამ ადგილზე ვართ [ეკონომიკური კლასიფიკატორების რეიტინგებში] და ა.შ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ფული შემოდიოდეს ქვეყანაში და განვითარება ხდებოდეს, მაგრამ ჩვენ უნდა გადავუთარგმნოთ ეს ადამიანურ, ქართულ ენაზე ყველა ჩვენ ოჯახს რას ნიშნავს ყველაფერი ეს თითოეული ადამიანისთვის. არა მხოლოდ გადავუთარგმნოთ, არამედ ხშირ შემთხვევაში დავანახოთ ბევრად უფრო ეფექტურად, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.
აქედან გამომდინარე დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ყველასთან... ძალიან ბევრ ადამიანს საქართველოში, აბსოლუტურ უმრავლესობას ძალიან ზუსტად ესმის პროცესები.
მაგრამ დიალოგის პროცესი, მარტო პრეზიდენტისთვის კი არა, პრემიერისთვის განსაკუთრებით, უნდა იყოს მუდმივი პროცესი. ჩემი რჩევაა, რომ დამტკიცების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დრო უნდა გაატაროთ კაბინეტში, კიდევ უფრო ბევრი დრო გაატაროთ ამ დიალოგის პროცესში. დიალოგი არის საპარლამენტო დიალოგი, რაც კარგია, მაგრამ დიალოგი არის ასევე ყველა ცალკე ჯგუფთან დიალოგი... და რამდენიმე მილიონ ქართველთან, რომელიც არის წასული საზღვარგარეთ.
მთლიანობაში სწორი მიმართულებაა სამუშაო ადგილები და სოციალური დაცვა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს მუდმივ ინტერაქციაში ხალხთან. ჩვენ ხალხთან უნდა ვიყოთ ძალიან, ძალიან, კონკრეტულები და გახსნილები და დისტანცია მთავრობას და ხალხს შორის უნდა იყოს ნულოვანი... ჩვენ უნდა ვაჩვენოთ პირდაპირი დიალოგი და ურთიერთობა ჩვენს საზოგადოებასთან.
არჩევნების შემდეგ უნდა გადავხედოთ როგორ იმუშავებენ ეს თქვენი მინისტრები და არჩევნების შემდეგ თქვენ გაქვთ მანდატი რომ ხელახლა დაუბრუნდეთ შემადგენლობას და ხელახლა აუცილებლობის მიხედვით და იმის მიხედვით რა გარემოებები შეიქმნება, ბევრ რაღაცას დავინახავთ ამ ორი თვის განმავლობაში, გადავახალისოთ ხელახლა, თუ ეს საჭირო გახდა, მინისტრთა კაბინეტი შემადგენლობა”.