20 დეკემბერს მთავრობამ 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა და მოიწონა. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 5.155 მილიარდ ლარით, ხოლო ხარჯვითი ნაწილი 5.705 მილიარდი ლარით განისაზღვრა.
მთავრობის სხდომის შემდეგ ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს 22 დეკემბრამდე უნდა წარედგინოს, ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა გაახმოვანა.
მისი თქმით ”ფისკალური კუთხით ბიუჯეტი პროფიციტულია” – 275 ათასი ლარით. თუმცა, გილაურის თქმით, მონეტარულ ნაწილში ბიუჯეტში 2%-იანი დეფიციტია.
განათლების სამინისტროს დაფინანსება 71 მლნ ლარით იზრდება, კერძოდ, 2007 წელს თუ იყო 418 მლნ ლარი, მომავალ წელს, გილაურის განცხადებით, ამ სფეროსთვის განსაზღვრულია 490 მლნ ლარი. ეს ზრდა ძირითადად მიმართულია პედაგოგების ხელფასების მომატებაზე და მათ დაზღვევაზე.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის თუ 2007 წელს 996 მლნ ლარი იყო გამოყოფილი 2008 წელს მისი დაფინანსება იზრდება და ხდება 1.284 მლრდ ლარი. გაზრდილი დაფინანსება, ფინანსთა მინისტრის თქმით, მოხმარდება ხელისუფლების ახალი სოციალური პროგრამების განხორციელებას.
2008 წლის ბიუჯეტში, წლევანდელთან შედარებით, თანხები უმცირდება თავდაცვის და ენერგეტიკის სამინისტროებს.
თავდაცვის ბიუჯეტი 1.495 მილიარდი ლარიდან მომავალ წელს 1.100 მილიარდ ლარამდე შემცირდება.
ენერგეტიკის სექტორი ასევე დაფინანსების მნიშვნელოვან კლებას განიცდის. თუ 2007 წლის ბიუჯეტში ამ სფეროზე გათვალიწინებული იყო 226 მლნ ლარი, გილაურის თქმით, 2008 წლის ბიუჯეტში ეს თანხა 61 მლნ ლარამდე მცირდება.
მინისტრის ინფორმაციით, 2008 წელს ეკონომიკური ზრდა 6%-ით არის განსაზღვრული, ხოლო პროგნოზირებადი ინფლაციის დონე 8%-ით. მომავალ წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) დაახლოებით 2800 დოლარზე არის გათვლილი. სტატისტიკის დეპარტამენტის თანახმად, საქართველოში მოსახლეობა 4.4 მილიონს შეადგენს.
2008 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს განსახილვევლად განსაზღვრულ ვადაში, 22 დეკემბრამდე წარედგინება.