ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ის შეურთდება 13 იანვარს დაგეგმილ საპროტესტო აქციას, რათა პროტესტი გამოხატოს არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ.
”მე შევუერთდები ამ აქციას ლევან გაჩეჩილაძის და იმ ხალხის მიმართ სოლიდარობის მიზნით, ვინც პროტესტს გამოთქვამს არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ,” - განაცხადა დავით გამყრელიძემ 10 იანვარს გვიან ღამით ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ზე გადაცემა Primetime-ში საუბრისას.
ახალი მემარჯვენეები ოპოზიციური კოალიციის წევრი არასოდეს ყოფილა და არც კოალიციის ნოემბრის აქციებში არ მიუღია მონაწილეობა.
დავით გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების შედეგების მანიპულირებას ახდენს, იმისათვის, რომ სააკაშვილის გამარჯვება პირველ ტურშივე უზრუნველყოს და მეორე ტურის ჩატარების საჭიროება აღარ გაჩნდეს. ”თუმცა, აშკარაა, რომ მეორე ტური საჭიროა,” დასძინა მან.
გამყრელიძის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი დაუყონებლივ უნდა გადადგეს. ”ის ნამდვილად იმსახურებს იმ სიტყვებს, რომელიც მას ლევან გაჩეჩილაძემ უთხრა. ის მართლაც თაღლითია,” - განახცადა გამყრელიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ გაზაფხულზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ ექნება, თუ არ იქნება სამართლიანობის გარანტიები.
”საარჩევნო ადმინისტრაციები, მედიის თავისუფლება, სასამართლო სისტემა - ეს ყველაფერი ეჭვის ქვეშ დგას,” - განაცხადა მან, ”მე არ მივიღებ მონაწილეობას [საპარლამენტო] არჩევნებში, თუ არ იქნება გარანტიები [თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა]”.