Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
იაკობაშვილი კონფლიქტების მოგვარების გეგმებზე საუბრობს
/ 4 თებ.'08 / 19:45
მოამზადა ნინო ხუციძემ, ”სივილ ჯორჯია”

თემურ იაკობაშვილი, ახლად დანიშნული სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, რომელიც აქტიურ პოლიტიკაში არასამთავრობო სექტორიდან მოვიდა, Civil.ge-სთან ინტერვიუში კონფლიქტების მოგვარების გეგმებზე საუბრობს. იაკობაშვილი მომხრეა, სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირ დიალოგში ყველა თემას მოეხსნას ტაბუ.

”ჩვენი მიზანია ლტოლვილებმა იგრძნონ ჩვენი საქმიანობით გაუმჯობესება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, აფხაზები და ოსები, რომლებიც ცხოვრობენ მეორე მხარეს დარწმუნებულები უნდა იყვნენ იმაში, რომ ჩვენ არა ვართ მტრები და ვართ მოყვარეები და მათი ცხოვრებაც გვენაღვლება,”- აცხადებს თემურ იაკობაშვილი.

როგორია თქვენი ხედვა კონფლიქტების მოგვარებაზე მოლაპარაკებათა არსებული ფორმატების მიმართ და რამე კორექტივების შეტანის ინიციატივით ხომ არ აპირებთ გამოსვლას?

ფაქტია, რომ დღეს ყველა მოლაპარაკებები არის ჩიხში შესული. ჩვენთვის მთავარია რეზულტატი, რომელიც მოაქვს ამ მოლაპარაკებებს.

როგორც ჩანს ამ მოლაპარაკებების ფორმატებმა, რაც დღემდე არსებობდა ან ამოწურეს თავი ან არ მუშაობენ.

შესაბამისად საჭიროა ვიფიქროთ ის, რაც არ მუშაობს, შევცვალოთ ახლით და რამაც თავის თავი ამოწურა, იმას გავანებოთ თავი. თუ არის დარჩენილი ამ ფორმატებში რამე ისეთი, რამაც შეიძლება თავის როლი შეასრულოს, გამოვიყენოთ მისი გამოცდილება და წავიდეთ წინ.

პან გი მუნის მოხსენებაშიც აღნიშნულია, რომ როგორც ჩანს, უნდა გადავხედოთ გაეროს ფორმატებს.

ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი ფორმატებთან დაკავშირებით კონკრეტული საუბრისაგან, რადგან უფრო ღრმად უნდა ჩავიხედო ამ საკითხებში.

დღეს საქართველოს გააჩნია ახალი პრიორიტეტი და ეს არის ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე. შესაბამისად, ჩემი აზრით, ჩვენი პრიორიტეტი პირველ რიგში, იქნება ინტეგრაცია. ჩვენ ადამიანებთან გვექნება ურთიერთობები, რომ ჩვენი საქმიანობის შედეგად ხალხმა იგრძნოს თავი უკეთესად და არა პოლიტიკოსებმა და არჩეულმა თუ აურჩეველმა ხელისუფლებამ.

რამდენად რეალურად გესახებათ დღეს მოქმედი სამშვიდობო პროცესების გადახედვა, რომელიც ხელისუფლების დეკლარირებული ამოცანაა, თუმცა დღემდე ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები არ გადადგმულა. ამ ეტაპზე საერთოდ დგას თუ არა ეს საკითხი დღის წესრიგში?

დღის წესრიგში აუცილებლად დგას იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს თავის მოქმედების ვადა.

შეიცვალა რეალობები. საქართველო უკვე აღარ არის ის, რაც ადრე იყო არც ეკონომიკური თვალსაზრისით, არც სხვა თვალსაზრისით. და ამ პროცესს ჩვენ უზომოდ ვერ გავწელავთ, მითუმეტეს, რომ ჩვენთვის მთავარია რა შედეგი მოაქვს ამ პროცესს.

ყველაფერი რასაც არ მოაქვს შედეგი და რაც პირველ რიგში არ აისახება ხალხზე: ეს იქნებიან დევნილები, ეს იქნებიან იქ მცხოვრები ოსები თუ აფხაზები, მაშინ იმ პროცესს აზრი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, თორემ ჩვენთვის, აფხაზებისთვის და ოსებისთვის ამას აზრი არ აქვს.

მე მიმაჩნია, რომ რუსებს აუცილებლად შეუძლიათ პოზიტიური როლი ითამაშონ. ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ რუსები უნდა გავყაროთ და ა.შ, არ არის მთლად მართებული. რუსეთი უნდა იყოს ერთ-ერთი მხარე მოლაპარაკებებში, კონფლიქტის გადაჭრის პროცესში, მაგრამ არა ერთადერთი. ის არ უნდა იყოს ერთადერთი გარანტორი იმიტომ, რომ  არა მარტო ჩვენი მწარე გამოცდილება ამტკიცებს ამას, რომ ერთადერთი როცა არის ცუდია, არამედ მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს ამას, რომ ჯობია იყოს რამოდენიმე.

მე მაინც ვფიქრობ, რომ რუსებთან შეიძლება მოლაპარაკება და შეთანხმების მიღწევა იმაზე, რომ წინ დავძრათ პროცესი.

სამშვიდობო ფორმატის ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებით დასავლეთში გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს, რომ ისინი, ყოველ შემთხვევაში მოკლე ვადიან პერიოდში, არ განიხილავენ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის საკითხს. რა უნდა გააკეთოს თბილისმა მათ დასარწმუნებლად? 

დასავლეთი საკმაოდ ენთუზიაზმით ეკიდება ამ საკითხს, თუმცა გააჩნია რა ფორმით, რა დოზით და როდის.

როცა ვლაპარაკობ შეცვლილ რეალობებს, ერთ-ერთი შეცვლილი რეალობა არის ის, რომ ეს ყველაფერი, განსაკუთრებით აფხაზეთის კონფლიქტი, ხვდება უკვე ევროპის სამეზობლოში მას შემდეგ, რაც რუმინეთი და ბულგარეთი შევიდა ევროკავშირში.

ისინი განყენებულად, გვერდზე ვერ დადგებიან და შესაბამისად ახლა იწყება გადახედვა თვითონ ევროკავშირის მიდგომებისა ამ საკითხებთან მიმართებაში და მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით შეიძლება პროგრესის მიღწევა.

თუმცა ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ ხვალვე ევროკავშირი ჩაერთვება პოლიტიკური მოლაპარაკებების საკითხებში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არის მთელი რიგი გამოუყენებელი პოტენციალი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ძალიან აქტიურად გამოვიყენოთ. 

ევროკავშირთან სამშვიდობოების განთავსებაზე ლაპარაკი, ამ ეტაპზე, სანამ მან ბალკანეთში არ დაალაგა სიტუაცია, ცოტა ზედმეტიც კი მეჩვენება.   ამიტომ ჩვენ არ უნდა გამოვიდეთ ევროკავშირის წინაშე ისეთი ინიციატივებით, რომელიც მხოლოდ დისკომფორტს შეუქმნის ევროკავშირს და ეს იქნება რაღაც ჰაერში ნათქვამი სიტყვა. კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ ვის რა შეუძლია, ამას აქვს თავის დიპლომატიური მოლაპარაკებების ფორმები ყველაფრის მოსინჯვისა და მერე იქნება უკვე განცხადებები გაკეთებული.

ჩვენ რომ ახლა ვაცხადოთ, რომ ევროკავშირის სამშვიდობოები ჩავაყენოთ ან ჩავანაცვლოთ რუსები, მე ვფიქრობ, რომ ეს არასერიოზულია. რუსების ჩანაცვლება კი არ უნდა მოხდეს, რუსებთან ერთად უნდა იყოს სხვა ან უფრო კარგი ვარიანტია: ვიყოთ ჩვენ და აფხაზები.

რამდენად რეალურია პირდაპირი დიალოგის გამართვა სოხუმთან და ცხინვალთან? ხომ არ გიცდიათ უკვე მათთან კავშირზე გასვლა?

აუცილებლად უნდა განახლდეს პირდაპირი დიალოგი. ჩვენ მზად ვართ ველაპარაკოთ ყველა ოსს და ყველა აფხაზს, მიუხედავად მათი სტატუსისა. 

ჩვენ დაველაპარაკებით არა მარტო სოხუმის მთავრობას, არამედ აფხაზებს რუსეთში, აფხაზებს თურქეთში, სხვა სახელმწიფოებში, რომელთაც ენაღვლებათ აფხაზი ერის ბედი. მე მიმაჩნია, რომ აფხაზების, როგორც ეთნოსის და ერის გადარჩენა, ეს არის ქართული სახელმწიფოს საქმე.

ჯერ მათთან პირდაპირ დიალოგზე გასვლის მცდელობა არ ყოფილა, რადგან მე ვფიქრობ, რომ დროზე ადრე მცდელობა ცუდია. ჯერ მე უნდა გავერკვე ბოლომდე დეტალებში რა ხდება და მას მერე  იქნება ასეთი მცდელობები.

თუმცა აფხაზები აცხადებენ, რომ ისინი არ გააახლებენ დიალოგს თბილისთან მანამ, სანამ კოდორის ხეობაში სტატუს კვო არ აღდგება...

კოდორის თემის გამო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ისტორია უკვე ჩაბარდა წარსულს. მე როგორც ვიცი, იყო არაერთი მონიტორინგის მისია, რომელმაც დაადასტურა, რომ საქართველო იქ წესიერად იქცევა.

ამ საკითხის მუდმივად დაყენება ალბათ ტაქტიკის ნაწილია, მაგრამ მე ამაში გადაულახავ ბარიერს ვერ ვხედავ.

მე ვფიქრობ, რომ უკვე მოვიდა დრო არ გვქონდეს ტაბუირებული თემები და ვილაპარაკოთ ყველაფერზე, თუნდაც რკინიგზის გახსნაზე, თუნდაც ეკონომიკური სანქციების მოხსნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ... ეს ყველაფერი არის მოლაპარაკებების პროცესი. მთავარია ჩვენ ვიცოდეთ, რომ წინ უნდა წავიწიოთ და ისე არ გამოგვივიდეს, რომ ვილაპარაკოთ ლაპარაკის გამო. 

ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ კი არ ვისეირნოთ ჟენევაში, მოსკოვში, სოჭში და სხვაგან, არამედ ლტოლვილებმა იგრძნონ ჩვენი საქმიანობით გაუმჯობესება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, აფხაზები და ოსები, რომლებიც ცხოვრობენ მეორე მხარეს დარწმუნებულები უნდა იყვნენ იმაში, რომ ჩვენ არა ვართ მტრები და ვართ მოყვარეები და მათი ცხოვრებაც გვენაღვლება.   საქართველოს სიღარიბის გარეშე ეს არის აფხაზეთი სიღარიბის გარეშე და ოსეთი სიღარიბის გარეშე, ისევე როგორც ქართლი, კახეთი და სხვა რეგიონები საქართველოსი.

რისი მანიშნებელია ცხინვალისა და სოხუმის იდენტური დამოკიდებულება თქვენი უწყების სახელწოდებაში სიტყვა ”რეინტეგრაციის” გაჩენისადმი და რა იქნება თქვენი საპასუხო გზავნილი?

მე მიმაჩნია, რომ ეს არის მათი მხრიდან სიფრთხილე, ალბათ გამართლებული სიფრთხილეც იმიტომ, რომ ჩვენ უკვე 15 წელია მათ სხვადასხვა რაღაცეებს ვთავაზობთ და ბოლომდე არაფერი არ მიგვიყვანია. შესაბამისად ისინი ფრთხილობენ და მე ეს არც მიკვირს.

მთავარი ის კი არ არის ამ უწყებას რა ერქმევა, მთავარია ის რას გააკეთებს. 

საინტერესოა თქვენი დამოკიდებულება ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების მიმართ, რომლის ხელმოწერასაც ასე აქტიურად ითხოვს მოსკოვიც და დე ფაქტო ხელისუფლებებიც. რა შემთხვევაში შეიძლება მოაწეროს ხელი თბილისმა ამ ხელშეკრულებას?

ჩვენ მზად ვართ ყველაფერზე ვილაპარაკოთ, ოღონდ არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ქართული მხარე დათანხმდება რაიმეს ხელმოწერაზე, სადაც ტექსტია ჩვენთვის მიუღებელი ან თემაა კონტექსტიდან ამოგლეჯილი.

თუ ვლაპარაკობთ ცეცხლის განუახლებლობაზე, უნდა ვილაპარაკოთ ამის პარალელურად რა ხდება.

იქნება ისეთი ხელშეკრულებები ხელმოწერილი, რომელიც რაღაც მიმართულებით წინ წაგვიყვანს. ჩვენთვის მთავარია, რა ხდება ამ შემთხვევაში - რამე საკითხში წინ წავიწევთ თუ არ წავიწევთ. თუ წინ ვერ წავალთ, იყო ადრეც ანალოგიური შეთანხმებები ხელმოწერილი და მე ვფიქრობ, აღარ არის საჭირო მისი განახლება.

თუ ამის საჭიროებას ხედავს ან აფხაზური ან ოსური მხარე, ჩვენ მზად ვართ ვილაპარაკოთ ყველაფერზე ოღონდ ისე, რომ ამას მოჰყვეს თუნდაც დევნილების დაბრუნება.

უახლოეს მომავალში ჩვენ შეიძლება ველოდოთ ამ საკითხზე დიალოგს. 
 
ჩვენ საერთოდ უნდა ვილაპარაკოთ ფართო ფრონტით ყველაფერზე ცეცხლის შეწყვეტაზე, რეაბილიტაციაზე, ემბარგოზე, ერთობლივ ეკონომიკური საქმიანობაზე, საპოლიციო საქმიანობაზე, ოლიმპიადაზე, კულტურაზე. პოლიტიკური სტატუსი ასევე იქნება მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა და არა ერთადერთი.

გლობალიზირებულ მსოფლიოში ვცხოვრობთ და სასაცილოც კი არის ჩემი აზრით, რომ ახლა ასეთ მდგომარეობაში ვართ. ვის არ უომია და ვის არ უჩხუბია, მაგრამ ისინი შერიგდნენ და ახლა მეგობრულად არიან ერთმანეთთან.  მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ოჯახშიც მოხდა ძალიან ცუდი რამეები, მაგრამ ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ახლა ეს კონფლიქტი უზომოდ გავაჭიანუროთ და გავჭიმოთ, უაზროა იმიტომ, რომ ჩვენ ვალდებულება გვაქვს არა მარტო მიცვალებულების მიმართ, რომლებიც ამ ომში დაიღუპნენ ორივე მხრიდან,  არამედ მომავალი თაობების მიმართ და ჩვენ თუ მათ შევუზღუდეთ რაღაც კინკლაობით უკეთესი მომავალი, მე ვფიქრობ ეს არასერიოზული დამოკიდებულება იქნება.

ბოლო წლებში რა შეცდომები იქნა დაშვებული კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ისეთი, რის გამეორებასაც თქვენ არ ისურვებდით მინისტრობის დროს?

მე არ ვიცი შეცდომა რა იყო. მე ვთქვი, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში ყველაფერი რაც გაკეთდება იქნება რეზულტატზე ორიენტირებული. 

დაახლოებით ერთი წელი გავიდა, რაც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი გამოჩნდა ასპარეზზე. თქვენი აზრით რამდენად სწორად ხდება ამ რესურსის გამოყენება და რაიმე ინიციატივები ხომ არ გაქვთ ამ მიმართულებით?

სანაკოევს მე უკვე შევხვდი [3 თებერვალს]. მე ვფიქრობ, რომ მას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია იმისათვის, რომ პოზიტიური როლი ითამაშოს ჩვენი ერების დაახლოებაში.

ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ ხოლმე უარი იმაზე, რაც დაგვიწყია და ჩვენ ეს პროცესი კარგად დავიწყეთ და კარგად უნდა გავაგრძელოთ.

ჩვენი შიდა პოლიტიკური ბატალიების გამო ამ მიმართულებით გარკვეული პაუზა იყო, მაგრამ უნდა განვაახლოთ სანაკოევთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და ხელი უნდა შევუწყოთ ყველა იმ სასიკეთო საქმეში, რომელსაც ეს კაცი აკეთებს თავის გუნდთან ერთად.

აუცილებლად განახლდება ასევე, ამის პირობას მე გაძლევთ, სახელმწიფო კომისიის მუშაობა, სადაც ერთ-ერთი თემა არის სტატუსის თემა. ეს არის მექანიზმი, რომელიც სწორად დავიწყეთ და უნდა მივიყვანოთ თავის ლოგიკურ დასასრულამდე. რესტიტუციის კანონი და მისი ამოქმედება ასევე  იქნება ჩვენი პრიორიტეტი.

გაეროს გენერალური მდივნის ბოლო მოხსენებაში აფხაზეთზე
წინ არის წამოწეული ”დეზინფორმაციის” გავრცელების პრობლემა. როგორ ხდება თქვენი აზრით კონფლიქტის ზონებში მიმდინარე მოვლენების გაშუქება?

ძალიან ხშირად დეზინფორმაციას აბრალებენ ხოლმე ჟურნალისტებს. მე ვფიქრობ, რომ არასწორია, რომ ჟურნალისტს რამე დააბრალო. მას რა ინფორმაციასთანაც მიუწვდება ხელი იმას აშუქებს. პოლიტიკოსების პრობლემაა უკვე თუ ის არასწორ ინფორმაციას აწვდის.

ეს არის პრობლემა იმისა, რომ გარემო არ არის შექმნილი იმისათვის, რომ ნორმალური ინფორმაციის მოპოვების საშუალება მიეცეს ჟურნალისტს.

ჩვენი მიზანი იქნება, რომ ასეთი საინფორმაციო გარემო შეიქმნას, რომ ჩვენ ჟურნალისტებს ისევე როგორც აფხაზ და ოს ჟურნალისტებს ჰქონდეთ საშუალება კონფლიქტის ზონებში გადაადგილებისა, რათა თავის თვალით ნახონ და გადასცენ ობიექტურად ის, რასაც ისინი ფიქრობენ.

თუკი დადგება საკითხი ასე: ნატო თუ კონფლიქტების მოგვარება, ამ შემთხვევაში როგორი იქნება თქვენი პოზიცია?

ნატოც და კონფლიქტების გადაჭრაც. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი ნატოში ინტეგრაცია არის ერთ-ერთი სერიოზული ნაბიჯი კონფლიქტების გადასაჭრელად და არა ის, რომ ჩვენ ნატოს ჯარებს შევიყვანთ რუსების ნაცვლად და მსგავსი სახის პრიმიტიული განცხადებები... 

ნატოში შესული საქართველო ეს არის გაცილებით უფრო დემოკრატიული, ნორმალური და ფუნქციონირებადი საქართველო, რომელიც თავისთავად მიმზიდველი იქნება როგორც ოსებისთვის, ისე აფხაზებისთვის.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19