აფხაზეთი დაახლოებით 300-350 მლნ აშშ-ს დოლარის ინვესტიციას ელის, რათა სამშენებლო მასალების წარმოებით წვლილი შეიტანოს 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის მზადების საქმეში, იუწყება 8 აპრილს ”ინტერფაქსი” აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.
”ტყვარჩელში, მაგალითად, აშენდება ცემენტის ქარხანა, უკვე გამოცხადებულია ტენდერი. ეს ინვესტიცია 180 მლნ აშშ დოლარამდე აღწევს. მხოლოდ ერთი ქარხანა. მეორის აშენება იგეგმება ოჩამჩირეში, პორტის მიდამოებში,”- აცხადებს მოსკოვში ვიზიტად მყოფი დე ფაქტო პრეზიდენტი, ”ინვესტიციები, ვფიქრობ, იქნება მთლიანობაში 300-350 მლნ აშშ დოლარის ოდენობით”.
მან ასევე არ გამორიცხა სოხუმის აეროპორტისა და პორტების გახსნის შესაძლებლობა და ასევე რუსეთთან საზღვარზე გამტარუნარიანობის გაზრდა.
ეს განცხადება ბაღაფშმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა დსთ-ს 1996 წლის შეთანხმებიდან გამოსვლით ცალმხრივად მოუხსნა აფხაზეთს ეკონომიკური სანქციები, ხოლო პრეზიდენტმა პუტინმა ამის შემდეგ სეპარატისტებთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.