Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს ამ ეტაპზე MAP-ზე უარს ეუბნებიან
/ 3 აპრ.'08 / 19:59
სივილ ჯორჯია

ბუქარესტის სამიტზე ნატომ უარი უთხრა საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღებაზე, თუმცა იმის გარანტია მისცა, რომ ეს ქვეყანა ოდესმე მომავალში გახდება ნატოს წევრი.

სამიტის დასკვნით კომუნიკეში ნათქვამია: ”ნატო მიესალმება უკრაინის და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს ნატოს წევრობისკენ. დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს ქვეყნები გახდებიან ნატოს წევრები. ორივე ქვეყანამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ალიანსის ოპერაციებში. მივესალმებით დემოკრატიულ რეფორმებს უკრაინასა და საქართველოში და ველით თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოში მაისში. წევრობის სამოქმედო გეგმა შემდეგი ნაბიჯია უკრაინისა და საქართველოსთვის წევრობისკენ მიმავალ გზაზე. დღეს ჩვენ ნათლად აღვნიშნეთ, რომ მხარს ვუჭერთ ამ ქვეყნების განაცხადს MAP-ზე. ამიტომ, ახლა ვიწყებთ ორივე ქვეყანასთან ინტენსიური ურთიერთობის პერიოდს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, რათა მოგვარდეს ყველა ის მოუგვარებელი საკითხი, რომელთაც MAP-თან აქვთ კავშირი. ჩვენ ვთხოვეთ საგარეო საქმეთა მინისტრებს 2008 წლის დეკემბრის შეხვედრაზე შეაფასონ პროგრესი. საგარეო საქმეთა მინისტრებს გააჩნიათ უფლებამოსილება მიიღონ გადაწყვეტილება უკრაინისა და საქართველოს MAP-ის განაცხადებთან დაკავშირებით”. 

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 3 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატოს ეს განცხადება ”ძალიან ძლიერია” და მიუთითა იმ სტრიქონზე, რომლის თანახმადაც ნატოს წევრები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. ”ეს რაღაცას ნიშნავს,” - განაცხადა სხეფერმა. 

საქართველოს ხელისუფლებამ ასევე გამოყო ეს ჩანაწერი და შეეცადა მასზე დაყრდნობით ოპტიმისტური ტონი შეენარჩუნებინა, მიუხედავად MAP-ზე უარისა.

”საქართველომ ბუქარესტის სამიტზე ვერ მიიღო MAP, მაგრამ მიიღო, მე ვიტყოდი, უფრო მტკიცე პირობა იმის თაობაზე, რომ საქართველო გაწევრიანდება ალიანსში,” - განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს ბუქარესტში და სწორედ ის სტრიქონი ამოიკითხა კომუნიკედან, სადაც წერია, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი.

”ეს არის აბსოლუტურად ღია ვალდებულება ალიანსის მხრიდან, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ეს ვალდებულება გახლავთ უფრო ძლიერი ვალდებულება, ვიდრე MAP-ის საშუალებით მიღებული წევრობის პერსპექტივა,” - დასძინა მან.

ბაქრაძის ეს განცხადება საკმაოდ განსხვავდება მისი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიერ ბუქარესტის სამიტამდე გაკეთებული განცხადებებისგან. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 28 მარტს განაცხადა, რომ რაიმე ”ხელოვნური” გარანტია ნატოსგან MAP-ის გარდა ”მიუღებელი” იქნება საქართველოსთვის. მას ისიც კი განაცხადა ცოტა ხნის წინ აშშ-ში ვიზიტის დროს, რომ ნატოსგან რაიმე ტიპის გარანტიის მიღება MAP-ის გარდა ”სისულელე” იქნება.

”ხელოვნურ” გარანტიაზე საუბრისას ბაქრაძე გულისხმობდა ნატოს ინსტრუმენტს, რომელიც MAP-ზე ნაკლები იქნებოდა. სამიტის დასკვნით კომუნიკეში წერია, რომ ნატო იწყებს ”ინტენსიურ ურთიერთობებს”.

სხეფერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს იყო რაღაც განსხვავებული ”ინტენსიური დიალოგისგან”, რომელსაც საქართველო და ნატო 2006 წლის სექტემბრიდან აწარმოებენ. ”ეს განსხვავდება ინტენსიური დიალოგისგან... ეს არის გზა MAP-ისკენ,” - განაცხადა მან.

ნატოს გადაწყვეტილება წინ უსწრებს საქართველო მაისში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს. სავარაუდოა, რომ ოპოზიცია კომუნიკეს იმ სტრიქონზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატოს მოკავშირეები ”ელიან თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში მაისში”.

მეორე მხრივ, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საქართველოსთვის MAP-ზე უარის თქმის მიზეზად დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოს ხელისუფლების წარუმატებლობა დაასახელა.

”საქართველოს გადაუვადეს MAP-ის მიღება იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც 7 ნოემბერი აკადრა ქართველ ხალხს, რომელმაც 5 იანვრის არჩევნები გააყალბა,” - განაცხადა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან, ”საქართველოს მიერ MAP-ის მიუღებლობა ამ ეტაპზე განსაზღვრა ევროკავშირის დამფუძნებელმა ქვეყნებმა - სამმა დიდმა და სამმა პატარამ და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ. როცა გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია, ჰოლანდია, ესპანეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა არის წინააღმდეგი, სისულელეა გამოაცხადო ისინი ”გაზპრომის” და პუტინის აგენტებად”.   

დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან უკვე განაცხადეს თბილისში, რომ ნატოს გადაწყვეტილება რუსეთის არაპირდაპირი ვეტოს ტოლფასია.

”პირველი და გადამწყვეტი ფაქტორი იყო რუსეთის ზეწოლა,” - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნინო ნაკაშიძემ, ”რუსეთმა პირდაპირ განაცხადა, რომ ნატოს გაფართოების შემთხვევაში და იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და უკრაინა მიიღებდნენ MAP-ს, ეს მათ მიერ აღქმული იქნება, როგორც პირდაპირი პროვოკაცია რუსეთის წინააღმდეგ. რასაკვირველია, ეს ზეწოლა რუსეთის მხრიდან იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი გადაწყვეტილების მიღების დროს.”

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21