გაზეთ ”ასავალ-დასავალის” ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა შიმშილობის აქცია დაიწყო მოთხოვნით დაუბრუნდეს გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობა ჟურნალისტებს.
გასული წლის 10 აგვისტოს შენობა ტელეკომპანია ”კავკასიას”, რუსული ტელეკომპანია МИР-ის თბილისის ოფისს და ათეულობით ჟურნალ-გაზეთის რედაქციებს მოულოდნელად, იძულებით და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაატოვებინეს. ეკონომიკის სამინისტრომ ამ ნაბიჯის მოტივად, შენობის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანა დაასახელა.
”მე ვთხოვ ხელისუფლებას ორშაბათამდე მიიღოს გადაწყვეტილება გამომცემლობა ”სამშობლოს” ჟურნალისტებისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში გავაგრძელებ მშრალ შიმშილობას, უვადოდ,”- განაცხადა შიმშილობის მესამე დღეს ჟურნალისტმა.
მან ეს განცხადება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა გარემოცვაში გააკეთა, რომლებმაც მოინახულეს მოშიმშილე ჟურნალისტი, თუმცა გიორგი მამაცაშვილი აცხადებს, რომ მისი აქცია აპოლიტიკურია და მხოლოდ ჟურნალისტების შელახული უფლებების აღდგენას ისახავს მიზნად.
დღესვე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ თხოვნით მიმართა ეკონომიკის სამინისტროს მიაქციოს ყურადღება ჟურნალისტის მოთხოვნებს და გადაწყვიტოს მის მიერ დასმული პრობლემა.