Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
’მე მთელი ერის პრეზიდენტი ვარ’ - სააკაშვილი
/ 20 იან.'08 / 14:34
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის არა მხოლოდ ერთი პარტიის ლიდერია, არამედ ის მთელი საქართველოს პრეზიდენტია. თავის საინაუგურაციო გამოსვლაში სააკაშვილი ოპოზიციასაც შეეხო, რომელიც პარალელურად თბილისის იპოდრომზე საპროტესტო აქციისთვის ემზადებოდა.   

სააკაშვილმა თავისი გამოსვლა - რომელსაც ”უკანასკნელი საპრეზიდენტო ფიცი” უწოდა - დაიწყო 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გახსენებით და განაცხადა, რომ ეს არჩევნები იყო მთელი საქართველოს გამარჯვება.

”ორი კვირის წინ ჩატარდა არჩევნები, რომელიც მთელმა მსოფლიომ შეაფასა, როგორც ყველაზე კონკურენტული საქართველოს ისტორიაში,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”თქვენ აირჩიეთ გაერთიანებული საქართველო, საქართველო სიღარიბის გარეშე... ამ არჩევნებით დავამტკიცეთ, რომ ქართული დემოკრატია ვითარდება, რომ შეგვწევს საკმარისი სიმტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტების დასაცავად... ამ არჩევნებს ჰყავს ერთი გამოკვეთილი გამარჯვებული და ეს არის სრულიად ქართველი ერი”.

შემდეგ მან მადლობა გადაუხადა ”ყველა კანდიდატს”, ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა დააკონკრეტა, რომ იმ კანდიდატებს გულისხმობდა, ვინც დემოკრატიისა და პარტიოტიზმის პრინციპებით ხელმძღვანელობდა.

”მე მინდა მადლიერება გამოვხატო ასევე ჩვენი ოპოზიციის მიმართ იმიტომ, რომ არ არსებობს თავისუფლება განსხვავებულ იდეათა შეჯიბრების გარეშე,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”მათ კი, ვინც უკმაყოფილოა არჩევნების შედეგებით მე მინდა ვუთხრა, მე მესმის თქვენი, მაგრამ დაპირისპირების დრო გავიდა... ხმები შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ოცნება არ განსხვავდება ერთმანეთისგან. მიზნები, რომლებიც ჩვენ გვაერთიანებს გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე უთანხმოებები, რომლებიც ჩვენ გვაპირისპირებს”.

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მას სურს მადლობა გადაუხადოს ”ჟურნალისტებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს”.

შემდეგ მან განაცხადა, რომ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, ”რათა უზრუნველვყო ოპოზიციის უფრო სოლიდური მონაწილეობა ძირითად სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაში”.

თავის წინა გამოსვლებისგან განსხვავებით, სააკაშვილს აღარ შეუთავაზებია ოპონენტებისათვის სამთავრობო პოსტები, თუმცა მან განაცხადა, რომ  აპირებს შექმნას სახელმწიფო კომისია სიღარიბის დასაძლევად და სურს ამ კომისიაში ოპოზიციაც იხილოს.

”50 დღეში ჩვენ გვექნება დეტალური გეგმა, თუ როგორ მივაღწიოთ საქართველოს სიღარიბის გარეშე [სააკაშვილის წინასაარჩევნო ლოზუნგი],” - განაცხადა მან, ”აპრილში ჩვენ გვექნება მინიმალური პენსიის 100 დოლარამდე გაზრდის დეტალური გეგმა”.

”ჩვენი პრიორიტეტი ბოლო ოთხი წლის მანძილზე იყო ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ჯაჭვების გაწყვეტა. მომდევნო ოთხი წელი იქნება პერიოდი, როდესაც მოხდება ამ თავისუფლების შესვლა თითოეულ ქართულ ოჯახში, რათა მოხდეს დემოკრატიის შემდგომი გაძლიერება და სიღარიბის დაძლევა. თითოეული ოჯახის კეთილდღეობა არის მთავარი პრიორიტეტი საქართველოს განახლებული მთავრობისა, რომელსაც მომდევნო რამდენიმე დღეში წარვადგენ”.

მისი თქმით, თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მთავრობა მას ემსახურება და მთავრობის ერთადერთი ორიენტირი არის ხალხის კეთილდღეობა.

”მე არ მოვითმენ გულქვა მოხელეებს, მე არ მოვითმენ გულგრილ მოხელეებს, ზემოდან ქვემოთ ხალხზე ყურებას  იმიტომ, რომ ნებისმიერი დემოკრატიული მთავრობა ხალხს ქვემოდან ზემოთ უნდა უყურებდეს, ხალხია ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი და არა რომელიმე ჩინოვნიკი,”- აღნიშნა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ძლიერი ქართული სახელმწიფო უნდა ეფუძნებოდეს სოლიდურ ოპოზიციას, ძლიერ სასამართლო სისტემას და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას. ”დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება იქნება ჩემი პრიორიტეტი,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიას მთელი ქართული საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილისთვის”.

საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო სურს ”ააშენოს ხიდები ჩრდილოეთით, სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით...კარგად დაცული საზღვრები უნდა ვაქციოთ ხიდებად და არა ბარიერებად”.

”ჩვენ განვაგრძობთ სვლას უფრო მყარი ნაბიჯებით ნატოსკენ,” - განაცხადა სააკაშვილმა, ”ამ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი ევროატლანტიკური ორიენტაცია. ჩვენ ქვეყანას აქვს პრივილეგია მხარდამხარ იდგეს მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების გვერდით მთელი მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოებისა და თავისუფლების დასაცავად ბრძოლაში”. 

”ჩვენი ევროატლანტიკური ორიენტაცია არ ეწინააღმდეგება არცერთი ჩვენი მეზობლის ინტერესს, ეს არ ეწინააღმდეგება და არ არის მიმართული რომელიმე ჩვენი მეზობლის გაუცხოებაზე. კვლავ ვუწვდი პარტნიორობის ხელს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რუსეთს. ჩვენ უნდა ვიმეგობროთ, ჩვენ უნდა დავახლოვდეთ, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შემდგომ პრეზიდენტს გამთლიანებულ საქართველოს გადასცემს.

ინაუგურაციის ცერემონიას 16-მდე ქვეყნის დელეგაცია დაესწრო. სტუმრებს შორის იყვნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი; ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის და რუმინეთის პრეზიდენტები; შვედეთის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ჩეხეთის და თურქმენეთის პარლამენტის თავმჯდომარეები; აზერბაიჯანის და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრები; უკრაინის ვიცე-პრემიერი; აშშ-ს ვაჭრობის მინისტრი; საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი, დიდი ბრიტანეთის, ნატოს და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლები სამხრეთ კავკასიაში.

ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ სამხედრო აღლუმი მოეწყო. რუსთაველის გამზირზე M4-ის ტიპის საბრძოლო იარაღით აღჭურვილმა 2500 ქვეითმა სამხედრო მოსამსახურემ ჩაიარა. ასევე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკა, მათ შორის, 10 ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80", 7 საარტილერიო დანადგარი ”DANA”, 6 საარტილერიო დანადგარი ”გრად-ლარი”. ცაზე 4 იროკეზმა, 4 მი-24-მა, 3 ლ-39-მა და 6 სუ-25-მა გადაიფრინა.  სამხედრო აღლუმზე ასევე გამოჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 ჯავშან მანქანა ”კობრა”.

ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გახსნა. ”ჩვენ დავანახეთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, საქართველო არის ქვეყანა, როდესაც რთულ ვითარებაში ერს ყოფნის გამბედაობა, გონიერება, რომ მშვიდი, სწორი ნაბიჯები გადადგას ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობის შენარჩუნებისთვის, ერს აქვს სურვილი და მოთხოვნა, რომ ქვეყანა დემოკრატიულად და წარმატებულად განვითარდეს... მინდა ვუსურვო საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს გააერთიანოს საქართველო,” - განაცხადა ბურჯანაძემ თავის გამოსვლაში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10