რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაავალა რუსეთის მთავრობას და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალური ურთიერთობები დაამყარონ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის შესაბამის ორგანოებთან, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 16 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს დაევალათ:
• ითანამშრომლონ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შესაბამის ორგანოებთან;
• უზრუნველყონ თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, სოციალურ, სამეცნიერო, კულტურულ სფეროებში, მათ შორის რუსეთის რეგიონების ჩართვით ამ პროცესში;
• განსაზღვრონ იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ იქნა გაცემული ფიზიკურ პირებზე და რომლებიც აღიარებულ იქნება რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ;
• აღიარონ ის იურიდიული პირები, რომლებიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის საფუძველზე დარეგისტრირდნენ;
• უზრუნველყონ სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლებრივ საქმეებზე;
• საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენლობები შეასრულებენ საკონსულო ფუნქციებს, რათა დახმარება აღმოუჩინონ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას.
“გათვალისწინებულია დამატებითი წინადადებების მომზადება კონკრეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შემდგომი ურთიერთქმედებისთვის ამ რესპუბლიკების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინტერესების შესაბამისად, იქ მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დასაცავად, მათ შორის რუსეთის მოქალაქეების,” - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ, ” პრეზიდენტის დავალებების შესრულება შექმნის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების უფლებების, თავისუფლებების და კანონიერი ინტერესების მრავლმხრივი დაცვის მექანიზმებს”.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივი არის ”აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ინტერესებზე ზრუნვა, მათ შორის იქ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებზე”.
”აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ჩვენი ქმედებები არ ნიშნავს, რომ რუსეთი არჩევანს საქართველოსთან კონფრონტაციის სასარგებლოდ აკეთებს. ჩვენ ყველა იმ სანქციისა და შეზღუდვის მოხსნას ვუჭერთ მხარს, რომელიც ხელს უშლის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ეს დასტურდება საქართველოსთან საჰაერო და საზღვაო მიმოსვლის აღდგენით, კიდევ სხვა ნაბიჯებით, რომელიც დადებით ალტერნატივას უქმნის საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ კურსს,” - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
უწყების თქმით, აფხაზეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება შეესაბამება გაეროს უშიშროების საბჭოს 15 აპრილის რეზოლუციას.
”ყველა ხსენებული ზომის განხორციელება ხელს შეუწყობს უსაფრთხოების და სტაბილურობის გაძლიერებას კავკასიის რეგიონში,” - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მისი განცხადებით, მოუგვარებელმა კონფლიქტებმა ორივე რეგიონში გააუარესა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მდგომარეობა.
”მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს თბილისის ქმედებები, რომელიც იგნორირებას უკეთებს არსებულ მექანიზმებს ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებისთვის, სოციალური პრობლემების მოგვარებისათვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის. საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს სოხუმთან და ცხინვალთან სავალდებულო დოკუმენტების ხელმოწერაზე ძალის არგამოყენებისა და საომარი მოქმედებების განუახლებლობის შესახებ, სხვადასხვა არხებით ზრდის თავის შემტევ შეიარაღებას და ახდენს აგრესიული განზრახვების დემონსტრირებას, კერძოდ, კოდორის ხეობის ზემო ნაწილში, გაეროს რეზოლუციების დარღვევის გზით,” - ნათქვამია განცხადებაში, ”ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების მიერ წამოყენებული ”ახალი სამშვიდობო ინიციატივები” არ შეიძლება აღქმული იქნას სერიოზულად”.