Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ აფხაზეთზე რეზოლუცია მიიღო
/ 16 მაი.'08 / 11:53
სივილ ჯორჯია

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 15 მაისს მიიღო საქართველოს მიერ მომზადებული რეზოლუცია , რომელიც აღიარებს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათ შთამომავალთა აფხაზეთში დაბრუნების უფლებას, მიუხედავად მათი ეთნიკურობისა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ამ რეზოლუციის მიღება ”წარმოადგენს ქართული დიპლომატიის კიდევ ერთ თვალსაჩინო წარმატებას, რომელშიც დიდი წვლილი საქართველოს მეგობარ ქვეყნებს მიუძღვით.”

რეზოლუცია 14 ხმით 11 წინააღმდეგ იქნა მიღებული; 105 ქვეყანამ თავი შეიკავა.

რეზოლუცია შეშფოთებას გამოხატავს ”იმ დემოგრაფიული ცვლილებების გამო, რაც აფხაზეთის კონფლიქტმა გამოიწვია” და ასევე  ”იქ კონფლიქტამდე არსებული დემოგრაფიული სიტუაცია შეცვლის” მცდელობების გამო.

ასამბლეამ ხაზი გაუსვა დევნილთა ”დაბრუნების გრაფიკის სწრაფი შემუშავების საჭიროებას, რომელიც უზრუნველყოფს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სწრაფ, ნებაყოფლობით დაბრუნებას თავიანთ სახლებში”.

რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა საკუთრების უფლებების დაცვის მნიშვნელობას და მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს არ დაუშვას მათი რეზიდენტების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე ქონების შეძენა დევნილთა უფლებების დარღვევის გზით.

რეზოლუცია მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივანს დეტალური მოხსენება წარუდგინოს გენერალურ ასამბლეას მომდევნო, 63-ე სხდომაზე რეზოლუციის განხორციელების თაობაზე.

საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ რეზოლუცია არის ქართული დიპლომატიის გარღვევა და სამი მიზეზის გამო მას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

”პირველი ის არის, რომ ტერმინი ”ეთნიკური წმენდა” კვლავ გაჩნდა,” - განუცხადა ალასანიამ რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს, ”რუსეთი ბოლო ათი წლის მანძილზე ამ ტერმინის დასამარებას ცდილობდა. მეორე ის არის, რომ გარდა დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლების აღიარებისა, დოკუმენტში ასევე აისახა მათი ქონების დაცვის უფლებაც. და მესამე არის ის, რომ გაეროს გენერალურ მდივანს დაევალა მოამზადოს მოხსენება ასამბლეის მომდევნო სხდომისთვის იმის თაობაზე, თუ რა კეთდება დევნილთა დაბრუნების კუთხით”.

მიუხედავად იმისა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს არასავალდებულო ხასიათი აქვთ, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ დოკუმენტი მოუწოდებს გაეროს გენერალურ მდივანს რეზოლუციის თაობაზე მოხსენება წარადგინოს, ”ახალ დინამიკაზე მიანიშნებს,” რაც დოკუმენტს არა მხოლოდ დეკლარაციულ, არამედ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა თავის განცხადებაში, რომ  ”რეზოლუციამ გაეროს წევრი ქვეყნებისათვის პოლიტიკურად სავალდებულო დოკუმენტის ძალა შეიძინა”.

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ რეზოლუციამ ძალა შესძინა საქართველოს, რათა ”მყარად დადგეს საერთაშორისო ფრონტზე”. 

”მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, რეალური პროგრესის მიღწევა თავად ქართველებზე და აფხაზებზეა დამოკიდებული და ეს დამოკიდებულია დიალოგზე ჩვენ შორის; ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი,” - დასძინა ალასანიამ, რომელიც 12 მაისს მოულოდნელი ვიზიტით სტუმრობდა სოხუმს.

საქართველოს გარდა, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს ალბანეთმა, აზერბაიჯანმა, ჩეხეთის რესპუბლიკამ, ესტონეთმა, უნგრეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, პოლონეთმა, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, შვედეთმა, უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. 

ხოლო მის წინააღმდეგ მისცეს ხმა სომხეთმა, ბელარუსმა, ჩრდილოეთ კორეამ, ინდოეთმა, ირანმა, მიანმამ, რუსეთმა, სერბეთმა, სუდანმა, სირიამ და ვენესუელამ.

რუსეთის წარმომადგენელმა ილია როგაჩევმა განუცხადა გენერალურ ასამბლეას, რომ ჰუმანიტარული პრობლემის მოგვარებისას, რეზოლუცია ”კონფლიქტის მიმართ პოლიტიკურ მიდგომას” იჩენს.

მისი თქმით, რეზოლუცია ”კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებულ გაეროს საქმიანობის არევას მოახდენს,” რადგანაც დევნილთა დაბრუნების პრობლემა ერთადერთი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია. მან ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტი ამახინჯებს კონფლიქტის რეალურ სურათსმ რაც ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუარესებას გამოიწვევს.

საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ, რომელიც აშშ-ს და რუსეთთან ერთად გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფში შედიან, კენჭისყრისას თავი შეიკავეს.

გერმანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იგი აბსოლუტურად ემხრობა იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა სწრაფ დაბრუნებას, თუმცა თავი შეიკავა, რადგანაც ტექსტში იგნორირებულია ვითარების ბევრი სხვა ასპექტი. საფრანგეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საფრანგეთს არ მიაჩნია, რომ ეს ინიციატივა მიაღწევს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მიზნებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11