Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილის გამოსვლა ინაუგურაციაზე - სრული ტექსტი
/ 21 იან.'08 / 16:56

მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოთქმული სიტყვა ინაუგურაციაზე, 20 იანვარი, 2008 წელი 

ვესალმები მთელს საქართველოს, ვესალმები აფხაზეთს, ოსეთს, კახეთს, ქართლს, ქვემო ქართლს, სამცხეს, ჯავახეთს, აჭარას, გურიას, იმერეთს, სამეგრელოს, სვანეთს, რაჭას, ლეჩხუმს, ფშავ-ხევსურეთს, თუშეთს და ქიზიყს. ვესალმები ყველა ქართველს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

განსაკუთრებული პატივით ვესალმები მის უწმინდესობას, საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს.

ვესალმები პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს და ყველა ჩვენს განსაკუთრებულ სტუმარს, ვესალმები ყველა აქ შეკრებილ ადამიანს.

მე ახლა ვდგავარ თქვენს წინაშე, არა როგორც ერთი პარტიის, არამედ როგორც მთელი ერის ლიდერი. ერისა, რომელსაც მტკიცედ აერთიანებს, რწმენა, რომ ერთიანი ძალებით ჩვენ შეგვიძლია დავიცავთ სამშობლო, ვაქციოთ იგი თავისუფალ, ერთიან და ძლიერ სახელმწიფოდ.

ეს არის პასუხისმგებლობა და მიზანი, რომელიც აერთიანებს ჩვენს ხალხს და ჩვენი ძალა ერთობაშია.

როგორც პრეზიდენტი მე ვეკუთვნი საქართველოს ხალხს. თითოეულ თქვენთაგანს.

ჩემი მოღვაწეობა ეძღვნება ჩემი ხალხისა და ქვეყნის კონსტიტუციის დაცვას და პატივისცემას.

ორი კვირის წინ ჩვენთან ჩატარდა არჩევნები, რომელიც ყველაზე კონკურენტული იყო საქართველოს ისტორიაში.

ამ არჩევნებზე თქვენ ხმა მიეცით იდეებსა და ხედვებს საქართველოს უკეთესი მომავლისათვის, თქვენ აირჩიეთ წინსვლა და ახალი ხვალინდელი დღე. თქვენ აირჩიეთ ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე.

ამ არჩევნებით დავამტკიცეთ, რომ ქართული დემოკრატია ვითარდება, რომ შეგვწევს საკმარისი სიმტკიცე დემოკრატიული ინსტიტუტების დასაცავად და გასაძლიერებლად.

ამ არჩევნებს ჰყავს ერთი გამოკვეთილი გამარჯვებული და ეს არის ქართველი ხალხი.

ხალხის ეს გამარჯვება ჩვენ ერთად მოვიპოვეთ. ჩვენი პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს ყველა მოქალაქისა და ჩვენი დიასპორის ყველა წარმომადგენლის ძალისხმევითა და დემოკრატიული პრინციპების ერთგულებით.

მადლობას ვუხდი ყველა კანდიდატს ვინც ამ არჩევნებში მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა დემოკრატიის პრინციპებით, მათ რომელთაც ამოძრავებდა საკუთარი ხედვა, იდეები და ჭეშმარიტი შემართება ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ერთიან საქართველოს, ჩვენი ერთიანობა სჭირდება ახლა. ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ერთად საერთო ეროვნული მიზნების მისაღწევად.

მათ კი, ვინც უკმაყოფილოა არჩევნების შედეგით მინდა ვუთხრა: მე მესმის თქვენი, მაგრამ დაპირისპირებების დრო გავიდა.

ჩვენი ხმები შეიძლება განსხვავდება, მაგრამ ჩვენი ოცნება (ვიმედოვნებ) არა.

მიზნები, რომლებიც ჩვენ გვაერთიანებს გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე უთანხმოებები, რომლებიც გვაპირისპირებს.

ჩვენ შეიძლება სხვადასხვა გზას ვადგავართ, მაგრამ მიმართულება საერთო გვაქვს, ეს არის მიმართულება ერთიანი და ძლიერი საქართველოსაკენ.

იმ საქართველოსაკენ, რომლის ასაშენებლად ჩვენ ახლა ხელი-ხელს უნდა ჩავკიდოთ და მხარდამხარ დავდგეთ შრომასა თუ ბრძოლაში.

დღეს ჩვენ აქ შეკრებილნი ვართ არა მხოლოდ ახალი საპრეზიდენტო ვადის დაწყების აღსანიშნავად, არამედ იმისთვის, რომ ხმამაღლა მთელი ქვეყნისა და მსოფლიოს გასაგონად განვაცხადოთ, რომ საქართველო აგრძელებს თავის დიდ ისტორიულ სვლას თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ. ეს არის წელგამართული და ამაყი სვლა, ჩვენი ნაბიჯი გამყარებულია წინაპრების თავდადებითა და ახალი საქართველოს ენერგიით, ისტორიული პასუხისმგებლობითა და მომავლის რწმენით.

ჩვენ ვაშენებთ უსაფრთხო საქართველოს, მშვიდობით მეზობლებთან და კეთილდღეობით ჩვენს ოჯახებში; სამშობლოს სიყვარულითა და სახელმწიფოებრიობის პატივისცემით შეკრულს და გაერთიანებულს ცხინვალიდან ახალქალაქამდე, სიღნაღიდან სოხუმამდე.

ოთხი წლის წინ, ჩვენ ქართველებმა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ სვლის ახალი ეტაპი დავიწყეთ. დავიწყეთ იმით, რომ ყველა ერთად დავდექით ქაოსისა და უიმედობის, კორუფციისა და სიღატაკის, სიბნელის, დაქსაქსულობისა და უძლურების, ღირსებაშელახულობისა და პატივაყრილობის დასამარცხებლად.

ჩვენ ერთად მუშტად შევიკარით და ვთქვით “კმარა” - კმარა ქაოსი, კმარა მძარცველების ბატონობა, კმარა ნათურა, რომელიც არ ანათებს, ბიზნესი, რომელიც არ ქმნის სამუშაო ადგილებს და ხალხი, რომელსაც დაკარგული აქვს მომავლის რწმენა.

ოთხი წლის შემდეგ გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია, გაცილებით უფრო მეტი გვინდა მაგრამ ჯერ არა გვაქვს. ჯერ კიდევ ბევრ ქართველს ძალიან უჭირს.

მაგრამ ღვთის წყალობითა და ჩვენი ხალხის ძალისხმევით თავისუფლება გრძელდება, სახელმწიფოებრიობა დავიბრუნეთ და ჩვენი თავი ნამდვილად ჩვენადვე გვეყუდვნის.

ისტორიული ქარტეხილები, მომავლის ასაშენებლად საჭირო გაკვეთილებია.

გაკვეთილები, რომლებიც გვასწავლიან, რომ თავისუფლების დაცვას დიდი ჯაფა (და გააზრებული გამბედაობა) სჭირდება,

რომ შეუქცევადი არაფერია,

რომ გზა გამარჯვებისკენ ძალიან დიდი სირთულეებითაა ჩახერგილი.

ისტორია გვასწავლის რომ ამ ბარიერების გადალახვა ადვილი არაა და ამას ჩვენი დიდი ერთსულოვნება და შემართება სჭირდება.

რომ თავისუფლებას ყველაზე სათუთი გაფრთხილება უნდა ჩვენი ერთობითა და ქვეყნის ერთგულებით.

ქართველებს წილად და ჯილდოდ გვერგო ულამაზესი ქვეყანა, ნოყიერი მიწით და უმდიდრესი კულტურით, მაგრამ

- რამდენადაც დიდებულია ჩვენი ჩვენი სამშობლო იმდენად მძიმე იყო ჩვენი ისტორიული ხვედრი მის შესანარჩუნებლად.

- რამდენადაც თვალწარმტაცია საქართველო, იმდენად კოლოსალური იყო გამოწვევები მის დასაცავად ამაყი ქართველი ერისათვის.

- რამდენადაც დიდი ჯილდოა ეს ქვეყანა თითოეული ჩვენგანისთვის იმდენად დიდ გმირობა მოგვეთხოვება, იმისათვის რომ ეს ჯილდო ვერავინ წაგვართვას.

ოთხი წლის წინ ამ ჯილდოს ვკარგავდით, სახელმწიფოებრიობა სულს ღაფავდა, ქართული სახელმწიფო მუხლებზე იდგა. მაშინ ზუსტად აქ დავდექით და ხმამაღლა ვთქვით, რომ სამშობლოს არავის დავუთმობთ! დავდეთ ფიცი, რომ ჩვენ - ქართველი ხალხი - დავიცავდით, მოვუვლიდით და გავაძლიერებდით საქართველოს.

და დღეს, 4 წლის შემდეგ ქართული სახელმწიფო უდრეკად დგას ფეხზე.

როგორც არასდროს, ისე მტკიცეა ახლა ჩვენი ნება თავისუფლების და დემოკრატიის დასაცავად.

მინდა ქედი მოვიხარო იმ ხალხის წინაშე ვინც შეუძლებელი შეძლო და ამ ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში თავისუფლებისა და პროგრესის დროშა ააფრიალა.

მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს ვინც არ დათმო სამშობლო და ვინც თავის საქმით იცავს და ემსახურება მას.

ეს ადამიანები დგანან ახლა ჩვენს გვერდით, ეს ადამიანები ხართ თქვენ.

მადლობა ჯარისკაცებს და ოფიცრებს, რომელნიც იცავენ საქართველოს უსაფრთხოებას და მიწაწყალს; როგორც აქ საქართველოში ისევე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

მადლობა მუშებსა და სოფლის მეურნეებს, რომელნიც წარმოადგენენ ჩვენი ეკონომიკის ხერხემალს;

მადლობა მასწავლებლებსა და ექიმებს, რომელნიც ზრუნავენ ხალხის უკეთეს დღევანდელ დღესა და მომავალზე.

მადლობა ჟურნალისტებს და ადამიანის უფლებების დამცავ ორგანიზაციებს, მთელს ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელნიც ემსახურებიან დემოკრატიას და არიან ადამიანის უფლებათა ადვოკატები.

მადლობა მთელ ქართულ დიასპორას.

ამ ადამიანთა რიგებში მინდა კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ჩვენი ოპოზიციის მიმართაც, იმიტომ, რომ არ არსებობს თავისუფლება განსხვავებულ იდეათა შეჯიბრის გარეშე.

მინდა მივმართო ყველას, ვინც მონაწილეობდა და მონაწილეობას მიიღებს გასულ და მომავალ არჩევნებში: ჩვენ შეიძლება ხშირად განვსხვავდებოდეთ ჩვენი იდეებით, მაგრამ ჩვენ ერთნი ვართ საქართველოს სიყვარულში, ჩვენ ერთნი ვართ დემოკრატიისა და თავისუფლებისათვის თავდადებაში.

ამიტომ მე დიდი პატივისცემით ვუყურებ თქვენს შენატანს დემოკრატიის განვითარებაში. დემოკრატიულ სისტემაში, ყოველი ჩვენგანი გარკვეულ დროს არის ოპოზიციონერი. ამიტომ მე გადავდგამ ქმედით ნაბიჯებს რათა უზრუნველვყო ოპოზიციის უფრო სოლიდური მონაწილეობა ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაში.

ჩემთვის დღევანდელი დღე არის არა ტრიუმფის, არამედ ჩემი ხალხისთვის თავდადების დღე. დღე, როდესაც უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე და ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა.

ოთხი წლის წინ ვარდების რევოლუციამ მოიტანა დიდი რწმენა და ენთუზიაზმი. ჩემი პრეზიდენტობა მაშინაც ტრიუმფის ნაცვლად ხალხის იმედების გასამართლებლად თავის გადადებით დაიწყო. მე ვიცი რასაც მივაღწიეთ, მაგრამ ვიცი ისიც თუ რომელმა შეცდომამ რა გაკვეთილი გვასწავლა.

ვარდების რევოლუციამ უდიდეს ნახტომით წაგვწია წინ, მაგრამ ჩვენს ხალხს ვარდების რევოლუციის მოსავალი ჯერ სრულად არ აუღია.

ოთხი წლის წინ ჩვენ შევუდექით, რეფორმებისა და განახლების ურთულეს გზას, იმიტომ რომ ეს იყო სიცოცხლის ერთადერთი გზა.

და მოხდა ის რასაც ვერავინ წარმოიდგენდა: ჩვენი რეფორმები იქცა სამაგალითოდ და ხშირად მისაბაძად მთელი მსოფლიოსათვის.

ჩვენ შევძელით საზოგადოების გახსნა, ეკონომიკის გათავისუფლება, კორუფციის აღკვეთა, კრიმინალისა და დანაშაულებრივი მენტალიტეტის ბატონობისაგან თავის დახსნა, ჩაბნელებული ქვეყნის განათება, ხალხის ნიჭისა და ტალანტის რეალიზაციის უფრო მეტი საშუალებების შექმნა, ინვესტიციების დიდი ოდენობით მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

იქ სადაც ადრე მხოლოდ სიღატაკე და დეპრესია იყო ახლა ახალი შესაძლებლობებია გაჩენილი.

იქ სადაც ადრე ფულის მყვლეფავი, კორუმპირებული და უგულო ჩინოვნიკი მუშაობდა და ჩასაფრებული ელოდებოდა მომენტს ადამიანის დასამცირებლად და ფულის წასართმევად, ახლა უმეტეს შემთხვევაში ხალხის მომსახურე, პასუხისმგებლობით განმსჭვალული და თავაზიანი სახელმწიფო მოხელე მუშაობს.

კანონს აღარ წერს ქურდი და აღარ ქურდობს კანონმდებელი.

ხალხი გათავისუფლდა დანაშაულის ბატონობისაგან და თავისუფლება დაკარგა დამნაშავემ.

მაგრამ ეს მხოლოდ ფუნდამენტია. გასაკეთებელი ახლა უფრო მეტია. შენება და წინსვლა უნდა გაგრძელდეს, შესაბამისად, უნდა გაგრძელდეს განახლებაც. ჩვენ ავირჩიეთ მომავალი და ამიტომ უკან დახევა არ იქნება.

ამ საარჩევნო კამპანიამ მომცა საშუალება მთელი საქართველო მომევლო და პირადად მენახა რა სტკივა და რაზე ოცნებობს ჩვენი ხალხი; რისი ეიმედებათ და რისი ეშინიათ, რა აწუხებთ და რა სჭირდებათ.

მოვიარე ყველა მხარე და ვნახე ქვეყანა, რომელიც შენდება და ვითარდება, ახალი გზები ახალი სკოლები და საავადმყოფოები. გალამაზებული ქალაქები და უფრო დაცული ხალხი.

მაგრამ ვნახე ის საქართველოც, რომელიც ჯერაც სიღარიბის ტყვეობაშია. ვნახე ოჯახები რომელთაც არ იციან ექნებათ თუ არა საღამოს საჭმელი თავიანთი შვილებისთვის.

ვნახე უამრავი ადამიანი, რომელთა უმძიმესი მდგომარეობა ჩვენი სირცხვილია. ვნახე ხალხი ვისაც არ აქვს საშუალება მიიღოს სამედიცინო მომსახურება, არა აქვს საშუალება ასწავლოს შვილს და დაკარგული აქვს ხვალინდელი დღის იმედი.

მათი ტკივილი ჩვენი ყველას ტკივილია, ჩემთვის ეს არის პირადი ტკივილი და ამიტომ ჩემი უმთავრესი მიზანია კეთილდღეობა შევიტანო საქართველოს ყველა გაჭირვებულ ოჯახში.

გასაკეთებელი ძალიან ბევრია. ცვლილებებმა ახალი განზომილება უნდა მიიღოს. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი პრიორიტეტი იყო, რომ დაგვემსხვრია ის ბორკილები, რომელიც შეუძლებელს ხდიდა ქვეყნის განვითარებას, ამ ბორკილებისგან გაგვეთავისუფლებინა ხალხი და საწარმოები, გაგვეხსნა შესაძლებლობები მეწარმეებისა და ფერმერებისათვის.

შემდეგი წლების უმთავრესი ამოცანა არის ის, რომ ეს თავისუფლება კეთილდღეობის სახით შევიდეს საქართველოს ყველა ოჯახში, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა აისახოს უფრო მეტი ჩვენი მოქალაქის დოვლათის ზრდაზე.

ყველა ოჯახში კეთილდღეობა და გახსნილი შესაძლებლობები არის განვითარების და თავისუფლების დაცვის ერთადერთი გზა, ჩემი და ჩემი ახალი მთავრობის მუშაობის ერთადერთი ორიენტირი.

თავისუფლების სიკეთე ყველამ უნდა იგრძნოს, ახლა უნდა დავამტკიცოთ, რომ თავისუფლება არა მხოლოდ ბორკილებს ამსხვრევს, არამედ აპურებს ჩვენს ოჯახებს, გვიშუშებს ჭრილობებს, კურნავს დავრდომილს და აძლევს განათლებას ჩვენს მომავალ თაობებს.

აქამდე ჩვენი მიზანი იყო აგვეშენებინა საქართველო კორუფციის, ქაოსისა და მოძალადეთა გერეშე. ახლა ჩვენი მიზანია ავაშენოთ საქართველო სიღარიბის გარეშე.

ახლა ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი რეფორმებისა და განახლების სიკეთე საგრძნობი გახდეს ყველა სოფელსა და ფერმაში, ყველა საკლასო ოთახსა და სამზარეულოში მთელს ჩვენ მიწაზე.

წინ ძალიან ბევრი საქმე გველოდება იმისათვის, რომ ავაშენოთ საქართველო სიღარიბის გარეშე. სიღარიბე არ იცდის და ამიტომ ჩვენ შესვენების დრო არ გვაქვს.

პირველ რიგში, ეკონომიკის ზრდასთან და უფრო თავისუფალი სამეწარმეო გარემოს დამკვიდრებასთან ერთად, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა ავამოქმედოთ იაფი კრედიტი, ჩვენი ხალხის დასახმარებლად და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

იაფი კრედიტი იმისათვის რომ სახელმწიფო არა მარტო პირობებს უქმნიდეს ადამიანს ეკონომიკური საქმიანობისათვის, არამედ მისი პარტნიორი და დამხმარე გახდეს წარმატების მიღწევაში.

იაფი კრედიტი იმისათვის, რომ ჩვენმა ნიჭიერმა ხალხმა შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია და საკუთარი ბიზნეს იდეების ცხოვრებაში გარდასახვა.

გარდა ამისა ჩვენ უნდა დავხვეწოთ სოციალური დაცვის პოლიტიკა და უნდა შევქმნათ ისეთი მაქანიზმები, რომ დახმარება მიიღოს მან ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

რომ სიბერე ყველასათვის იყოს სიღარიბის გარეშე, დაცული და უზრუნველყოფილი.

რომ არცერთი მოხუცებული არ დარჩეს მარტო საკუთარ გაჭირვებასა და ავადმყოფობასთან.

და რაც მთავარია ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რათა ქართული სოფელი მყარად დადგეს ფეხზე.

საქართველოს გული და სული ქართული სოფელია.

ძლიერი სოფლის გარეშე ძლიერი საქართველო არ იქნება.

ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი სოფლის კეთილდღეობა.

ამისათვის ჩემი პროგრამაა

გაზი ყველა სოფელს...

კარგი გზა ყველა სოფლამდე...

ტრაქტორი ყველა სოფელში....

იაფი კრედიტი სოფლის მეურნეობის საწარმოების შესაქმნელად,

100 ახალი გადამამუშავებელი საწარმო სოფლის დასასაქმებლად, სამუშაო ადგილები, გაზრდილი შემოსავლები, ხელმისაწვდომი სასუქი და ბაზარზე გასვლაში დახმარება.

ყველა სოფლისთვის სოფლის ექიმი და თანამედროვე სკოლა.

ჩვენი მიზანია საქართველო სიღარიბის გარეშე. რასაკვირველია ამ მიზნის სრულად მიღწევას უფრო მეტი დრო უნდა, ვიდრე, რომელიმე მთავრობის ან თუნდაც ერთი პოლიტიკური ლიდერის მოღვაწეობაა. მაგრამ ჩვენ დასაკარგი დრო არა გვაქვს, სიღარიბით დათრგუნულ ქართულ ოჯახებს სასწრაფო შველა ესაჭიროებათ სიღარიბე არავის აძლევს მოცდის და სულის მოთქმის საშუალებას, ამიტომ არც ჩვენ გვაქვს დაყოვნების უფლება.

დღეს მე ვაცხადებ, რომ ჩვენი პროგრამა “საქართველო სიღარიბის გარეშე” დაუყოვნებლივ დაიწყებს განხორციელებას და ზუსტად 50 დღეში ჩვენ უკვე გვექნება კონკრეტული შედეგები.

50 სამუშაო დღეში, ანუ აპრილის დასაწყისისათვის, მე თქვენს წინაშე გავაკეთებ ანგარიშს ჩემი საპრეზიდენტო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.

ამ დროისთვის ჩვენ ამოქმედებული გვექნება იაფი კრედიტის ექვსივე კომპონენტი და ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად იაფი კრედიტების გაცემა იქნება დაწყებული.

საქართველოში საჭირო რაოდენობის სამუშაო ადგილების შექმნას რა თქმა უნდა დრო დასჭირდება, მაგრამ 50 დღეში იაფი კრედიტი რეალობა იქნება.

აპრილისათვის ჩვენ მომზადებული გვექნება პენსიების 100 დოლარამდე ზრდის ზუსტი ეტაპობრივი გეგმა, ასახული საქართველოს ბიუჯეტსა და კანონმდებლობაში. ამ დროისთვის შექმნილი იქნება და უკვე იფუნქციონერებს სიღარიბის დაძლევის ეროვნული კომისია, რომელშიც ჩემი სურვილია ვიხილო არა მხოლოდ მთავრობის და საზოგადოების, არამედ პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ამ კომისიის ყველა რეკომენდაციის შესრულებას მუხლჩაუხრელი შრომა და დრო დასჭირდება მაგრამ 50 დღეში კომისია უკვე იმუშავებს და უკვე გვექნება 100 დოლარამდე პენსიის გაზრდის ზუსტი გრაფიკი დამტკიცებული.

ჩვენი პროგრამა ძალიან დეტალურია და მე პასუხისმგებლობას ვიღებ მის შესრულებაზე.

ამ საქმეში მე ოპოზიციასაც ვთხოვ მონაწილეობას. 50 სამუშაო დღეში, როდესაც მე პირველ ანგარიშს ჩაგაბარებთ, ნაცვლად იმისა თუ რა გავაკეთე პირადად მე და ჩემმა გუნდმა მირჩევნია მოგიყვეთ თუ რა გავაკეთეთ ჩვენ ყველამ ერთად საქართველოში სიღარიბის დასამარცხებლად და ხალხის დასახმარებლად.

მიზნის მისაღწევად ჩვენ დაუყოვნებლივ ვიწყებთ მუშაობას. დაცდა დაუშვებელია. ამ პროგრამების განხორციელებას ჩვენ შევუდგებით იმაზე ადრე, ვიდრე ახალი მთავრობა საბოლოოდ იქნება დაკომპლექტებული.

ჩემი მთელი აპარატისა და უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართ მე მაქვს ერთი სათქმელი და ეს განსაკუთრებით ახლებს შეეხებათ: ხვალიდან დაწყებული, მომავალი 50 სამუშაო დღის განმავლობაში და შემდეგ, არც ერთი გაცდენილი დღე და საათი! არც ერთი არასამუშაო დღე. საქართველო ახლა დამოკიდებულია ამაზე თუ რამდენად სწრაფად და ეფექტიანად ვიმუშავებთ ჩვენ.

ასე, რომ საქართველოს დიდი სვლა დემოკრატიისა და თავისუფლებისაკენ გრძელდება.

ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიას ყველა ქართველისთვის და არა მხოლოდ მისი საზოგადოების რომელიმე ერთი ნაწილისათვის..

მომავალი 5 წლის განმავლობაში, საკუთარ წარმატებას ჩვენ გავზომავთ არა მხოლოდ იმით რასაც მივაღწევთ ქვეყნის შიგნით, არამედ იმითაც თუ რას ვიზამთ მის ფარგლებს გარეთ. იმით, თუ როგორ შევძლებთ მოვძებნოთ თანამშრომლობის და პარტნიორობის საშუალებები ჩვენს მეზობლებთან და მოკავშირეებთან.

კარგად დაცული საზღვრები უნდა ვაქციოთ ხიდებად და არა ბარიერებად. ჩვენ გვჭირდება ხიდები ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით.

საქართველოს მუდმივი ნავთსაყუდელი, მისი ბუნებრივი გარემო, არის ევროპა, რომელთანაც გვაერთიანებს საერთო კულტურა, ისტორია და დემოკრატიულ ფასეულობათა მთელი სისტემა დაფუძნებული ადამიანის უფლებათა ხელშეუხებლობის, კანონის უზენაესობისა და საზოგადოების მშვიდობიანი და სამართლიანი განვითარების პრინციპებზე.

ამ არჩევნებზე ქართველმა ხალხმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი მყარი ევრო-ატლანტიკური ორიენტაცია.

ჩვენ ქვეყანას აქვს პრივილეგია მხარდამხარ იდგეს მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების გვერდით მთელი მსოფლიოს მასშტაბით უსაფრთხოებისა და თავისუფლების დასაცავად ბრძოლაში.

და ჩვენ ამას ვაკეთებთ არა მოკლევადიანი გათვლებით არამედ იმ საერთო ფასეულობების გამო, რომელიც გვაერთიანებს დემოკრატიულ და თავისუფალ სამყაროსთან.

იმ პასუხისმგებლობის გამო, რომელიც საქართველოს გააჩნია დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვის საქმეში.

ქართველმა ხალხმა ხმამაღლა და ძალიან მკაფიოდ გამოხატა თავისი სურვილი ნატოში გაწევრიანების თაობაზე და ასეთივეა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ერთიანი ფასეულობების მქონე მთელს საერთაშორისო საზოგადოებაში, რომელიც წარმოადგენს ამ უძლიერეს ორგანიზაციას.

პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს.

მაგრამ ნება მომეცით მკაფიოდ განვმარტო, რომ ქართველი ხალხის ამ ოცნებისა და მიზნის ასრულება, არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ჩვენი მეზობლების ინტერესების უგულებელყოფას.

ოთხი წლის წინ მე ვიდექი აქ თქვენს წინაშე და მეგობრობის და თანამშრომლობის ხელი გავუწოდე რუსეთს,

დღეს მე იგივეს ვაკეთებ და კვლავ ვუწვდი პარტნიორობის ხელს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს.

ტრანსფორმაცია არასოდეს არის ადვილი. ის გულისხმობს არა მარტო საშინაო, არამედ საგარეო ცვლილებებსაც.

იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ერთად გავიაროთ ამ ცვლილებების გზაზე, ისე, რომ ეს ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობის და საერთო მოგების პრინციპებს.

მთელს ჩვენს რეგიონში ახლა ვახორციელებთ ახალ გრანდიოზულ რეგიონულ პროექტებს, ვაკავშირებთ ხალხსა და ეკონომიკებს აქამდე წარმოუდგენელი მასშტაბებით. ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებთან ერთად, უკრაინასა და თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ცენტრალურ აზიაში, ვაშენებთ ახალ ეკონომიკას, რომელიც გახსნილია ყველას მონაწილეობისათვის, რომელიც საშუალებას მისცემს ყველას მაქსიმალურად გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და ნიჭი.

ერთად ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია და მოდით ნუღარ დავკარგავთ დროს.

ვუყურებთ რა მომავალს, ჩვენ ვთხოვთ უფალს დახმარებას იმ დიდი ამოცანების შესრულებაში, რომელიც წინ გველოდება უახლოესი 50 დღის და მომავალი 5 წლის განმავლობაში.

ჩვენ ავაშენებთ საქართველოს სიღარიბის გარეშე.

გავაგრძელებთ ჩვენი უსაფრთხოების და ერთიანობის განმტკიცებას.

ხელს გავუწვდით რუსეთს უკეთესი ურთიერთობების დასამყარებლად

უფრო მტკიცე ნაბიჯით გავაგრძელებთ სვლას ნატოსკენ და ევროკავშირისკენ.

მე გავაკეთებ ყველაფერს, იმისათვის, რომ შემდეგ პრეზიდენტს დავუტოვო გაერთიანებული საქართველო. ეკონომიკურად სწრაფად განვითარებადი, მშვიდობიანი აფზახეთითა და სამხრეთ ოსეთით.

ისე რომ, კონფლიქტის ზონების ასიათასობით მკვიდრი - ჩვენი დროის ყველაზე მძიმე ტანჯვაში გამოვლილი ხალხი - საქართველოს გაერთიანებისა და მშვიდობისათვის მებრძოლი ეს გმირები - დაუბრუნდნენ საკუთარ ფესვებს. მოიპოვონ ღირსება და სიმშვიდე.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შვილები, რომელთა ათასობით წარმომადგენელიც დევნილობაში დაიბადა მოძებნის საკუთარ ისტორიულ კერას, დაიბრუნებს უსამართლოდ წართმეულ წარსულს და შესაბამისად მომავალს.

ეს ყველაფერი არ არის ერთი ადამიანის, რომელიმე ერთი პარტიისა ან ერთი მთავრობის გასაკეთებელი.

აქ, პარლამენტის დიდი სვეტების წინ, ამ ცერემონიის გამართვით, საკუთარ თავს შევახსენებთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების უზენაესობა.

ჩვენ ჩავიბარებთ პრეზიდენტების ფიცს, დავამტკიცებთ ახალ მთავრობებს, მაგრამ ქართული სახელმწიფოს აღმავლობა ან დაცემა დამოკიდებული იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების სიმტკიცესა ან სისუსტეზე.

ძლიერი დემოკრატია, სოლიდური ოპოზიცია, დამოუკიდებელი სასამართლო, სამოქალაქო კონტროლის ქვეშ მყოფი არმია, პასუხისმგებლობის მქონე მთავრობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, ამ ინსტიტუტების სიმტკიცე იქნება ერთადერთი პასუხი კითხვაზე შევძლებთ თუ არა ჩვენ დასაბამი დავუდოთ ახალი, დემოკრატიული და თავისუფალი საქართველოს ათასწლოვან, შეუქცევად სახელმწიფოებრიობას.

მომავალი ხუთი წლის განმავლობაში ჩემი მთავარი საზრუნავი იქნება საქართველოს სიღარიბისგან გათავისუფლება, მისი დაცვა და გაერთიანება.

მაგრამ ამ მიზნების მიღწევის შემდეგაც, საქართველო ვერ ჩამოყალიბდება ძლიერ და სტაბილურ ქვეყნად თუ ჩვენ არ შევქმენით დემოკრატიისა და თავისუფლების ძალიან მყარი ინსტიტუტები. ისეთი მყარი, რომ მათ შეეძლოთ გაუძლონ ყველაზე დიდ რყევებსა და გამოწვევებს, შეეძლოთ უზრუნველყონ პრეზიდენტების და მთავრობების დემოკრატიული და მშვიდობიანი მონაცვლეობა.

ეს არის ამოცანები რომელთა გადასაჭრელად მე დღეს ჩემი უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადის ფიცი დავდე ჩემი ხალხისა და სამშობლოს წინაშე.

ეს არის მიზნები, რომელთა მისაღწევად ახლა ყველანი ერთად უნდა დავდგეთ.

არის ბევრი პარტია, მაგრამ ერთია სამშობლო.

არის ბევრი აღმსარებლობა, მაგრამ ერთია ჩვენი საერთო რწმენა.

არის ბევრი ეთნიკური ჯგუფი, მაგრამ ერთია ჩვენი ერი.

არის ხუთი ჯვარი, მაგრამ ერთია ჩვენი დროშა.

ჩვენი ძალა ჩვენ ერთობაშია!

და რა პოზიციაც და განსხვავებული აზრიც არ უნდა გვქონდეს დღეს, მთავარია, რომ, მრავალი წლის მერე, როდესაც წუთისოფელთან განშორების ჟამი დადგება, შეგვეძლოს შთამომავლობას ამაყად ვუთხრათ, გავაკეთეთ ყველაფერი რაც შეგვეძლო რათა მათ ეცხოვრათ ერთიან, ძლიერ, ბედნიერ და თავისუფალ საქართველოში.


წყარო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11