საქართველომ შეცვალა თავისი თავდაპირველი პოზიცია და აღიარა, რომ 20 აპრილს მისი უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდეს აფხაზეთის თავზე.
საქართველოს საჰაერო ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით ნაირაშვილმა 21 აპრილს ”როიტერს” განუცხადა, რომ მზვერავი თვითმფრინავი რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა MIG-29-მ ჩამოაგდო.
საქართველოს საჰაერო ძალებმა ”როიტერს” ვიდეომასალაც მიაწოდეს, რომელიც უპილოტო თვითმფრინავზე დამონტაჟებული კამერითაა გადაღებული და ჩამოგდებამდე გადაცემული.
მასალაში ნაჩვენებია, თუ როგორ ისვრის რუსული საფრენი აპარატი ჭურვს უპილოტო თვითმფრინავის მიმართულებით. რამდენიმე წამში კადრი ქრება. არანაირი საინდეტიფიკაციო ნიშნები არ ჩანს იმ თვითმფრინავზე, რომელმაც ჭურვი ისროლა.
პოლკოვნიკმა ნაირაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქართული სარადარო მონაცემების თანახმად, MIG-29 აფხაზეთის ბაზიდან აფრინდა და ქართული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ რუსეთში გაფრინდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაკა გიგაურმა Civil.Ge-ს განუცხადა, რომ სამინისტრო დღეს მოგვიანებით გეგმავს ამ საკითხზე განცხადების გაკეთებას.
21 აპრილს აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ ჩამოგდებული ქართული თვითმფრინავის ნამსხვრევები უკვე ნაპოვნია. დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილის გარი კუპალბას თქმით, ნამსხვრევების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ეს იყო ისრაელის კომპანია Elbit Systems-ის მიერ 2006 წელს წარმოებული საშუალო ზომის უპილოტო თვითმფრინავი.
მისი თქმით, ანალოგიური თვითმფრინავი აფხაზურმა მხარემ 18 მარტსაც ჩამოაგდო.
კუპალბამ ასევე განაცხადა, რომ დადგენილია საფრენი აპარატის სერიული ნომერი, თუმცა ეს ნომერი არ დაასახელა. მოგვიანებით, რუსულმა ტელევიზიებმა თვითმფრინავის ნამსხვრევების კადრები გაუშვეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა 20 აპრილს უარყო მისი მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი და ამ ცნობას ”დეზინფორმაცია” უწოდა.