Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დროა საპარლამენტო არჩევნებზე გადავიდეს აქცენტი - მეთიუ ბრაიზა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 იან.'08 / 20:02

დროა ყურადღების კონცენტრირება მოხდეს და ყველა შესაძლო ნაბიჯი გადაიდგას იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს გაზაფხულზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თავისუფლება და სამართლიანობა, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ.

 

19 იანვარს თბილისში პრესკონფერენციაზე საუბრისას ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ აშშ-ს საელჩომ 20 ჯგუფი გააგზავნა მთელ საქართველოში  დარღვევების შესახებ არსებული პრეტენზიების შესასწავლად. ”და ფართომასშტაბიანი, ზედმიწევნითი მუშაობის შემდეგ, ჩვენი დასკვნა იყო, რომ არ ჰქონია ადგილი ფართომასშტაბიან გაყალბებას, რაც შეცვლიდა არჩევნების საერთო სურათს,” - დასძინა მან.

 

18 იანვარს ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ (OSCE/ODIHR) გამოაქვეყნა შუალედური მოხსენება, სადაც გაკრიტიკებულია არჩევნების შემდგომი პროცესი, მათ შორის ხმების დათვლის ეტაპი. ბრაიზამ განაცხადა, რომ მას ჯერ არ მიეცა შესაძლებლობა წაეკითხა მოხსენება, თუმცა გარკვეული ინფორმაცია მიიღო მოხსენების ზოგიერთი დეტალის თაობაზე. 

 

”რა თქმა უნდა, ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ სერიოზული დარღვევების თაობაზე მოწოდებული ინფორმაციის გამო, ასევე ხმების დათვლის პროცესში არსებული სერიოზული პრობლემების გამო. სხვათაშორის, ჩვენს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ, ჩვენმა საკუთარმა კვლევამ გამოავლინა რამდენიმე სერიოზული, მე ვიტყოდი დარღვევის - ამ ტერმინს ვიხმარდი - ფაქტი. თუმცა, ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ რაიმე ინსტანცია, სადაც არსებობს მნიშვნელოვანი გაყალბების სანდო მტკიცებულება; ეს ჩვენ არ გვინახავს,” - განაცხადა ბრაიზამ.

 

ცოტა ხნის წინ ბრაიზა ოპოზიციამ მწვავედ გააკრიტიკა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან  ქართული ტელევიზიით არჩევნებიდან ერთი დღის შემდეგ განაცხადა - ყოველ შემთხვევაში, როგორც ეს ითარგმნა - რომ არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა. გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში თინა ხიდაშელმა რესპუბლიკური პარტიიდან გააკრიტიკა აშშ არჩევნების დადებითი შეფასების გამო, და აღნიშნა, რომ ”ყველამ იცის”, რომ ეს მნიშვნელოვანწილად განაპირობა ბრაიზამ, რომელიც სააკაშვილის ”პირადი მეგობარია”.

 

ამერიკელი დიპლომატი ასევე გააკრიტიკა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ. ”როდესაც ჩემი მეგობარი, მეთიუ ბრაიზა გამოდის არჩევნებიდან მეორე დღესვე და აცხადებს, რომ გაიმარჯვა და გვეუბნება ოპოზიციას, რომ თქვენ არ გეკადრებათ ასე მოქცევა, ეს არის ძალიან არასერიოზული და მე მას აუცილებლად ვუსაყვედურებ, როდესაც შევხვდები,” - განაცხადა ცოტა ხნის წინ გამყრელიძემ. 

 

ბრაიზას ამ საყვედურებზე პასუხის გაცემა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე მოუხდა. მან მიზეზად არასწორი თარგმანი დაასახელა - ეს მიზეზი მან ადრეც მოიშველია.

 

”ჩემს მიერ 6 იანვარს გაკეთებულ განცხადებებში მე შევეცადე ვყოფილიყავი ძალიან ფრთხილი და მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ თუ არჩევნები იქნებოდა თავისუფალი და სამართლიანი, თითოეული ქართველის ვალია, რომ პატივი სცეს მის შედეგებს. მაგრამ თუ შედეგები არ იქნებოდა თავისუფალი და სამართლიანი, მაშინ საქართველო 2003 წლის ნოემბრის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდებოდა,” - განაცხადა ბრაიზამ, ”გარკვეული მიზეზების გამო, ზოგიერთმა ჩვენმა მეგობარმა გადაწყვიტა ამ განცხადების ისეთი ინტერპრეტაცია მოეხდინა, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა აცხადებდა 6 იანვარს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. მაგრამ პირველი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ვცნობდით არჩევნების შედეგებს მაშინ გაჩნდა, როდესაც პრეზიდენტმა ბუშმა დაურეკა ახლად არჩეულ პრეზიდენტ სააკაშვილს და მიულოცა მას - ეს მხოლოდ ორშაბათს [14 იანვარს] მოხდა”.

მან ასევე აღნიშნა, რომ თავდაპირველად უცნაურად მოეჩვენა შეხედულება თითქოს ვიღაცას საქართველოში შეეძლო ეფიქრა, რომ ”ერთ უბრალო ამერიკელ დიპლომატს შეეძლო რაიმე პირდაპირი როლი ეთამაშა მათივე პოლიტიკური მომავლის განსაზღვრაში”.

”შემდეგ ცოტა მეტი ვიფიქრე და მივხვდი, რომ ეს არასწორი თარგმნის შედეგი იყო. მაშინ არ მიმაჩნდა საქართველოს არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად. მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ ჩვენ არ ვიცოდით არჩევნები იყო თუ არა სამართლიანი და თავისუფალი,” - დასძინა მან.

ქართული ოპოზიციის პერსონალური იერიში ბრაიზაზე სიტყვიერ კრიტიკას გასცდა.  12 იანვარს თბილისში მოეწყო გამოფენა, რომელსაც ოპოზიციის ლიდერებმა უწოდეს ”ქართულ-ამერიკული სიცრუის მეთიუ ბრაიზას სახელობის მუზეუმი,” სადაც ის ოქმები გამოიფინა, რომელიც ოპოზიციის თქმით, სააკაშვილის სასარგებლოდ გაყალბდა.

ამ საკითხის კომენტირებისას 19 იანვარს ბრაიზამ განაცხადა, რომ მან ეს ”საკმაოდ სახალისოდ” ჩათვალა. ”და ეს სასაცილოდ მივიჩნიე, რომ ჩემნაირი უბრალო  დიპლომატით შესაძლოა ვინმე დაინტერესებულიყო ისეთი მნიშვნელოვანი არჩევნების დროს, როგორიცაა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები,” - დასძინა მან.

საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ამ არჩევნების და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას ”დიდი გავლენა ექნება”  ნატოს მიერ საქართველოს წარმატების შეფასებისას, წევრობისთვის საჭირო დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით.

”კვლავაც მოვუწოდებთ ყველას, ვინც ზრუნავს დემოკრატიაზე საქართველოში - იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია - ყველაფერი გააკეთონ და ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგან იმისათვის, რათა უზრუნველყონ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს პროცედურები,” - დასძინა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14