ნატომ მიიღო გადაწყვეტილება არ შესთავაზოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP) საქართველოს და უკრაინას. ალიანსის თქმით, ის ამ გადაწყვეტილებას დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე განიხილავს.
სამიტის დასკვნითი კომუნიკე ჯერ არ გამოქვეყნებულა.
აშშ-ს მრჩეველმა სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში სტეფან ჰედლიმ 3 აპრილს განაცხადა, რომ ნატოს ლიდერებმა საგარეო საქმეთა მინისტრებს მიანიჭეს უფლებამოსილება მიიღონ ეს გადაწყვეტილება. ”ამ გადაწყვეტილების მიღება ნატოს სამიტზე აუცილებელი აღარ იქნება,” - დასძინა მან.
ამასობაში, დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან უკვე განაცხადეს თბილისში, რომ ნატოს გადაწყვეტილება რუსეთის არაპირდაპირი ვეტოს ტოლფასია.
”პირველი და გადამწყვეტი ფაქტორი იყო რუსეთის ზეწოლა,” - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნინო ნაკაშიძემ, ”რუსეთმა პირდაპირ განაცხადა, რომ ნატოს გაფართოების შემთხვევაში და იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და უკრაინა მიიღებდნენ MAP-ს, ეს მათ მიერ აღქმული იქნება, როგორც პირდაპირი პროვოკაცია რუსეთის წინააღმდეგ. რასაკვირველია, ეს ზეწოლა რუსეთის მხრიდან იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი გადაწყვეტილების მიღების დროს.”
თუმცა, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საქართველოსთვის MAP-ზე უარის თქმის მიზეზად დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს ხელისუფლების წარუმატებლობა დაასახელა.
”საქართველოს გადაუვადეს MAP-ის მიღება იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც 7 ნოემბერი აკადრა ქართველ ხალხს, რომელმაც 5 იანვრის არჩევნები გააყალბა,” - განაცხადა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან, ”საქართველოს მიერ MAP-ის მიუღებლობა ამ ეტაპზე განსაზღვრა ევროკავშირის დამფუძნებელმა ქვეყნებმა - სამმა დიდმა და სამმა პატარამ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ. როცა გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, ჰოლანდია, ესპანეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა არის წინააღმდეგი, სისულელეა გამოაცხადო ისინი ”გაზპრომის” და პუტინის აგენტებად”.